ლიკა ამირაშვილი
23.07.2015

პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ ვახტანგ გომელაურს მხარი დაუჭირა.

ფარული კენჭისყრის დროს პარლამენტის შესაბამის დადგენილების პროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია, რადგან ოპოზიცია კენჭისყრას არ ესწრებოდა.

გომელაური ამ პოსტზე 6 წლის ვადით არის დამტკიცებული. ახალი სტრუქტურა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შს სამინისტროს ორ ნაწილად გაყოფის შედეგად შეიქმნა. აღნიშნული უწყება უსაფრთხოების სამსახურებს აერთიანებს. ის არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის წინაშე.

რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცებამდე, ვახტანგ გომელაურს ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.

როგორ აფასებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსად ვახტანგ გომელაურის დანიშვნას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 გივი სიხარულიძე  (მწერალი, მსახიობი): ჩემი აზრით, ვახტან გომელაურის დანიშვნა დადებით რეზონანს გამოიწვევს, იმიტომ რომ ძალიან მოკრძალებული, დინჯი და ძალიან სერიოზული კაცია. ამის გარდა, დაცვის სისტემაში ძალიან დიდხანს მუშაობდა. მგონია, რომ ძალიან კარგი კანდიდატურა აარჩიეს.

 

 

 

 გოგი თორაძე (რეჟისორი): ვფიქრობ, ამ ადამიანმა ამ თანამდებობაზე ჯერ უნდა იმუშაოს და შემდეგ უნდა შევაფასოთ. უსაფრთხოების სამსახური ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამსახურია, ამიტომ არ ვიცი ამ დარგში რამდენად პროფესიონალია.

 

 

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ვახტანგ გომელაურის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი, ენერგიულია, ცოცხალი ადამიანის იერი აქვს და ვფიქრობ, საქმეს კარგად გაუძღვება. რაც შეეხება, თვითონ სამინისტროს გაყოფას - ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ ყველაფერი ერთ სისტემას არ დაექვემდებარება.

 

 

 

 

 ნანა კაკაბაძე  (უფლებადამცველი): როდესაც თანამდებობის პირს შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის საშუალება არ ეძლევა, ვერც იტყვი ეს კადრი კარგი იყო, თუ ცუდი. მთავარი ის არის, რომ ქვეყანაში შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენების საშუალება ნაკლებია.

ერთი მხრივ, ამას ისიც ემატება, რომ ვინაიდან დღევანდელი ხელისუფლება გამოუცდელია და "ნაციონალური მოძრაობის" პიარსაა აყოლილი. დღევანდელი ხელისუფლება სანამ ამ კომპლექსებისგან არ განთავისუფლდება და არ მიხვდებიან, რომ თავისი პოლიტიკა უნდა გაატარონ, მანამდე ეს ადამიანი შსს, თუ სახელმწიფო უსაფრთხოებას უხელმძღვანელებს, დიდი მნიშვნელობა არ ექნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×