იაგო ნაცვლიშვილი
24.07.2015

საქართველოს უმეტეს რეგიონებში ელექტროენერგიის ღირებულება გაიზარდა, ამის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო. "ენერგო-პრო-ჯორჯიას" მომხმარებლებს ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 3.95 თეთრით გაეზარდათ. შეგახსენებთ, რომ ეს კომპანია ელექტროენერგიით მთელ საქარველოს ამარაგებს, თბილისისა და კახეთის გარდა.

მოსალოდნელია, რომ ტარიფი გაიზრდება თბილისშიც, მარეგულირებელ კომისიას ამ მოთხოვნით კომპანია "თელასმა" უკვე მიმართა. კომისიის პასუხი ჯერ უცნობია, თუმცა ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ვარაუდობს, რომ ტარიფი თბილისშიც გაიზრდება.

"მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირება მოხდა. მსოფლიოში დოლარის გამყარებამ ყველა ვალუტასთან, მათ შორის ლართან, გამოიწვია ეს პროცესები. ჩვენდა სამწუხაროდ, გვიხდება ელექტროენერგიის შემოტანა მეზობელი ქვეყნებიდან.

"გრძელვადიან პროცესში რომ კომპანიებმა გამართულად იმუშაონ, არ მოხდეს გათიშვები, ელექტროენერგიის მიწოდება 24-საათიან რეჟიმში ხდებოდეს, ამის გამო მიიღო კომისიამ ეს გადაწყვეტილება. მარეგულირებელი კომისია ანალოგიურად დაითვლის "თელასის" ტარიფებსაც, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ანალოგიურად მოხდება გაზრდა, რადგან შესასყიდი ელექტროენერგია ყველასთვის ერთია", - განაცხადა კახა კალაძემ.

გამართლებულად მიგაჩნიათ თუ არა დენის გაძვირება? - ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

 მიშა მშვილდაძე (პროდიუსერი): "ელექტროენერგიის გაძვირება მოსალოდნელი იყო ლარის კურსის ვარდნისა და ხელისუფლების ულტრამემარცხენე პოლიტიკის ფონზე. ვგულისხმობ იმ პოლიტიკას, რომლის გატარებაც უნდოდა ხელისუფლებას, როდესაც ტარიფების დაკლებას ცდილობდნენ იმის მიუხედავად, რომ ამის რესურსი არ გააჩნდათ. ეს რომ მოხდებოდა, ეს პროგნოზი, სამწუხაროდ, რეალური იყო.

"ცუდია, რომ დოლარი გაძვირდა, რომ პროდუქტიც გაძვირდა, ცუდია, რომ ელეტროენერგიის ტარიფი მატულობს. ეკონომიკური აღმასვლა არაა. ეკონომიკური აღმასვლა რომ იყოს, მაშინ ტარიფის მომატება არაფერზე არ მოახდენდა გავლენას, მაგრამ ამ სიტუაციაში ეს პრობლემებს შექმნის".

 ირმა სოხაძე (მომღერალი): "არ მაქვს საფუძველი, რომ ენერგეტიკის სამინისტროს არგუმენტებში ეჭვი შევიტანო, თუმცა, არც მათი განცხადებების სიზუსტეში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული.

"რაც შეეხება თავად ფაქტს, რა თქმა უნდა, უარყოფითად ვაფასებ იმიტომ, რომ ენერგოტარიფის მატების გამო არავის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, პირიქით - გაუარესდება. მარტივი არითმეტიკაა, რომ ამის შემდეგ მოსახლეობის დიდი ნაწილი კიდევ უფრო გაჭირვებული გახდება. აქედან გამომდინარე, ვერ მივესალმები იმას, რომ რაღაცა ძვირდება.

"მინდა, რომ მთავრობამ ქმედითი გზები დამანახოს იმისათვის, რათა მოსახლეობას ნაკლებად მძიმე ტვირთად დააწვეს ეს. კარგად ვხედავთ, რომ ისედაც ყველაფერი გაძვირდა ქვეყანაში და ხალხს ელექტროენერგიის გაძვირება კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება".

 მარინა ბერიძე (მუსიკათმცოდნე): "რა თქმა უნდა, ცუდია. როგორ შეიძლება ტარიფის გაზრდა დადებითად შევაფასო?! ეს არის ხელისუფლების უნიათობის გამოვლენა და მეტი არაფერი".

 

 

 

 

 

 პაატა შავაძე (იურისტი): "ნებისმიერი მომატება არის ძალიან ცუდი, მაგრამ როგორც ინფორმაცია მაქვს, ძალიან ცუდი სიტუაცია შეიქმნებოდა, თუ ელექტროენერგიის ტარიფის მომატება არ მოხდებოდა. ჩაბნელებულ ქუჩებსა და შევარდნაძის დროინდელ ეპოქას, რა თქმა უნდა, სჯობს ტარიფი იყოს მომატებული. კომპანია თუ ვერ ნახავს სარგებელს, ის დაიხურება. როგორც ვიცი, ხარჯების დაფარვაც კი უჭირდა, ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

"იცით, რომ ბევრი მოქალაქეა, რომლებიც გადამხდელუნარიანები არ არიან. ამიტომ ისევ სახელმწიფო იღებს თავის თავზე სოციალურად დაუცველი ფენის სუბსიდირების თემას".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×