სალომე სარიშვილი
25.08.2015

ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ მკვეთრად გაუფასურდა. გუშინ, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3640 ლარი გახდა, შესაბამისად, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3640 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.3336 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ კი 0.0304 ლარი შეადგინა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა - დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.7162 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.6342 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0820 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში არანაირი განცხადება არ გაკეთებულა.

თქვენი აზრით, რითია განპირობებული ლარის გაუფასურება და ვის ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი) "იმ ფონზე, რასაც ქვეყანაში მიმდინარე საფინანსო პროცესებსა და საბანკო მოქმედებას ვაკვირდები, შემიძლია ვთქვა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მიზანმიმართულად ხდება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ეროვნული ბანკის საქმიანობის შესწავლის საკითხი დაისვას. კერძოდ კი, სპეციალური სახელმწიფო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც ეროვნული ბანკისა და მის სათავეში მყოფი გიორგი ქადაგიძის საქმიანობას საფუძვლიანად შეისწავლის.

"ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს? ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გაირკვეს ვისი ბრალეულობა იკვეთება ლარის გაუფასურებაში? არსებობს მოსაზრება, რომ ეს ეროვნული ბანკის მაქინაციებს უკავშირდება, ამიტომ აუცილებელია ამ ნაბიჯის გადადგმა. თუკი ქადაგიძის ბრალეულობა არსად გამოჩნდება - კი, ბატონო, არადა ის აუცილებლად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს."

 თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი):"თუ ქვეყანაში არსებულ მიმდინარე მოვლენებს დავაკვირდებით, აუცილებლად დავრწმუნდებით, რომ საქართველოს წინსვლისთვის არაფერი კეთდება - არ მუშაობს საწარმოები, პროდუქტი მუდმივად ძვირდება, თანდათანობით მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება და ეს ცხადია, ეროვნული ვალუტის გაუფასურებითაა განპირობებული.

"ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ხელისუფლების უუნარობითაა გამოწვეული. მათი რეაგირება კი ამ ყველაფერზე მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი სიტყვებია და სხვა არაფერი. ასე თუ გაგრძელდა, უარესი კრიზისია მოსალოდნელი. არ ვიცი ამ მთავრობას ხმა რისთვის მივეცით, თუკი არაფერს არ აკეთებს."

 ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "ლარის ასეთი ხშირი გაუფასურება, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის უმოქმედობითაა გამოწვეული, ვინაიდან მის სათავეში ისევ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არიან, ისინი კი ქვეყანას საბოტაჟს უწყობენ, სწორედ ამის გამო ხდება ის, რაც ხდება.

"ვფიქრობ, ხელისუფლებამ დროზე უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოაჩინოს ბრჭყალები და ეს ვაჟბატონები იქ მიაბრძანოს, სადაც იმსახურებენ. ეს კი მანამ უნდა გააკეთონ, სანამ ქვეყანაში მასობრივი კრიზისი არ დაწყებულა."

 ნოდარ ნათაძე (ფილოლოგი): "ეს ყველაფერი იმითაა განპირობებული, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე სხვა ბანკების ხელმძღვანელობასთან ერთად შეთანხმებულად მოქმედებს და საქართველოს კოლექტიურად ძარცვავს, თუმცა ეს მხოლოდ ლარის გაუფასურების მცირე მიზეზია. მთავარი კი აქედან ისაა, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად უუნარო და არაფრის მაქნისია. ისინი თითსაც კი არ ანძრევენ იმისთვის, რომ წარმოება აამუშავონ და ეკონომიკა რამენაირად გააძლიერონ. ეროვნული ვალუტის გაუფასურება ხელისუფლების უუნარობითა და ბოროტი ნებითაა გამოწვეული, რაშიც ორი აზრი არ არსებობს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×