იაგო ნაცვლიშვილი
15.08.2015

ნაფიცმა მსაჯულებმა ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს, ასეთი გადაწყვეტილება 10-მა ნაფიცმა მსაჯულმა ორის წინააღმდეგ მიიღო. თუმცა მათ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაცია გასცეს, რის საფუძველზეც მიხეილ ძაძამიას აღარ დააპატიმრებენ, კობა ხარშილაძე კი პატიმრობაში 24 დეკემბრამდე რჩება.

მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, კობა ხარშილაძეს აღნიშნულ საქმეზე შემსუბუქებული სასჯელი 2 წლისა და 4 თვის ვადით განესაზღვრა, ამნისტიის შედეგად კი, 1 წელი და 9 თვიანი ვადა დარჩა. ძველმა სასჯელმა, რომელიც გრინსერვისის საქმეზე აქვს ხარშილაძეს შეფარდებული, შთანთქა ახლად განსაზღვრული სასჯელი და ხარშილაძეს საბოლოოდ 4 თვის ვადით პატიმრობა განესაზღვრა, რაც ემთხვევა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობის ვადის ამოწურვას, რომელიც მიმდინარე წლის 24 დეკემბერს სრულდება.

მიხეილ ძაძამიას კი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 11 თვე და 41 დღის ვადით პატიმრობა განესაზღვრა. ამნისტირებული მუხლის საფუძველზე მას 8 თვითა და 23 დღით განესაზღვრა პატიმრობა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნა, რომ გირაოს შეფარდებამდე მიხეილ ძაძამიას აღნიშნული ვადა პატიმრობაში გატარებული აქვს, რაც ჩაეთვლება და შესაბამისად, იგი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა. ძაძამიასთვის შეფარდებული გირაო, 2 ათასი ლარის ოდენობით, ერთი თვის ვადაში უნდა დაბრუნდეს.

რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება? - ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

 გია ბუღაძე (ფერმწერი): "ეს ჩემთვის ძალიან რთული თემაა. ზურა ჩემი ახალგაზრდა მეგობარი იყო, ამიტომ ყველა დეტალი რაც მასთან არის დაკავშირებული ძალიან მაღელვებს.

"ამ ბიჭებს - ხარშილაძესა და ძაძამიასაც ვიცნობდი, იმიტომ რომ ზურასთან ძალიან აქტიური ურთიერთობა მქონდა. ჟვანია იყო ძალიან ღია და გახსნილი ადამიანი.

"ამ საქმეზე ძალიან გამიჭირდება კონკრეტული კომენტარის გაკეთება, იმიტომ რომ არ ვიცი მიუძღოდათ თუ არა ამ ბიჭებს დანაშაული. მე მინდა, რომ ზურაბ ჟვანია ისტორიაში შევიდეს, როგორც უმწიკვლო ადამიანი".

 

 გივი სიხარულიძე (მწერალი, მსახიობი): "მე ვფიქრობ, რომ ეს ბიჭები არაფერში დამნაშავე არ არიან. აგიხსნით რატომაც. პრემიერი თავის დაცვას რომ უბრძანებს, შენ არ უნდა გამომყვე, როდესაც ეტყვის რომ თავისუფალია, ამ დროს რა უნდა ქნას იმან?! მიმაჩნია, რომ ეს ბიჭები სულ ტყუილად არიან დაჭერილები.

"მე რომ მკითხოთ, ასეთი სასამართლო არც უნდა ყოფილიყო. გარდაცვლილ ადამიანს არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა. ძალიან უხერხულია, როდესაც გარდაცვლილ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებენ. არა მარტო გარდაცვლილს, არამედ ოჯახსაც. ეს არის ძალიან ცუდი საქციელი. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, სხდომები უნდა ყოფილიყო დახურული, რათა ეს დეტალები, რაზეც იყო საუბარი, არ გამოსულიყო გარეთ".

 მარინა ბერიძე (მუსიკათმცოდნე): "ეს არის საქმე, რომელზეც არ მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია. ამ საქმის მიმდინარეობაში საერთოდ არ ვყოფილვარ ჩართული, ამიტომ გამიჭირდება პასუხის გაცემა. აზრზე არ ვარ, რა ხდებოდა სასამართლოზე.

"სწორად არ მიმაჩნია ის, რომ დაცვაზე აღძრეს საქმე. დაცვა ასრულებს ბრძანებებს, ამიტომ გამართლებულად არ მიმაჩნია როდესაც მას ედავებიან სამსახურებრივ გულგრილობას. რაც უბრძანეს, ის გააკეთეს".

 

 ია ანთაძე (ჟურნალისტი):  "ამ თემაზე კონკრეტული შეფასების გაკეთება ნამდვილად მიჭირს. არ ვიცი არცერთი მოტივი, რის გამოც თქვეს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი იყო გამოტანილი. მოტივის გარეშე როგორ შევაფასო?! უნდა გავიგო, რა გარემოებებით იხელმძღვანელეს ნაფიცმა მსაჯულებმა, რომ ასეთი განაჩენი გამოეტანათ.

"სასამართლო პროცესებს არ დავსწრებივარ. სხვათა შორის, ჟურნალისტებიც ძალიან ცუდად აშუქებდნენ ამ პროცესს. ამიტომ როდესაც არ იცი არსებითი გარემოებები, მაშინ კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×