ლიკა ამირაშვილი
22.07.2015

კრემლში ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ დაძაბულობა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც გაამწვავოს, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ განაცხადა. საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენები მან "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან ინტერვიუში შეაფასა.

"გაუგებარია, რატომ სურს კრემლს ამის გაკეთება. საქართველოს მთავრობა რუსეთთან თანამშრომლობას ცდილობს ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით. შესაძლებელია, რომ რუსეთის ძალაუფლების სტრუქტურაში ვიღაცას სჯერა, რომ მოვიდა დრო, გაძლიერდეს ძალისხმევა, რომელიც მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული", - განაცხადა კორტნიმ.

ყოფილი ელჩი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე, რადგან ეს მილსადენი, მისი აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ბაქო-სუფსის მილსადენი. ამასთან, მას იმედი აქვს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ დასავლეთი საქართველოს მეტ დახმარებას აღმოუჩენს.

"ალბათ, მოვიდა დრო, დასავლეთმა დაიწყოს საქართველოსთვის მეტი დახმარების აღმოჩენა მილსადენების მონიტორინგის მიმართულებით. არ არის აუცილებელი, ეს სამხედრო დახმარება იყოს. ამ მიზნის მიღწევა ტექნიკური დახმარებით, მონიტორინგის დახვეწით, დონორების საშუალებით არის შესაძლებელი.

"იმის გამო, რომ დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარს ამბობს, რუსები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ შეუძლიათ საქართველოს მიმართ უფრო აგრესიულები იყვნენ და დასავლეთი არც საქართველოს მიაწოდებს შეიარაღებას. ჩემი აზრით, ამერიკის კონგრესში მალე დაიწყება საუბარი იარაღის მიწოდებაზე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. ეს ძალიან მალე არ მოხდება, მაგრამ რამდენიმე თვეში ეს დებატები დაიწყება", - განაცხადა უილიამ კორტნიმ.

თქვენი აზრით, აშშ-ს მხრიდან იარაღის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხის წინ წამოწევა, რეგიონში სიტუაციის გამწვავებაზე ხომ არ მიანიშნებს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): არც პოლიტოლოგი და არც სამხედრო სფეროში მომუშავე სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ საერთოდ იარაღს ასეთი თვისება აქვს - გასროლა იცის, ამიტომ სიშიშროება არსებობს. რაც მეტი იარაღია, მეტი შანსია, რომ რაღაც საომარი მოქმედებები დაიწყოს, რაც ჩვენ არანაირად არ გვაწყობს.

 

 

 ქეთი ბექაური (იურისტი): იარაღის გადმოცემა ძალიან სერიოზული საკითხია და ღრმა გაანალიზებას საჭიროებს. ამიტომ ჩემი დილეტანტური მოსაზრება არ მგონია, რომ მკითხველისთვის საინტერესო იყოს. თუმცა, როდესაც მშვიდობიან პერიოდში ვცხოვრობთ, თვითონ ტერმინი იარაღის ნებისმიერი სახელმწიფოსთვის გადაცემა, გარკვეულწილად საფრთხის შემცველია. საქართველოს ძალიან ბევრი თვალი უყურებს, არ მგონია, რომ რუსეთს ეს მოეწონოს.

ვფიქრობ, რუსეთი ამაზე თავის რეაგირებას გააკეთებს. ჩემი, როგორც გარედან დამკვირვებლის პოზიცია ასეთია - იარაღის გადმოცემა საფრთხის შემცველი იქნება, ძალიან სენსიტიური თემაა, ამიტომ ჯობს თავდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს მოვუსმინოთ. საინტერესოა, იარაღის გადმოცემა საქართველოს რას მოუტანს.

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): იარაღის გადმოცემა რომ რუსებს გააღიზიანებს, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ამ იარაღით რომ რუსებს ვერ მოვერევით, ესეც გასაგებია. რუსეთთან ჭიდილში იარაღი, გინდ ამერიკამ მიაწოდოს და გინდ საფრანგეთმა, სრული აბსურდია. შესაბამისად, ამით არ მგონია, რუსები შევაშინოთ, ამით მხოლოდ გაღიზინებას გამოვიწვევთ.

რუსების გაღიაზინება შეიძლება მიწების მიტაცემაში გამოიხატოს. საქართველოს მთავრობა რომ ამ იარაღს საბრძოლო კუთხით არ გამოიყენებს, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ თვითონ ეს ფაქტორი რომ რუსებს გააღიზიანებს და შემდეგ პროვოკაციების ერთ-ერთი საბაბი გახდება, ეს ფაქტია.

 ნინო ლაპიაშვილი  (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"): საქართველო და უკრაინის ბედი ერთმანეთზეა დამოკიდებული. საქართველოში მოვლენები ისე განვითარდება, როგორც უკრაინაში. საფრთხე მუდმივად არსებობს, ამაზე ექსპერტები მუდმივად საუბრობენ. საკითხავია, ჩვენი მთავრობა ამაზე როგორ რეაგირებს.

საფრთხეების შესახებ რამდენჯერაც გაჟღერდება, საქართველოს მთავრობა მუდმივად პასუხობს, რომ დათმობისა და კეთილმეზობლურ ფონზე ყველაფერი კარგად არის. რადგან ადგილობრივი და რეგიონული ექსპერტების არ ესმით, ამერიკის ამ განცხადებამ იქნებ გამოაფხიზლოს და ადეკვატური განცხადებები გააკეთონ. ერთია, რომ ქვეყანა გეხმარება, რაც ძალიან კარგია და მეორე ქვეყნის მთავრობას ამ ყველაფერზე როგორი რეაქცია ექნება. არის თუ არა მზად, რომ ასეთი დახმარება მიიღოს და ქვეყნის ინტერესები დაიცვას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×