ლიკა ამირაშვილი
01.07.2015

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მარიხუანას მოხმარების სრულ დეკრიმინალიზაციას მხარს არ უჭერს, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ ქმედებისთვის სანქციის ზომად პატიმრობა არ უნდა იყოს გამოყენებული.

კომიტეტმა, ხმათა უმრავლესობით, დეპუტატ გოგა ხაჩიძის პროექტის ალტერნატიულ წინადადებას დაუჭირა მხარი, რომლის მიხედვით, მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში, სისხლის სამართლის ზომად დარჩება მხოლოდ ჯარიმა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ხოლო "სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა გაუქმდება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანაფის (ზეთი, ფისი, ნაყენი, მცენარე), მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი) მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ან ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, არ უნდა იწვევდეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მისი განმეორებით ჩადენის შემთხვევაშიც, რადგან აღნიშნული ქმედება სისხლისსამართლებრივად საშიში არ არის.

გარდა ამისა, დეპუტატმა კანონმდებლებს შესთავაზა მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის შემცირება 500 ლარიდან 100 ლარამდე, ხოლო განმეორებით შემთხვევაში - 300 ლარამდე, ასევე 15-დღიანი ადმინისტრაციული დაკავების გაუქმება. კომიტეტმა ფულადი ჯარიმის შემცირების ნაწილში ხაჩიძის შეთავაზება გაიზიარა.

ემხრობით თუ არა, მარიხუანის მოხმარებისას თავისუფლების აღკვეთის გაუქმებას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ნოდარ ნათაძე  (ფილოლოგი): ეს ძალიან პროფესიონალური საკითხია, მაგრამ მე პირადად მომხრე ვარ, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლაში ყველაზე მკაცრი მეთოდები გამოიყენონ. ერთი მხრივ, იძულებითი მკურნალობა და, მეორე მხრივ, ნარკოვმოვაჭრეებისთვის უმკაცრესი სასჯელი. როდესაც კაცს სასიკვდილო დაავადება სჭირს, იმ ბაქტერიას ყველა საშუალებით ებრძვის. ამ მოვლენასაც ყველა საშუალებით უნდა ვებრძოლოთ.

 

 ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): ამ საკითხთან ჩემი დამოკიდებულება ასეთია - ჩვენი ქვეყანა ისეთი ქვეყანაა, სადაც მოსახლეობის უმეტესობა და განსაკუთრებით ახალგაზრდობა უმუშევარია. ამ საკითხის მიმართ აბსოლუტურად ძალიან ფაქიზი მიდგომაა საჭირო.

ოქროს შუალედი უნდა მოვნახოთ, არც სასტიკი სასჯელი და არც თავისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია ძალიან ცუდად წარიმართება, ვინაიდან ახალგაზრდობამ შეიძლება მარიხუანის მოხმარება დაიწყოს. ამიტომ ეს არის ძალიან დასაფიქრებელი.

საკითხის სირთულიდან გამომდინარე, ჩემი მკვეთრად გამოხატული პოზიცია, ვფიქრობ, მაგრამ ვერ გამოვიმუშავე.

 ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): ეს ყველაფერი ერთჯერადი ღონისძიება არ უნდა იყოს. ამ ყველაფერს გათვითცნობიერების კუთხით ძალიან დიდი კამპანია უნდა უსწრებდეს. ჯარიმა კი არ უნდა იყოს, არამედ მკურნალობა. თუ ვთვლით, რომ ეს ნორმალური არ არის, ჯარიმის მაგივრად იძულებითი მკურნალობა უნდა დანიშნონ. არსებობს მთელი რიგი პროფესიები - პედაგოგი, სამხედრო მფრინავი, პოლიციელი, მოსამართლე, სადაც ნარკოტიკების გამოყენება დაუშვებელია. შეიძლება, რომ ლექტორმა და სტუდენტმა მარიხუანა ერთად მოწიონ? ეს ხალხი არის ავადმყოფი, ციხე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. საჭიროა მკურნალობა იძულებითი, როგორც კომუნისტების დროს იყო.

 ქეთი ბექაური (იურისტი): მარიხუანის მთლიანად დეკრიმინალიზაციას ალბათ მხარს ვერ დავუჭერ, იმიტომ, რომ ქვეყანაში არსებული ფონი ძალიან მძიმეა. ახალგაზრდების ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება გენოფონდის განვითარებაზე ძალიან ცუდად აისახება. ყველაფერი გასათვალისწინებელია, ამიტომ აქ ფსიქოლოგები და დარგის სპეციალისტები უნდა ჩაერთონ.

ძალიან სენსიტიური თემაა და ალბათ ყველა დარგობრივი სპეციალისტის აზრი უნდა იქნეს გათვალისწინებული. თუმცა ერთს აუცილებად დაგიდასტურებთ, რომ ერთნაირი სიმკაცრით არ უნდა დაისაჯოს ის, ვინც მოიხმარს და ის, ვინც რეალიზაციას უკეთებს.

ალბათ ამაშიც კანონმდებლები ჩამოყალიბდებიან. ზოგადად ლიბერალიზაციის მომხრე ვარ, არც ერთ შემთხვევაში გამკაცრებას მხარს არ დავუჭერდი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×