ლიკა ამირაშვილი
21.07.2015

საქართველომ განსაზღვრა თავისი გზა, როგორც მჭიდროდ ასოცირებულმა პარტნიორმა ევროკავშირთან, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ძლიერია და კიდევ უფრო ვითარდება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"საქართველო რეალური ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ეს არ არის კომპლიმენტი, ეს არის ფაქტი. ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება, რომელიც ჩვენ დავიწყეთ გასულ სექტემბერს, ითამაშებს უმთავრეს როლს ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებაში", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მისი თქმით, აუცილებლად მოხდება პოზიტიური ცვლილებები, რომელიც საქართველოს საზოგადოების სასარგებლოდ იმუშავებს.

"ერთ-ერთი მაგალითი გახლავთ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი. პროგრესი უკვე მიღწეულია და ჩვენ ძალზე ამბიციური დღის წესრიგი დავისახეთ, რათა დავასრულოთ აღნიშნული პროცესი. ჩვენი მოლაპარაკების განმავლობაში განვიხილეთ რთული რეგიონული და საერთაშორისო კონტექსტი.

"ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობის მხარდაჭერას. ჩვენ გვინდა მაქსიმალურად ავამუშაოთ დიპლომატიური ძალისხმევა, რათა მიღწეულ იქნეს გადაწყვეტილება. ხვალ მე ვეწვევი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ადმინისტრაციულ საზღვარს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან, რათა კიდევ ერთხელ შევაფასო სიტუაცია საზღვრის დემარკაციის ნიშნების აღმართვასთან დაკავშირებით.

"ნება მომეცით, ხაზი გავუსვა და კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მე საქართველოში ვიმყოფები იმიტომ, რომ თქვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

თქვენი აზრით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ჩასვლა არსებულ სიტუაციაზე რა ზეგავლენას მოახდენს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გია ბუღაძე  (ფერმწერი): ევროპიდან ასეთი ტიპის ვიზიტები და შემდეგ ადგილზე ჩასვლა, სადაც ეს უბედურება ტრიალებს, აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია. დასავლეთს ამ ჩვენი პრობლემების გამო ბევრად უფრო მეტად უნდა ვაწუხებდეთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავჩუმდეთ.

ერთხელ კი არა, თუ საჭიროა, ასჯერ და ათასჯერ უნდა ჩამოვიყვანოთ, მანამ, სანამ ბოლოს და ბოლოს ჩვენს პრობლემას არ მოვაგვარებთ. სხვა ძალა ჩვენ არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ მთელი ევროპა, დასავლეთი და მთელი ცივილიზებული მსოფლიო შევაწუხოთ. ჩვენ საშინელი რუსული იმპერიისგან უსამართლოდ დაჩაგრული ერი ვართ. ასეთი ჩამოსვლა რაც უფრო მეტი იქნება, ძალიან კარგია.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ჩვენ ძირითადად ევროპული მეგობრების მხარდაჭერაზე ვართ დამოკიდებული. რუსეთის წინაშე რომ მარტო ვიყოთ, ისინი უკვე აქამდე თბილისში იქნებოდნენ. ჩვენ ძირითადად ევროპის მხარდაჭერის ხარისხზე ვართ დამოკიდებულები, ქვეყანას ამით ვინარჩუნებთ.

აქედან გამომდინარე, ევროსაბჭოს პრეზიდენტის ჩამობრძანება და საზღვრისპირა ზონაში მისვლა მძლავრ მხარდაჭერად მიმაჩნია. როგორც ჩანს, ევროპა და არამარტო ევროპა ხელისუფლების არაკონფრონტაციულ კურსს მხარს უჭერს. იმიტომ, რომ კონფრონტაციული კურსი რუსეთის აი იმ სამხედრო ინტერესებში შედის, რომელსაც იარაღისა და ომის გარეშე არსებობა არ შეულია.

 თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): ტუსკის ჩამოსვლამ ძალიან მინდა, რომ რამე გავლენა მოახდინოს. თუმცა, რა ზეგავლენას უნდა ველოდოთ, არ ვიცი. რუსეთი საერთაშორისო ნორმებსა და სამართალს აცდენილი ქვეყანაა. ევროპამ სანქციები სასწრაფოდ უნდა გააძლიეროს, რადგან ეს ქვეყანა მთელ მსოფლიოს ემუქრება, ამის არ დანახვა ძალიან სასაცილოა. ცოტა ხანში პოლონეთს დაემუქრება. რუსეთი სერიოზული დამპყრობელია.

ძალიან მინდა, რომ გავლენა იქონიოს. ევროპიდან თითოეულ გამომსვლელს პირადად მე იმედით შევცქერი. ჩვენთან ძალიან ცნობილი ლიდერი ქალბატონი ვენაში იცვამს, იხურავს და მკურნალობს. თავად რომ თავის ქვეყანას რუსეთს და მის ეკონომიკურ სივრცეს სთავაზობს, მოდი, ჯერ შენს ოჯახსაც შესთავაზე, ე.ი ძლიერი ეკონომიკური სივრცე კარგი ყოფილა? ამ დროს კი ჩვენს საკუთარ ქვეყანას დაბალი ეკონომიკის მქონე დიქტატურულ ქვეყანას სთავაზობ.

 იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): მე პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ 1990 წლიდან განსაკუთრებით შევარდნაძისა, შემდეგ სააკაშვილის პერიოდში და, სამწუხაროდ, ახლაც, ვერავითარი კონკრეტულ ქმედებები ევროპისგან ვერ დავინახე. ჩვენ მხოლოდ დოკუმენტები კი არ გვჭირდება, არამედ რეალური მოქმედებებია საჭირო.

მხოლოდ დოკუმენტის შესწავლა საქმის გადაწყვეტას არ ნიშნავს. შეიძლება ასეთი განცხადება გააკეთო, დაამშვიდო ქართული საზოგადოება, დააიმედო, მაგრამ შემდეგ არაფერი არ გააკეთო. ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობისათვის ეს არის მორიგი დასამშვიდებელი გზავნილი. ჩემი აზრით, რუსეთთან მიმართებაში მის ჩამოსვლას კონკრეტული შედეგები არ მოჰყვება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×