ლიკა ამირაშვილი
26.08.2015

ნატოს მიერ გაფართოებაზე უარის თქმა რუსეთმა აღიქვა, როგორც მწვანე შუქი საქართველოში მოქმედების დასაწყებად, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში" სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, როდესაც ნატომ 2008 წელს უარი თქვა გაფართოებაზე, სწორედ მაშინ დაიწყო ომი.

თინა ხიდაშელმა ასევე ისაუბრა რუსი სამხედროების ე.წ საზღვარზე გადაადგილების და რუსეთიდან მომდინარე საფრთხის შესახებ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა საკუთარ ტერიტორიაზე კიდევ ერთ ომს არ დაუშვებს.

"2009 წელს მსოფლიომ თქვა, კარგი, დავივიწყოთ ყველაფერი და დავიწყოთ ახალი პარტნიორობა. რუსეთი კიდევ ერთხელ აღიარეს პარტნიორად. თუმცა შემდეგ უკრაინის ამბები დაიწყო. ვფიქრობ, თუ აგვისტოს ომის შემდეგ იყო ილუზია, რომ რუსეთი, შესაძლოა, პარტნიორი ყოფილიყო, უკრაინის მოვლენებისა და ომის შემდეგ, აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ რუსეთისგან პარტნიორობა არ არის მოსალოდნელი," - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

გრძნობთ თუ არა რუსეთის მხრიდან მორიგ სამხედრო აგრესიის საფრთხეს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 მიხეილ ღანიშაშვილი  (პოეტი):  რუსეთის მხრიდან საფრთხეს ყოველთვის ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ეს განცდა ახლაც მაქვს. ეს განცდა დღემდე შენარჩუნებულია.

 

 

 

 ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცონდე): რამდენსაც ჩვენ ნატოში გაწევრიანებაზე აღფრთოვანებას გამოვხატავთ, იმდენჯერ ეს საფრთხე შეიქმნება. ამას ვეღარ უნდა მივხვდეთ? ამ საფრთხეს რომ ვგრძნობ, რუსეთი კიდევ უფრო უნდა ვლანძღო? ცოტა ეშმაკურად და ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ.

 

 

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): მგონია, რომ რუსეთს ჩვენთვის არ სცალია. ვფიქრობ, რუსეთის მხრიდან რეალური საფრთხე არ გვემუქრება. ჩვენ ყველა მხრიდან საფრთხე გვაქვს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საფრთხე სიდუხჭირე და სიღატაკეა. არსებობს გარე და შიდა სარფთხეები. მიმაჩნია, რომ შიდა საფრთხეები ისე მატულობს, რომ გარე საფრთხეები გადაწონა.

 

 

 გივი სიხარულიძე  (მწერალი, მომღერალი): ამ თემაზე ლაპარაკი უკვე სამარცხვინო გახდა. 24 საათის განმავლობაში საფრთხის ქვეშ ვართ. მე დავრწმუნდი, რომ ჯარი, თავდაცვა, სამხედრო და თვითმფრინავი არაფერი არ გაგვაჩნია. ჩვენ ერთი გაუბედურებული ქვეყანა ვართ, რომელიც მხოლოდ ღმერთის ანაბარადაა. ნებისმიერი ქვეყანა, რასაც მოინდომებს, იმას გაგვიკეთებს.

 

 

 გია ბუღაძე (ფერმწერი):  საფრთხეს ვგრძნობ და ყოველთვის ვიგრძნობ. ეს სრულიად მოსალოდნელია იმიტომ, რომ რუსეთი ასეთია. რუსეთის მიმართ საფრთხეს მარტო ჩვენ კი არა, ბევრი სხვა ქვეყანაც გრძნობს. რუსეთი ყოველთვის მზადაა წარმოუდგენელ დიდ აგრესიაზე წავიდეს. საფრთხეს, რა თქმა უნდა, ვხედავ და ვგრძნობ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×