ლიკა ამირაშვილი
19.08.2015

სექტემბრის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ იორკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ამავე დროს ნიუ იორკში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც მიემგზავრება, ლიტვის პრეზიდენტის მიწვევით. გაეროში პრემიერისა და პრეზიდენტის გამგზავრება აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

გაეროში გამგზავრებასთან დაკავშირებით წამოსული სპეკულაციები აბსოლუტურად გაუგებარია და შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, თუ ვინმეს აქვს სურვილი, წავიდეს ნიუ-იორკში ან სხვა ქვეყანაში, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება.

"გაეროშიც და ნებისმიერ სხვა ადგილზე, სადაც მივდივარ, მივდივარ საქმის გასაკეთებლად და არა - დასათვალიერებლად. პრემიერობამდეც ხშირად ვყოფილვარ ნიუ-იორკში და ეს არ არის ჩემთვის რაღაც განსაკუთრებული მიზეზი, მაგრამ როცა სჭირდება სახელმწიფოს და ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, ყველგან წავალ. თუ ვინმეს აქვს სურვილი, წავიდეს ნიუ-იორკში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ეს მისი გადაწყვეტილებაა. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და რაიმე სხვა სპეკულაციებზე არ მსურს კომენტარის გაკეთება," - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

თქვენი აზრით, ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გასაკეთებელ საქმეს უკეთესად ვინ გააკეთებს - პრემიერი თუ პრეზიდენტი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი):  დღევანდელი კონსტიტუციით ეკონომიკის მართვის სადავეები პრემიერ-მინისტრს უჭირავს, ამიტომ მიმაჩნია, რომ საკითხები, რომელი ქვეყნის მართვას ეხება, პრემიერის პრეროგატივაა. ვფიქრობ, პრემიერი უნდა წავიდეს. თავისთავად ამ საკითხზე დავა რომ არსებობს, ქვეყნისთვის ძალიან ცუდია.

 

 

 

 ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი):  ჩემი აზრით, ამ საქმეს პრემიერი უკეთესად გააკეთებს. კონსტიტუციით ეს ძალაუფლება პრემიერის ხელშია, რომლის მიხედვითაც მან საერთაშორისო არენაზე ქვეყანა უნდა წარადგინოს.

რა თქმა უნდა, კონსტიტუციაში პრეზიდენტის შესახებაცაა, მაგრამ უპირველესად საქართველოში მიმდინარე პროცესების მართვას პრემიერი განაპიროებებს. რამდენი წელია ამ საკითხზე დავა მიმდინარეობს და ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელად მიმაჩნია. ვფიქრობ, ეს აურზაური უპირველეს ყოვლისა "ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს.

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):  როგორც მე კონსტიტუციას ვკითხულობ, ალბათ პრეზიდენტი უნდა წავიდეს, მაგრამ რადგან ქართული ტრადიციული კონკურენცია არსებობს, ამ საკითხის მოსაგვარებლად პრემიერი და პრეზიდენტი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ. ერთი-ერთზე, ყოველგვარი მოწვევის გარეშე, მეგობრულად და კოლეგიალურად უნდა გადაწყვიტონ. ამ ორმა პიროვნებამ თვითონ უნდა გადაწვიტონ, ყოველგვარი კომენტარისა და სასამართლოს გარეშე. ეგღა გვაკლია, ეს საკითხი საკონსტუტიციო სასამართლომ გადაწყვიტოს, რაც სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს.

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): შეიძლება პრეზიდენტმაც კარგად წარმართოს და პრემიერმაც, აქ მთავარი სხვა რამეა. დღემდე ხალხი ვერ გაერკვია, კონსტიტუციურად ვის რა უფლება აქვს. გამიჯნული ხომ უნდა იყოს პრეზიდენტს რა ფუნქციები აქვს და პრემიერს რა. აქედან გამომდინარე ეს დიპლომატიური ნონსენსია. ასეთი რამ ქვეყნის რეპუტაციის დაცემას ნიშნავს.

როდესაც ქვეყნიდან წასვლას ორი დელეგაცია აპირებს, ეს სამარცხვინოდ მიმაჩნია. ვფიქრობ, რომელიმე მხარემ უნდა დათმოს. რამდენი წელია უკვე ერთმანეთს ეჯიბრებიან, რაც საქართველოს ძალიან ცუდ დღეში აგდებს. კანონები უნდა გვქონდეს, სადაც ეწერება, ვის რა საკითხის მოგვარება ეკუთვნის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×