ლიკა ამირაშვილი
18.07.2015

რამდენიმე დღის წინ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არსებული დე ფაქტო საზღვრის ხაზი რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწიეს და საზღვრის აღმნიშვნელი ბანერიც დაამაგრეს.

მოელით თუ არა საზღვრის კიდევ გადმოწევას ქართული სოფლების ან სტრატეგიული ობიექტების მიმართულებით? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): არვიცი, საზღვარს კიდევ გადმოწევენ თუ არა, მაგრამ რუსები რომ არ მოისვენებენ, ეგ ვიცი. რუსებს რაღაცის გამო ჩვენი დასჯა რომ უნდათ, ეგ ვიცი. საზღვარს ან კიდევ გადმოწევენ, ან კიდევ რაღაც პროვოკაციას მოაწყობენ, მოკლედ არ მოისვენებენ. ჩვენ ეშმაკობა თუ არ ვიხმარეთ, არაფერი არ გამოვა. ჭკუა მაგაზე მეტი გვაქვს, მაგრამ ეშმაკობა უნდა ვიხმაროთ.

 

 გივი სიხარულიძე  (მწერალი, მსახიობი): ასეთი გამონათქვამი არსებობს "უპატრონო ეკლესიას ეშმაკები შეესიაო". გამოდის, რომ უპატრონო ქვეყანა ვართ. პატრონი იმას კი არ ნიშნავს, სახელმწიფოს პატრონი არ ჰყავდეს, არა - მსოფლიომ გვაქცია ზურგი და სრულიად მარტოდმარტო დავრჩით. ჩვენ ბედნიერები ვიყავით იმით, რომ დამოუკიდებლები გავხდით, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ყველასგან დაკიდებულები ვართ, რადგან არავინ ჩვენი პატრონი არ არის. ამიტომ, მომავალში შეიძლება საზღვარიც გადმოწიონ და რუსეთის ჯარი თბილისშიც კი შემოვიდეს.

 ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი): პოლიტიკაში ჩახედული არ ვარ და არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ რომ გადმოწიონ, ხელს რა შეუშლის? ძალიან ადვილი შესაძლებელია, რომ საზღვარი გადმოწიონ. ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე ყველაფერს აკეთებს, როგორმე რაღაც უბედურება მალე მოხდეს. 300-კილოიანი დათვი ბრძოლაში რომ გამოიწვიო, მომერიოს და გამიკვირდეს, ასე ხომ არ შეიძლება. მე შედეგი მაინტერესებს, ეს ყველაფერი რას მოიტანს. მეგობარ ქვეყნებს რომ ვეძახით და გვმტრობენ, ეგ მიკვირს.

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე):  ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ როგორმე გამოგვიწვიონ და გაგვასროლინონ. ჩვენს ხელისუფლებას თუ იმდენი ჭკუა არ ეყოფა, რომ ამ ნერვების ომში ჩაებას, რა თქმა უნდა, წავაგებთ. ამ შემთხვევაში მგონია, რომ ძალიან სწორადაც იქცევიან. მე მოვისმინე ევროსაბჭოს ერთ-ერთი წევრის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ძალიან კარგად იქცევიან ქართველები, პროვოკაციას რომ არ აჰყვნენო. პროვოკაციაზე აყოლა ნამდვილად არ შეიძლება. თუ იმაზეა საუბარი, რომ საქართველოს მთავრობას ამაზე რეაგირება არ აქვს, სიცრუეა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რეაქციის გაკეთება ის არის, გავისროლოთ და რაღაც უბედურება მოხდეს... ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი ქმედება დიპლომატიური პასუხებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×