ელზა პაპოშვილი
31.08.2015

სულ უფრო აქტიური ხდება საუბარი იმაზე, რომ თბილისელებს "თელასი" დენის გადასახადს სავარაუდოდ 2016 წლიდან გაუძვირებს. სწორედ ამასთან დაკავშირებით, სემეკში 27 აგვისტოს სხდომა გაიმართა, სადაც განხილული იყო თელასის მიერ 2015-2016 წლბში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა.

აღნიშნული კომპონენტის განხილვით დასრულდა სს "თელასის" ტარიფების განხილვაზე მუშაობა. სემეკს ტარიფის დადგენის საბოლოო ვადად კანონმდებლობით 18 დეკემბერი აქვს განსაზღვრული, თუმცა სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ თბილისის მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ახალ ტარიფს სემეკი 3 სექტემბერს დაადგენს.

"დეპარტამენტმა უნდა წარმოადგინოს დადგენილების პროექტი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს კომისია გადაწყვეტილებას. სხდომა ჩანიშნულია 3 სექტემბერს", - განაცხადა სემეკის წევრმა გოჩა შონიამ.

როგორ აისახება ხელისუფლების რეიტინგზე თბილისში დენის გაძვირება? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): "ამასთან დაკავშირებით მთავრობამ განცხადება უკვე გააკეთა, თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ბუნებრივია, დენის გაძვირება იმ პროცესებს გამოიწვევს, რომელიც წარმოებასთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით საცხობებთან.

"დენი ყველა იმ პირველად მოთხოვნილ საგნებთანაა დაკავშირებული, რაც ადამიანს აუცილებლად სჭირდება. დენის გაძვირება ფასების გარკვეულ ზრდას გამოიწვევს. ეს ყველაფერი კი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დააწვება. ვფიქრობ, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილური გახადოს."

 ქეთი ბექაური (იურისტი): "როგორც წესი, პრეტენზიები მთავრობის მისამართით მიდის. ეს გარდაუვალია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მიზეზები მაინც უნდა გაირკვეს და საზოგადოებას სწორად აუხსნან, რატომ ითხოვს "თელასი" ტარიფის გაზრდას. ან თუ სემეკი მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მოსახლეობას ამ გადაწყვეტილების სწორი არგუმენტები უნდა წარმოუდგინონ.

"ჩემი აზრით, მე მაინც არ გავიშვერდი ხელს და არ დავიწყებდი რაღაცების გარკვევას იმ ჯგუფის მიმართ, რასაც სემეკი ჰქვია. საზოგადოებას რომ ამაზე უარყოფითი რეაქცია ექნება, ეს ყველამ კარგად იცის. ხელისუფლების მიმართ მის ოპონენტებს ცხადია ანტიპიარის საუკეთესო საშუალება ექნებათ."

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): "აბსოლუტურად დასაშვებად მიმაჩნია, რომ დენის ტარიფმა მოიმატოს. მაგრამ როგორც კი ამას სემეკი გააკეთებს, ყველაფერი ხელისუფლებას დაბრალდება. ეს ნორმაა, როდესაც შენ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა აიღე, რა თქმა უნდა, ყველაფერი მთავრობას ბრალდება.

"ამიტომაც ეს მათ რეიტინგზე ცუდად აისახება. მითუმეტეს, როდესაც მათი 2012 წლის წინა საარჩევნო დაპირება ის იყო, რომ დენის ტარიფი გაიაფდებოდა. ახლა მოდის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ვფიქრობ, რომ ეს ამ ხელისუფლების ოპონენტების წისქვილზე წყლის დასხმა იქნება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×