ლიკა ამირაშვილი
20.07.2015

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალები ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დაწყების წინ ცდილობენ სიტუაცია განსაკუთრებით დაძაბონ. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ასეთი პროვოკაციებით ეს ადამიანები ვერაფერს მიაღწევენ. ისეთი ავანტიურისტები, როგორიცაა "თავისუფალი ზონა", ანდრო ბარნოვი და სხვები, არიან ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნეები და ძაბავენ მოსახლეობას.

"ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ მთავრობა აგრძელებს კონსტრუქციულ პოლიტიკას და ამას ხელს ვერავინ შეუშლის. შიდა დესტრუქციული ძალები ვერ შეგვაჩერებენ, რომლებიც განსაკუთრებით ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ძაბავენ სიტუაციას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ერთი მხრივ, მივესალმები ჟურნალისტების მიერ გამოცხადებულ პროტესტს საოკუპაციო ზოლთან, თუმცა გვმართებს თავშეკავება, რათა დაგეგმილ პროვოკაციას არ წამოვეგოთ, - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას ქართული მხარის მიერ საოკუპაციო ხაზთან გადაადგილებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით.

კახა კალაძის თქმით, შეზღუდვები საჭიროა იმისთვის, რომ დაგეგმილ პროვიკაციებს არ წამოვეგოთ.

"ერთი მხრივ, მივესალმები ჟურნალისტების მიერ გამოცხადებულ პროტესტს საოკუპაციო ზოლთან, რადგანაც ჟურნალისტები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და ის წუხილი, რაც თითოეულ ჩვენგანს აქვს, აწუხებს მათაც. თუმცა, არის მეორე მხარეც, უსაფრთხოების მხარე. ამ დროს გვმართებს თავშეკავება, რომ ჩვენ მათ მიერ დაგეგმილ პროვოკაციას არ წამოვეგოთ", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

თქვენი აზრით, საოკუპაციო ზოლთან საპროტესტო აქციები უნდა იმართებოდეს, თუ არა? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს გაცილებით უფრო არასწორხაზოვანი დაპირისპირება ესაჭიროება. ეს სწორხაზოვანი დაპირისპირება, ბანერების გადამტვრევა, მხოლოდ ბავშვური საქციელია. ამით ვერაფერს ვერ მიაღწევენ. პირიქით, ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, რომელიც იქ მცხოვრებ ადამიანებს საშუალებას მისცემს თავიანთი მიწებით ისარგებლონ.

მათი მიწების უმეტესობა საზღვრის იქით მოხვდა, ამიტომ საშუალება უნდა მისცენ, რომ მოსავალი გამოიტანონ. პარალელურად საერთაშორისო და შინაგანი რესურსებით სისტემატური ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს.

 

 ნუგზარ კვაშალი (მომღერალი):  ჩემი აზრით, საპროტესტო აქციები უნდა იმართებოდეს, არამარტო საზღვრებთან, არამედ ყველგან. თუმცა, ისეთი არა, როგორიც ჩატარდა. რაღაცების მომტვრევა და ბანერზე დახტომა, პროვოკაციაა, რომელიც ყველა ვარიანტში ძალიან მძიმე შედეგს გამოიწვევს. ყველაფერი დიპლომატიურად უნდა იმართებოდეს.

მსოფლიომ რუსებს უნდა დაანახოს, რომ ჩვენ გვერდზე არიან. მარტო საქართველო მათ ვერასდროს ვერ გაუმკლავდება. მსოფლიო გვერდით თუ არ დაგვიდგა, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება.

აქციის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ აი ასეთი ქცევის წინააღმდეგი ვარ. რუსეთი ძალიან დიდია, ამიტომ რამდენიმე დიდი ქვეყანა თუ დაგვიდგება გვერდით, რუსებმა შესაძლოა უკან დაიხიონ.

 ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): ჩემი აზრით, საოკუპაციო ზოლთან აქციების გამართვას არავითარი აზრი არ აქვს. ყველამ ისედაც იცის, რომ რუსეთი ოკუპანტია. აქედან გამომდინარე, აქციების გამართვა შედეგს არ გამოიღებს. შემდგომში რუსეთის აგრესია შეიძლება ისეთი სახით გამოვლინდეს, რომ უფრო ძვირად დაგვიჯდეს. 1990 წლიდან დღემდე საქართველოსა და რუსეთს შორის გამუდმებული დაპირისპირებაა. ამ დაპირისპირებაში კი მხოლოდ ჩვენ ვართ წაგებულები. თითქმის ყოველწლიურად მიწებს ვკარგავთ. ვფიქრობ, რუსეთთან ეს დეგრადირებული დაპირისპირებული პოლიტიკა უნდა შევცვალოთ და ეს არაფრის მომტანი აქციები შევწყვიტოთ.

 რეზო მიშველაძე (მწერალი): აქციები საოკუპაციო ზოლთან აუცილებლად უნდა იმართებოდეს. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ საქართველოს მიმართ რუსეთი აშკარა დამპყრობლურ პოლიტიკას აწარმოებს. თუმცა ამ საპროტესტო მოცულობას მასშტაბური ხასიათი უნდა ჰქონდეს, ისე კი არა, რომ ადამიანთა პატარა ჯგუფი მივიდეს და პროტესტი განაცხადოს, არამედ უცხოეთის საელჩოებს უნდა შეატყობინონ და ადგილზე ჩაიყვანონ.

საუკუპაციო ზოლთან მუდმივმოქმედი აქცია უნდა გაიმართოს, იმისათვის, რომ ყველამ დაინახოს რუსეთის მიერ ჩადენილი ანექსია. ჩვენს უბედურებას დასავლეთი სერიოზულ უბედურებად არ მიიჩნევს. ამიტომ ბოლოდროინდელი აღმაშფოთებელი ანექსიის აქტი, არც გაერომ არ განიხილა და არც ევროკავშირი სპეციალური რეზოლუციით არ გამოხმაურებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×