ვახტანგ შამუგია
22.08.2015

სექტემბრის ბოლოს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ანსამბლეის 70-ე სესიაზე ქართული დელეგაცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით ჩავა. თავის მხრივ, სესიას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც დაესწრება.

რუსი ექსპერტები და პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ნიუ-იორკში შესაძლოა საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა შედგეს.

თქვენი აზრით, შესაძლებლობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს თუ არა ეს შეხვედრა და რა შედეგი ექნება მას? - ეს კითხვა საზოგადოების წარმომადგენლებს დავუსვით.

 ზაზა ხუციშვილი (მუსიკოსი):  "ეს შეხვედრა, თუ რა თქმა უნდა შედგა, შედეგის მომტანი არ იქნება, ალბათ უფრო გაცნობითი ხასიათის იქნება. ამის მიზეზი არის ის, რომ საქართველოს უკვე აქვს არჩეული განვითარების საკუთარი ვექტორი, რომელიც რუსეთისათვის მიუღებელია. შესაბამისად, ჩემი აზრით, პოლიტიკურ თემებზე დიალოგს აზრი არ აქვს. სხვა საქმეა კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბარი, სადაც საერთო ენის გამონახვა ალბათ შეიძლება".

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი):  "ღმერთმა ერთხელ უკვე მისცა ღარიბაშვილს პუტინთან შეხვედრის და საუბრის შანსი, ერთ მაგიდასთან ისხდნენ, მაგრამ ჩვენი პრემიერი მას ზურგით ეჯდა. მე თუ მკითხავთ, პირიქით, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ასეთი შეხვედრებს უნდა ესწრაფვოდეს, რადგანაც ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, აქვს აღებული ვალდებულება, რომ მოაგვაროს სახელმწიფოში არსებული პრობლემები, რაც, გვინდა თუ არა, რუსეთის გარეშე რთული წარმოსადგენია.

"რატომ არ ხდება ამ დრომდე მსგავსი შეხვედრა და რატომ გაურბის მას ამჟამინდელი ხელისუფლება, რთული სათქმელია. ალბათ წინა მთავრობის გავლენის ბრალია, ან კიდევ სხვა რამის.

"რუსეთს სჭირდება ჩვენთან კარგი და ახლო ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ ეს გაცილებით უფრო მეტად გვჭირდება. პირველი ნაბიჯი ჩვენგან უნდა გადაიდგას. ეს პირველი შეხვედრა დიდი არაფერი შედეგის მომტანი იქნება, მაგრამ სანაცვლოდ მოხდება მათი გაცნობა, რაც შემდეგი შეხვედრების წინაპირობა შეიძლება გახდეს."

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი):  "პოლიტიკურ სიბეცედ მიმაჩნია საუბარი იმ თემაზე, რომ ვინმეს პოლიტიკურ საკითხზე არ უნდა დაელაპარაკო. მთავარია ის, თუ როგორ და რაზე დაელაპარაკები, როგორ დაიცავ და წარმოაჩენ შენი მხარის ინტერესებს. რა, პუტინს სხვა ლიდერები არ ხვდებიან?!

"პოლიტიკაში პოლიტიკური დიალოგისა და დიპლომატიის გამორიცხვა სრული უმეცრება და სისულელეა. ეს დიდი ალბათობით, იმ პოლიტიკოსების აგორებული პიარია, რომლებმაც თავის დროზე პუტინთანაც და სხვებთანაც ყველაფერი უკვე დიდი ხნის მოგვარებული აქვთ.

"საუბარია საჭირო, თორემ აბა ამ წართმეულ ტერიტორიებს ჩვენ რომ ძალისმიერი მეთოდებით ვერ დავიბრუნებთ, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება? გვაქვს საამისო რესურსი? ოცდახუთი წელიწადია ვისმენთ მარაზმს, რომ ამ პრობლემის მოგვარება სხვადასხვა ქვეყნებში გამართული დიალოგებით შეიძლება. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება უზრუნველყოს მისი ტერიტორიული მთლიანობა და როდესაც ხვდება, რომ ეს შეუძლებელია ძალისმიერი მეთოდებით, მან ეს უნდა შეძლოს პოლიტიკური გზების გამოყენებით."

 ირმა სოხაძე (მომღერალი): "მე პოლიტიკოსი არ ვარ და მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. თუმცა, მე პირადად ყოველთვის დიალოგის და მშვიდობიანი მოლაპარაკების მომხრე ვარ. რუსეთთან ჩვენ სპეციფიკური ურთიერთობა გვაქვს. რთული სათქმელია დიალოგი რა შედეგს მოიტანს, ამ სანქციებსაც რომ არ აქვს შედეგი, ესეც ჩანს.

"გაბუტვას და ომს დიალოგი რომ ჯობია, ეს ნათელია. ერთხელ თუ არ გამოიღებს შედეგს, მეორედ, მესამედ, მეასედ ხომ გამოიღებს შედეგს?! თუმცა, დიდად მეპარება ეჭვი, რომ ეს შეხვედრა საერთოდ შედგება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×