თიკო ოსმანოვა
24.08.2015

ნატოს უელსის სამიტზე გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის ფარგლებში მიღებული გადწყვეტილება შესრულებულია - 27 აგვისტოს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივანი იანს სტოლტენბერგიც ეწვევა.

ამ ერთობლივი ცენტრის მიმართ რუსეთის უარყოფითი დამოკიდებულება ცნობილია და შესაბამისად, ოფიციალური თბილისი რუსეთის გაღიზიანების მოლოდინშია. თუმცა, აქვე ამბობენ, რომ სწორად გათვლილ სტრატეგიაზე უარს არ იტყვიან. ექსპერტების ნაწილს კი რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებით არასახარბიელო პროგნოზი აქვს.

"ეს ცენტრი ნატოს და მისი პარტნიორი სახელმწიფოების ეგიდით არის შექმნილი, სადაც წვრთნას გაივლიან სამხედრო მოსამსახურეები. ამაში უჩვეულო არაფერია, იგივე ხდება ყველა პარტნიორ სახელმწიფოში. შესაბამისად, ეს, წესით, რუსეთის გაღიზიანებას არ უნდა იწვევდეს.

"მაგრამ, თუ გავითვალიწინებთ იმას, რომ ახლა მიმდინარეობს გაქანებული ცივი ომი, რომელიც უფრო აგრესიული ფორმით ვითარდება და ამის წყალგამყოფი ხაზი გადის ბალტიის სახელმწიფოებზე, უკრაინასა და საქართველოზე მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის რეაქცია იქნება საკმაოდ აგრესიული", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია.

გაზრდის ეს ცენტრი საქართველოს უსაფრთხოებას, თუ პირიქით, ახალ რისკებს გააჩენს? - ეს კითხვა "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი):  "არ მგონია ამ ორიდან რამე შეიცვალოს. ვფიქრობ დიდად არც საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაიზრდება და არც რაიმე საფრთხე დაგვემუქრება რუსეთის მხრიდან.

"მთლიანობაში სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას ზრდის შიდა მოვლენები. ქვეყანა უნდა იყოს შესაბამისად განვითარებული, რომ ბრძოლისუნარიანი ჯარი ჰყავდეს. საერთოდ ყველაფერი ნელ-ნელა კეთდება, მშენებლობას სიჩქარე არ ახასიათებს."

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორი):  "ამასთან დაკავშირებით ორგვარი პასუხი მაქვს - ერთის მხრივ გაზრდის ჯარის თავდაცვისუნარიანობას, რადგან გვეყოლება გაწვრთნილი ჯარი, მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს პარალელურად გამოიწვევს რუსეთის გაღიზიანებას.

"აქ ცალსახა პასუხი არ არსებობს. ალბათ ეს უნდა განვიხილოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ღრმა კონტექსტში განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში."

 

 გია როინიშვილი (მსახიობი):  "ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა ატლანტიკური ალიანსისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. საერთოდ, ევროკავშირისკენ და ნატოსკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი ამყარებს საქართველოს უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, ეს გაზრდის საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და საერთოდ ქვეყნის უსაფრთხოებას. აქედან გამომდინარე ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია."

 

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე):  "ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა ძალიან მიხარია, წარმატებას ვუსურვებ ყველას, მაგრამ ვფიქრობ ამით რისკები ორმაგდება. ნატოსკენ რამდენადაც წინ მივიწევთ, იმდენად რუსეთი მოიწევს ჩვენსკენ.

"ვფიქრობ, ხელისუფლებამ რაღაც ეშმაკური სვლა უნდა მოიფიქროს, რადგან რუსეთი ყველაფერზეა წამსვლველი და სამაგიეროს აუცილებლად გადაგვიხდის."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×