ელზა პაპოშვილი
29.08.2015

ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი 27 აგვისტოს გაიხსნა. ცენტრი ოფიციალურად ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოში ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნას რუსეთი გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ის ქვეყნები და პოლიტიკოსები, რომლებსაც თბილისი ნატო-სკენ მიჰყავთ, უნდა აცნობიერებდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას, - ამას, რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვი გამოეხმაურა.

მისი თქმით, მოსკოვი მიიჩნევს, რომ საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა პროვოკაციული ნაბიჯია.

"ჩვენი აზრით, ეს ნაბიჯი ალიანსის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც მიზნად ისახავს მისი გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოებას, რისთვისაც იგი ხშირად იყენებს თავისი პარტნიორი ქვეყნების რესურსებს", - განაცხადა ზახაროვამ. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებსა და თბილისს შორის კავშირების გაღრმავება რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების დაძაბვას გამოიწვევს.

მისივე თქმით, რუსეთი თავის მოვალეობას შეასრულებს და უზრუნველყოფს თავისი მოკავშირეების უსაფრთხოებას.

გამოიწვევს თუ არა ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): "საქართველოს ყველა მოქმედება და პატარა ნაბიჯის გადადგმაც კი რუსეთის ხელისუფლებას გააღიზიანებს. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა ქვეყანამ იმ წარმატებაზე, რასაც ნატოსკენ სწრაფვა ჰქვია, უარი არ უნდა თქვას.

"ძალიან მომწონს თავდაცვის მინისტრის ეს ქმედება და ნატოსკენ სწრაფვა. საქართველოში 2008 წელს ნატოს სასწავლო ცენტრი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია რუსეთმა მაინც მოახდინა.

"ამიტომ ვფიქრობ, რომ მათთვის პატარა მიზეზიც კი საკმარისია, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინონ.

"დაიძაბება თუ არა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეს ნატოზე არ არის დამოკიდებული. ეს მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ რუსეთის ინტერესებზეა დამოკიდებული. ამიტომაც ჩვენმა ქვეყანამ დასახულ მიზანს ყველანაირი წინააღმდეგობის მიუხედავად უნდა მიაღწიოს."

 გია ნოდია (პოლიტოლოგი): "რუსეთთან საქართველოს რომ დაძაბული ურთიერთობა აქვს, ეს ახალი ამბავი არ არის. თუმცა, რამდენად სერიოზული რეაქცია ექნება რუსეთს საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნის შემდეგ - ეს უკვე მისი მხრიდან განხორციელებული სანქციების შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ.

"თუმცა, ზოგადი განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ამას აღიქვამს როგორც პროვოკაციას, ეს არაფერს ნიშნავს. შეიძლება რუსეთმა რაღაცით გამოხატოს მისი ეს უკმაყოფილება, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს მხოლოდ სიტყვებით გამოხატოს."

 ვახტანდ ძაბირაძე (კონსტიტუციონალისტი): "რუსეთი საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრს მე ვფიქრობ მხოლოდ იმისთვის გამოიყენებს, რომ თავის ქვეყანაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩადენილი ქმედებები კიდევ ერთხელ გაამართლოს და თქვას, რომ ის რაც მათ ჩაიდინეს, სწორი გადაწყვეტილება იყო. გამოიყენოს იმისთვისაც, რომ გაზარდოს სამხედრო კონტინგენტი, როგორც აფხაზეთში, ასევე სამხრეთ ოსეთში.

"არ მგონია, რომ პიარის იქით და იდეოლოგიური პროპაგანდის გარდა საქმე უფრო შორს წავიდეს. არც იმას ვვარაუდობ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე ეკონომიკური სანქციები განახორციელოს."

 ირაკლი კაკაბაძე (მწერალი): "მე ვეთანხმები თინა ხიდაშელის პოზიციას, რომ ნატოს ჩვენ უნდა დავუდოთ დედლაინი, რომ ან უნდა მიგვიღონ მომავალ ზაფხულში, ან უნდა გაგვანებონ საერთოდ თავი. ჩვენ უკვე დასავლეთის ინტერესებს ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შევწირეთ. საქართველოს ფარგლებს გარეთ გადავიმტერეთ ყველა, ვისი გადამტერებაც შეიძლებოდა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ რუსეთი ამაზე მეტს ვერც ვერაფერს ვეღარ დაგვიშავებს და მათ ქმედებებს აღარ უნდა დაველოდოთ.

"ისედაც საკმარისად ბევრი ვიწვნიეთ. ამიტომაც საჭირო აღარ არის იმაზე ფიქრი გაღიზიანდება თუ არა რუსეთი ჩვენი ქმედებით. ჩვენ მიერ დასახულ გეგმას უნდა მივყვეთ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×