ლიკა ამირაშვილი
28.07.2015

საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება 2 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრების ღირებულება - 1 000 ლარს, - ასეთი შინაარსის დაზუსტება "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონში შედის. აღნიშნული კანონპროექტი ერთ-ერთია იმ საკანონმდებლო პაკეტში, რომელიც საჯარო სამსახურის რეფორმირებას ისახავს მიზნად.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონის გათვალისწინებით, საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა - 5%-ს, თუ საჩუქრები ერთი წყაროდან არ არის მიღებული.

კანონში დაგეგმილი ცვლილებით კი, შემზღუდველი პროცენტული მაჩვენებელი კონკრეტული თანხით იცვლება, რომელზეც უფრო მაღალი ღირებულების საჩუქრის მიღება საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება.

ამავე ცვლილებებით, იმ პირთა წრე ფართოვდება, რომლებზეც "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მოთხოვნები გავრცელდება.

კერძოდ, საჯარო მოსამსახურედ ჩაითვლება "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონპროექტით გათვალისწინებული პროფესიული საჯარო მოხელე, საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირები, მათ შორის სსიპ-ის ხელმძღვანელი და მოადგილე, ასევე საჯარო დაწესებულებად განისაზღვრება სახელმწიფო და საჯარო სამსახურის განმახორციელებელი დაწესებულებები და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები.

პარლამენტში განსახილველად წარდგენილია "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონპროექტი, რომელიც ცვლილებას 65 სხვადასხვა კანონში იწვევს. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

თქვენი აზრით, ჩინოვნიკებს საჩუქრის მიღება უნდა შეეზღუდოთ, თუ არა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 გიგი თევზაძე  (სოციოლოგი): ვფიქრობ, ასეთი შეზღუდვების დაწესება საჭიროა, იმიტომ, რომ ეს შეზღუდვები თუ არ დაწესდება, მაშინ შეიძლება ბოროტად გამოიყენონ.

 

 

 

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): უკეთესია, რომ უფრო სერიოზულ საკითხს მიხედონ. ეს იმდენად წვრილმანია, რომ განსახილველად არ ღირს. მიმაჩნია, რომ ეს დიდი სისულელეა, კიდევ ერთი სისულელეთაგანი, რითაც ჩვენ ვერთობით, იმის ნაცვლად, რომ ნამდვილი საქმე ვაკეთოთ.

 

 

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ერთი მხრივ, რასაკვირველია, გარკვეული შეზღუდვები უნდა არსებობდეს. თუმცა, შეზღუდვისას მორალური ელემენტები უნდა მოქმედებდეს.

 

 

 

 

 ლაშა ჩხარტიშვილი (დემოკრატიის ინსტიტუტის დამფუძნებელი): საჩუქრის მიღების საკითხი შეიძლება აქტუალური იყოს, მაგრამ პრემიების აღების ფონზე მეათეხარისხოვანია. პრემიებისა და ახლა უკვე სახელფასო დანამატებით წოდებული თემა უფრო აქტუალური რჩება, რაც ძალიან გამაღიზიანებელი და მიუღებელია. მათი პრემიები არანაირ ქამრების შემოჭერის პოლიტიკაში არ ჯდება.

უმაღლესი თანამდებობის პირების უმრავლესი ნაწილი მნიშვნელოვან და სერიოზულ დანამატს იღებს. ამ დროს კი ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონია, მოქალაქეთა უმრავლესობა უმუშევარია.

ხოლო დაბალი რანგის მოხელეები ყოველთვის იჩაგრებიან. უფრო მეტს მუშაობენ, თუმცა, როგორც წესი, სახელფასო დანამატს ან საერთოდ არ იღებენ, ან ძალიან მცირეს იღებენ. მაშინ როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირები მათთან შედარებით 10-20 ჯერ მეტს იღებენ.

ვფიქრობ, შეზღუდვები ამ კუთხითაა საჭირო, იმისათვის, რომ მეტ-ნაკლებად სამართლიანი სისტემა გვქონდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×