ლიკა ამირაშვილი
27.07.2015

კოსოვოს დელეგაციას ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცემა. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს.

"1. "იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის #255 დადგენილების დანართის მე-4 შენიშვნის თანახმად, ქ. თბილისში, ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში (2015 წლის 26 ივლისი - 1 აგვისტო) მონაწილეობასთან დაკავშირებით, 2015 წლის 24 ივლისიდან 2015 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცეთ აღნიშნული ფესტივალის მონაწილე კოსოვოს დელეგაციის წევრებს (სპორტსმენები, მწვრთნელები, ოფიციალური თანმხლები პირები, სამედიცინო და ტექნიკური პერსონალი).

"2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი პროცედურების განხორციელება, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის 2 მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი სიის შესაბამისად", - ნათქვამია განკარგულებაში.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და მათი ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობა არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, სერბეთთან უთიერთობის დაძაბვა და დიპლომატიური სკანდალი გამოიწვიოს. არც ისაა გამორიცხული, რომ სერბეთის ხელისუფლებამ საპასუხო ნაბიჯებს მიმართოს და სერბეთის ტერიტორიაზე გამართულ საერთაშორისო ღონისძიებებზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დელეგაციებს დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით უმასპინძლოს.

უნდა დაეშვათ თუ არა კოსოვოს დელეგაცია თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე):  "საერთოდ, პრინციპული თუ ხარ, ბოლომდე პრინციპული უნდა იყო. აფხაზეთისა და ოსეთის დელეგაცია სადმე რომ წავიდეს, ჩვენ მოგვეწონება? მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება სწორი არ არის. პრინციპულობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია."

 

 

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე):  "მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, იმიტომ, რომ ხელოვნება და სპორტი პოლიტიკის მიღმაა. ძველმა, ახალმაც და მომავალმა მთავრობამაც ეს უნდა გაიგოს.

"საერთოდ, მთელ მსოფლიოში ასეა - ხელოვნება, სპორტი და კულტურა პოლიტიკის მიღმაა. როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა და ასევე ვითომ დემოკრატიულმა ქვეყნებაც ეს ვერ უნდა შეიგნონ?!"

 

 

 

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი):  "ჩემი აზრით, პოლიტიკამ ხანდახან უნდა დათმოს. ეს ახალგაზრდული ღონისძიებაა და ვფიქრობ, ამაში არაფერი პრობლემა არ უნდა იყოს."

 

 

 

 გოგი თორაძე (რეჟისორი):  "ვინაიდან ოლიმპიურმა კომიტეტმა კოსოვს ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება მისცა, მაშინ ასე იყო საჭირო. გასაგებია, რომ ვინმემ აფხაზეთის დელეგაცია რომ მიიღოს, ჩვენც ასეთივე სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ძალიან უხერხული სიტუაციაა, თუმცა, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ."

 

 

 ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი):  "ამ პროცესების მიმართ უარყოფითად ვარ განწყობილი. საქართველოს ხელისუფლებას კოსოვოს დელეგაციისთვის უფლება არ უნდა მიეცა, რომ უვიზოდ შემოსულიყვნენ.

"მართალია, ზოგიერთი ქვეყანა საქართველოს ამას სთხოვდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი გადაწყვეტილების გატანის უნარი უნდა ჰქონდეს. მე დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დაგვიბრუნდება, ამიტომ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×