ლიკა ამირაშვილი
28.08.2015

არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატოს სამიტზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, მიიღებს თუ არა საქართველო მომავალ სამიტზე მაპ-ს.

სტოლტენბერგის თქმით, საქართველომ საჭირო ინსტრუმენტები უკვე მოიპოვა იმისათვის, რომ ნატოს წევრობის გზაზე პროგრესი ჰქონდეს.

"მე ნამდვილად არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეყილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატოს სამიტზე, მაგრამ რაც შემიძლია მოგახსენოთ არის ის, რომ საქართველომ უკვე მოიპოვა საჭირო ინსტრუმენტები, რათა წინ იაროს და წევრობის გზაზე პროგრესი ჰქონდეს.

"პროგრესი აშკარაა, რადგან რეფორმების გზაზე - როგორც პოლიტიკური სისტემის, ისე სასამართლო სისტემის რეფორმირების თვალსაზრისით - მიღწევებია. ამას მივესალმებით და ნამდვილად ენთუზიაზმით გვავსებს, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა რეფორმების გზით მოძრაობის ერთგულია.

"ჩვენ ვხედავთ პროგრესს და ერთად ვზრდით ნატოს საქართველოში: გაგვაჩნია ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, ასევე ნატო-საქართველოს კომისია, არსებითი პაკეტი და დღეს უკვე გეგმაში გვაქვს გავხსნათ წვრთნისა და შეფასების გაერთიანებული ცენტრი, რომელიც გახლავთ უმნიშვნელოვანესი მოვლენა.

"ის გავლენას იქონიებს მთელ ქვეყანაზე და წვლილს შეიტანს რეალური პროგრესის მიღწევაში, რომლისკენაც ერთად მივიწევთ. დღეს უფრო მეტად არის საქართველო ნატოში და ნატო საქართველოში. ეს რეალური პროგრესია და ძალზეც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ეს გახლავთ გზა წევრობისკენ", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

როგორ ფიქრობთ, საქართველო ნატოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნა, ვარშავის სამიტზე მაპის მიღებაში დაგვეხმარება თუ არა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):  ვარშავის სამიტზე მივიღებთ თუ არა მაპს, ძნელი სათქმელია, რა თქმა უნდა, ვექტორი იქითკენაა მიმართული, რომ მაპი მივიღოთ, მაგრამ საბოლოოდ არა მგონია, რომ ეს მოხდეს. ამ მხრივ უფრო ხანგრძლივი გზა გვაქვს გასავლელი.

 

 

 

 ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა ერთ-ერთი ნაბიჯი უნდა იყოს, რომელიც ნატოსთან უფრო მეტად დაგვაახლოებს. ვფიქრობ, ეს მეტად რთული საკითხი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ამას უპასუხოდ არ დატოვებს.

თუმცა მგლის შიშით ცხვარი არავის არ გაუწყვეტია, ამიტომ ვფიქრობ, ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა ისტორიულ აუცილებლობას წარმოადგენდა, რათა ბოლოს და ბოლოს სასურველი მაპი მივიღოთ.

 

 

 რეზო მიშველაძე  (მწერალი):  ვარშავის სამიტზე მაპის მიღება თითქმის გადაწყვეტილია. ამ საცდელი ბაზის გახსნა საქართველოს უსაფრთხოებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არა მარტო ნატოს ისტრუქტორები განლაგდებიან, არამედ ნატოს მცირე სავარჯიშო კონტინგენტიც ჩამოვა. ეს კი რუსეთისთვის შემაკავებელი ძალა იქნება.

 

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი):  მაპს მივიღებთ თუ არა, ეჭვი მეპარება იმიტომ, რომ საქართველოს ნატოსთან დაახლოება რუსეთის გაღიზიანებას ნიშნავს. რუსეთის მხრიდან პროვოკაციის შანსი მეტი იქნება და შეიძლება საომარი ვითარებაც შეიქმნას.

აქედან გამომდინარე მეეჭვება, რომ ნატომ მაპი მოგვცეს. ნატოში უახლოეს წლებში ვერ შევალთ. სამაგიეროდ დაძაბულობა და მიწების მიტაცება კიდევ უფრო მოიმატებს. ამიტომ ვფიქრობ, რუსეთის გაღიზიანება საჭირო არ არის.

ნატო საქართველოს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მას აბსოლუტურად მოწესრიგებული საზღვრები ექნება. ნატოში მიღება იმას ნიშნავს, რომ საქართველომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე უარი უნდა თქვას.

თავდაცვის მინისტრმა გაგვაგებინოს, ნატოში აფხაზეთით და ცხინვალის რეგიონით შევდივართ თუ მათ გარეშე? ჯერ ეს გავარკვიოთ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×