იაგო ნაცვლიშვილი
25.07.2015

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლებააღკვეთილი 98 პირი შეიწყალა, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრის აკაკი ბობოხიძის ძმა ლევან ბობოხიძე, რომელიც წარსულში ასევე "ნაცმოძრაობის" წევრი იყო. ამ ფაქტმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. უკმაყოფილება გამოხატეს მთავრობაშიც. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტს "ნაციონალური" პრეზიდენტი უწოდა.

"ჩვენი პრეზიდენტი არის ჭეშმარიტად "ნაციონალური" პრეზიდენტი, იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვა "კეთილ ადამიანებსაც" შეიწყალებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტი ნამდვილად ეროვნული პრეზიდენტია და ის შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის დროს არ მოქმედებს პარტიული ნიშნით.

არის თუ არა გიორგი მარგველაშვილი "ნაციონალური" პრეზიდენტი და რა იგულისხმა პრემიერმა ამ სიტყვებში? - ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

 ავთო ვარსიმაშვილი რეჟისორი): "ქალაქში არ ვარ და ნამდვილად არ ვიცი, ვინ შეიწყალა პრეზიდენტმა. არც ის ვიცი, რა დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს აკაკი ბობოხიძის ძმა, ამიტომ კონკრეტული პასუხის გაცემა გამიჭირდება.

"მაგრამ პრეზიდენტი არ არის ერთი კონკრეტული პარტიის პრეზიდენტი, ის არის ქვეყნის პრეზიდენტი, ამიტომ ის გადაწყვეტილებას მოქალაქეებისთვის უნდა იღებდეს და არა რომელიმე პარტიის წევრებისთვის. ამ საკითხების ერთმანეთში აღრევა არ შეიძლება".

 ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი):  "რა თქმა უნდა, იმას ვერ გეტყვით, რა იგულისხმა ღარიბაშვილმა. პოლიტიკაში რა ხდება, არ ვიცი, ამაში მე არ ვერევი, მაგრამ მე მწამს ღარიბაშვილის. ის რამე ისეთს არ იტყოდა, რაც არ იცოდა.

"მე არ ვიცი, ვინ "ნაციონალების" პრეზიდენტია და ვინ - არა, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, მჯერა ირაკლი ღარიბაშვილის. მგონია, რომ აუცილებელია, პრეზიდენტი შეწყალების დროს ითვალისწინებდეს ამა თუ იმ ადამიანს წარსულს, მათ შორის პოლიტიკურ წარსულსაც. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ამ საკითხებით უნდა ინტერესდებოდეს".

 გიგი თევზაძე (სოციოლოგი):  "კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს პრობლემები აქვთ ურთიერთობაში. რა იგულისხმა პრემიერმა - ამას ვერ გეტყვით, მე ვერ ვიქნები მისი სიტყვების განმმარტებელი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ მათ შორის არის კომუნიკაციის სერიოზული პრობლემა.

"შეწყალების დროს პრეზიდენტი პოლიტიკურ ქვეტექსტებს არ უნდა ითვალისწინებდეს. ცხადია, პოლიტიკურ ნაწილს პრეზიდენტი უნდა ითვალისწინებდეს, იმიტომ, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური ფიგურაა, მაგრამ რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევების დროს გადამწყვეტი პოლიტიკური კონიუნქტურა არ უნდა იყოს".

 გია ბუღაძე (ფერმწერი): "პრემიერს ძალიან თამამი გამონათქვამები აქვს. ჩანს, რომ ძალიან ახალგაზრდაა და ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. ადვილად აწებებს ადამიანებს იარლიყებს. პრეზიდენტი მისი გუნდის წევრი არაა?!

"ძალიან სასაცილო თამაშია მათ შორის. ჩემში მწარე ღიმილს იწვევს მათი ურთიერთობა და მათი ჭიდაობა. ეს მაშინ, როდესაც ქვეყანა ტრაგედიამდეა მისული. ხალხი შიმშილის პირასაა. ამის მიუხედავად, მათ ერთმანეთთან ურთიერთობა ვერ გაურკვევიათ და ერთმანეთს ექიშპებიან. სატირალი მდგომარეობა გვაქვს.

"პრეზიდენტი არის ყველას პრეზიდენტი და ის უნდა ხელმძღვანელობდეს რაღაც სამართლებრივი ჩარჩოებით და არა პოლიტიკური კონიუნქტურით. საბოლოოდ ეს გამონათქვამები პრემიერს უკან მიუბრუნდება. პოლიტიკაში მარადიული პერსონები არ არსებობენ. ასე რომ, ფრთხილად უნდა იყოს. ეს თამაში უნდა დასრულდეს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×