ელზა პაპოშვილი
18.08.2015

ე.წ. კორტების სპეცოპერაციასა და ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში უკანონო ბრძანების შესრულების ბრალდებით დაკავებული 7 რიგითი სპეცრაზმელი მოსამართლემ თავდების სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა, რომელიც სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების, კერძოდ, პატიმრობის შეცვლის შესახებ დაეთანხმა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ვინაიდან ამ საქმეზე დაკითხულია შვიდივე მათგანი და გამოკვლეულია მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი, აღარ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვის, ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და სწორედ ამ მოტივით პროკურატურა დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, კომენტარი გააკეთა ბრალდებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა იაგო სოხაშვილმა, რომლის თქმითაც, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, ჯერჯერობით ვერ დააკონკრეტებს. თუმცა ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ბრალდებულების მიმართ დადგება გამამართლებელი განაჩენი, რადგან არც ერთი მათგანი კორტების სპეცოპერაციის ირგვლივ დამნაშავე არ არის.

ამ დროისათვის ყველა ბრალდებულთან მიმართებაში ძალაში რჩება განზრახ მკვლელობის მუხლი დამამძიმებელ გარემოებაში, რომლის საფუძველზეც 7 სპეცრაზმელი დააკავეს და მიმდინარე წლის 4 თებერვალს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.

სასამართლოს სხდომაზე შუამდგომლობის წაკითხვისას ბრალდებულების ადვოკატმა უშანგი მგელაძემ ერთ-ერთ გარემოებად, რის გამოც მისი დაცვის ქვეშ მყოფები უნდა გათავისუფლდნენ, დაასახელა მათ მიერ სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების მამხილებელი ჩვენებები.

რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):  "მე ვფიქრობ, რომ ძალიან რთული საქმეა. მოსამართლეს საკმაოდ ბევრი დამამტკიცებელი საბუთი სჭირდებოდა ალბათ, რომ ეს პირები პატიმრობაში დაეტოვებინა. ვფიქრობ, პროკურატურასაც სურდა, რომ ისინი გაეთავისუფლებინათ. ალბათ არც არსებობდა იმის საშიშროება, რომ ისინი მოწმეებზე ზეწოლას მოახდენდნენ. მით უმეტეს თუკი სასამართლოსთან თანამშრომლობდნენ, მოსამართლეს მეტი საფუძველი ექნებოდა მათი გათავისუფლების.

"სპეცრაზმელებისაც მესმის, რა უნდა ექნათ, ფიქრს ხომ არ დაიწყებდნენ, კანონიერია თუ არა ბრძანებაო? მათ ხომ არავინ ეკითხებათ იმის გაანალიზებას, ვინ მართალ ბრძანებას იძლევა და ვინ მტყუანს. ასე რომ, ვფიქრობ, მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო."

 გია მურღული (ფილოლოგი): "საქმეს დეტალურად ნამდვილად ვერ იცნობ, თუმცა, როგორც ზოგადად მაქვს ინფორმაცია, აქ უკანონო ბრძანების შესრულებაზე იყო საუბარი. მე არ მგონია, რომ ამის გამო რიგითი სპეცრაზმელები უნდა ისჯებოდნენ, რადგანაც მათ იმის დრო და საშუალება არ აქვთ, ბრძანების მიღებისას ფიქრი დაიწყონ ან გადაამოწმონ, სწორია თუ არა მათი ხელმძღვანელი, როდესაც ოპერაციის ჩატარების ბრძანებას იძლევა. მოსამართლეს ჰქონდა ალბათ იმის საფუძველი, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიეღო."

 

 გია ბუღაშვილი (ფერმწერი): "მოსამართლის მხრიდან ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მორალურად არ ვიცი, რამდენად გამართლებულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოსამართლემ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც თუკი ეს სპეცრაზმელები ბრძანებას არ დაემორჩილებოდნენ, მაშინაც ხომ დაისჯებოდნენ?

"მათი დასჯით, ვფიქრობ, მივიღებთ საკმაოდ ცუდ პრეცედენტს, რადგანაც არ არის გამორიცხული, სხვა სპეცრაზმელების სამსახურებრივ ქმედებაზე მოახდინოს ზეგავლენა. მაშინ ისინიც დაფიქრდებიან - იქნებ ჩვენი ხელმძღვანელი მცდარ ბრძანებას გვაძლევს?"

 იგორ კვესელავა (ისტორიკოსი): "მე ვფიქრობ, რომ არ არის სწორი გადაწყვეტილება, რადგანაც მიმაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სპეცრაზმელები დამნაშავეები არიან. მათ კარგად დაინახეს, რომ მანქანიდან არავინ ისროდა და უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ უკანონო ბრძანება იყო. ამას დიდი მიხვედრა არ უნდოდა. როდესაც ხედავ, რომ საფრთხე არ მოდის, მაგრამ ადამიანების ჩახოცვას გთხოვენ, ნათელია, რომ მკვლელობის მონაწილე ხდები."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×