სალომე სარიშვილი
17.08.2015

"უფლებადამცველთა გაერთიანება", "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია" და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია შეწყალების კომისიის რეფორმირებას ითხოვს.

"აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში თავად შეწყალების კომისიის ხელმძღვანელს და წევრებს ანალოგიური პოციზია აქვთ, რომ გარკვეული ცვლილებებია საჭირო, ვინაიდან ის წესი, რომლითაც ციხეებში შეწყალება ხდება, უკმაყოფილებას იწვევს. არ შეიძლება როდესაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალება ხდება და ნაკლებად მძიმე დანაშაულით მსჯავრდებულები წლები ელოდებიან საკითხის განხილვასაც კი. შეწყალებებს აქვს შემდეგი სარჩული, რომ ეს ხდება პოლიტიკური ნიშნით," - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

მისივე თქმით, შეწყალების კომისიამ თითოეულ პირთან უნდა გაიაროს გარკვეული კონსულტაცია, მოხდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საქმის გამოთხოვა და გადაწყვეტილება დასაბუთებულად უნდა მიიღონ.

უნდა შეიცვალოს თუ არა შეწყალების წესი და უნდა დაკანონდეს თუ არა შესაწყალებელ პირებთან პირადად გასაუბრება? - ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

 ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი):"მივესალმები და სრულად ვიზიარებ არასამთავრობო ორგანიზაციების ამ მოთხოვნას, ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანი პრეზიდენტის მიერ ისეა შეწყალებული, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთ გულმოწყალებას რბილად რომ ვთქვათ, ნამდვილად არ იმსახურებდა. მახსენდება ბევრი ფაქტი, როდესაც ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონდე პატიმარი წლებია ციხეში ზის და მისი შეწყალება აზრადაც კი არავის მოსდის.

"ჩემი აზრით, ამ წესის რეფორმირება აუცილებელიცაა და ამიტომ არასამთავრობოების მოთხოვნას სამართლიანად მივიჩნევ. რაც შეეხება, შესაწყალებელ პირებთან პირადი გასაუბრების დაკანონებას, ეს ძალიან კარგი მიდგომა იქნება, თუკი კომისიაში ფსიქოლოგებსაც გააერთიანებენ, რომლებიც პატიმართა ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დააკვირდებიან და გადაწყვეტილებების მიღებაში ჩაერთვებიან."

 ნიკა ჩიტაძე  (პოლიტოლოგი):"ვფიქრობ, რომ ცალკეულ პატიმრებთან გასაუბრების საფუძველზე კომისიის წევრებს მათი სამართლიანად შეწყალება უფრო გაუადვილდებათ და ამის დაკანონება ცუდი არ იქნება. რაც შეეხება შეწყალების წესის ცვლილებას, ვფიქრობ, რომ აქ მიდგომა და საქმიანობაც გადასახედია, ვინაიდან ხშირად შეწყალება ნაკლებად სამართლიანია. თუმცა დასაწყისისთვის აუცილებელია თავად კონცეფციის შეცვლა, ამის შემდგომ კი წესის ცვლილებაზეც შეიძლება საუბარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ვიანიდან ხშირად განსაკუთრებით მძიმე დამნაშავე და ნაკლებად მძიმე დამნაშავეს შეწყალება ერთ დონეზე არ ეხებათ."

 გელა სიორდია (ადვოკატი)"მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს დაუსაბუთებელი უნდა იყოს. როდესაც მძიმე დანაშაულის მქონე პატიმარს იწყალებენ და სხვას დაწესებულებაში ტოვებენ, ცხადია მას შეკითხვები გაუჩნდება, ამიტომ ამ წესის ცვლილება ძალიან კარგი იქნება.

"რაც შეეხება პატიმრებთან უშუალოდ გასაუბრებას, ესეც აუცილებელი წინაპირობაა, რომ პატიმართა შეწყალება სამართლიანად მოხდეს. პატიმართან გასაუბრება სასჯელის შეცვლის ან შეწყალების დროს ძალიან ბევრ ქვეყანაში წარმატებით მოქმედებს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, ამას მუშაობა და გარკვეული რესურსი სჭირდება.

 ლადო ვარდოსანიძე (ურბანისტი)"თუ ძალიან მძიმე დანაშაულთან საქმე არ გვაქვს, ციხეში ადამიანს საერთოდ არ გავუშვებდი და რაიმე ფინანსურ ჯარიმას დავუწესებდი. ხოლო რაც შეეხება მძიმე დანაშაულს, აქ სასჯელი აუცილებელია.

"თუმცა, ვინაიდან ასეთ პატიმართა რაოდენობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სხვადასხვაგვარია, აუცილებელია მათთან პირადი გასაუბრება და გადაწყვეტილების შემდგომ მიღება. ვფიქრობ, ამ წესის დაკანონება და ზოგადად შეწყალების წესის ცვლილება ძალიან კარგი იქნება, ვინაიდან ეს ბევრი ფაქტორის გამო აუცილებელია."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×