ელზა პაპოშვილი
16.07.2015

საოკუპაციო ხაზის საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევის კვალდაკვალ, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლება გააზრებული გეგმით მოქმედებს. ოპონენტები თვლიან, რომ დაშვებულია შეცდომები საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზების ჭრილში და რომ იმთავითვე გაუმართლებელი იყო რუსეთთან დათბობის პოლიტიკა.

რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ მცოცავი ანექსიის წინააღმდეგ? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

 ქეთი ბექაური (ადვოკატი): ვფიქრობ ჯერ უნდა დადგინდეს, რუსეთის ეს ქმედება რა მიზანს ემსახურება. ვფიქრობ ხელისუფლება სწორად იქცევა და ცდილობს, მაქსიმალურად მშვიდად უაპსუხოს. მგონია, რომ ეს სწორი ქმედებაა. არ შეიძლება აგრესიას აგრესიით ვუპასუხოთ. აუცილებელია რუსეთთან დიალოგი. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ომის მდგომარეობაში ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩავდგებით. როგორც ვხედავთ, ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაქცია ამ პრობლემის მიმართ არის.

 

 ედიშერ გვენეტაძე (მეცნიერებათა დოქტორი):  ჩემი აზრით, ეს ურთულესი პრობლემაა, რომლის მოგვარებაც ასე ადვილი არ არის. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ საქმე ვისთან გვაქვს. ეს არის მსოფლიოს გადანაწილების შედეგი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. ლოგიკურია, ეს ჩვენს ქვეყანასაც ეხება.

აქედან გამომდინარე, საქართველო არ მიდის რუსული ინტერესების პოლიტიკის გატარებაზე, რაზეც ეს ქვეყანა ასე რეაგირებს. ვფიქრობ, ხელისუფლება ნამდვილად სწორად და ადეკვატურად მოქმედებს. ამიტომ, მე მაგალითად ვფიქრობ, რომ რუსეთთან დალაპარაკება ყველა მიზეზის გარეშე აუცილებელია, რადგან ტერიტორიული მთლიანობა ამ ქვეყნის გარეშე ვერ გადაწყდება. ჩვენი მთავრობა სხვანაირად ვერ მოიქცევა. ამ აგრესიას სწორადაც რომ მშვიდად უნდა შეხვდეს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ომი და დესტაბილიზაცია თავიდან იქნას აცილებული.

 გია ბუღაძე  (ფერმწერი): მე ვფიქრობ, რომ რუსეთის მცოცავ ანექსიაზე ჩვენი ხელისუფლება ძალიან არაადეკვატურად რეაგირებს. არასწორ პოლიტიკას ახორციელებს. ასეთი ქმედება არაფერი კარგის მომტანი არ არის. მე არ ვამბობ, რომ რუსეთთან ომი დავიწყოთ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან უნდა ვიხმაუროთ და ჩვენი საელჩოები დასავლეთსა და ევროპაში განგაშის ზარს უნდა სცემდნენ. პირდაპირი გაგებით ამ საქმესთან დაკავშირებით მსოფლიოს უნდა აწუხებდნენ. ჩვენი გადარჩენა ევროპისა და დასავლეთის მაქსიმალური ინფორმირებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთთან მარტონი დავრჩებით და ვერაფერი ვეღარ გვიშველის.

 იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება პრობლემის ადეკვატურ პოლიტიკას აწარმოებს. სხვანაირად რუსეთთან ჩვენ ვერაფერს გავხდებით. ქვეყანამ 2008 წლის ომით უკვე საკმაოდ კარგი გაკვეთილი მიიღო. კარგია, რომ პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და თვლის, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად დიალოგია საჭირო. ამასთანავე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობაც საჭიროა. რასაც ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება ძალიან კარგად აკეთებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×