ლიკა ამირაშვილი
30.06.2015

თბილისის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭებას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

საკითხი დღეს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შევა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭებაზე დეპუტატები იმსჯელებენ.

განათლებისა და კულტურის, ასევე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიების გაფართოებულ სხდომაზე ამ საკითხის განხილვამ დეპუტატებს შორის პოლემიკა გამოიწვია. საკითხს მხარი უმრავლესობის დეპუტატებმა დაუჭირეს, ოპოზიციონერ დეპუტატებს კი განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ. სხდომას განათლების კომისიასთან არსებული სათათბიროს წევრებიც ესწრებოდნენ, რომლის შემადგენლობაშიც საზოგადოების წარმომადგენლები შედიან.

კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების ინციატივით გამოვიდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელის უგულებელყოფას უგრეხელიძე ანტიეროვნულ ქმედებად მიიჩნევს. განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ რუსთაველი მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაა და ყველა ქართველს აერთიანებს. მისივე თქმით, აეროპორტის სახელი არ უნდა განასახიერებდეს "გახლეჩილ საქართველოს".

ეთანხმებით თუ არა, რომ თბილისის აეროპორტს შოთა რუსთველის სახელი მიენიჭოს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გიორგი შენგელაია (რეჟისორი): თბილისის აეროპორტისთვის ამაზე კარგ დასახელებას ვერ ვხედავ. ვფიქრობ, შოთა რუსთველის სახელს თუ მიანიჭებენ, ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება.

 

 

 

 

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): ქართველებს შოთა რუსთველზე უფრო სასახელო პიროვნება არ გვყავს. ამიტომ საქართველოს კარიბჭეს შოთა რუსთაველის სახელი უნდა დაერქვას.

 

 

 

 

 გია ბუღაძე  (ფერმწერი): ვფიქრობ, ასეთ სერიოზულ სიტუაციაში უფრო სერიოზული საქმეებია განსახილვეველი. თუმცა, აეროპორტს სახელს თუ დაარქმევენ, გამიხარდება. ერთი ასეთი პიროვნებაა ქართველიშვილი გიორგი, რომელიც პირველი ქართველი მფრინავია და მისი სახელიც კარგი იქნებოდა. თუმცა შოთა რუსთველიც ცუდი არ არის, რადგან ჩვენი საერთაშორისო სახელი და დიდებაა.

 

 

 ლაშა ჩხარტიშვილი  (უფლებადამცველი): მე მაინც ვფიქრობ, რომ კუკავას მიერ გაზიარებული ინიციატივა ზვიად გამსახურდიას სახელობის მინიჭების შესახებ უფრო ადეკვატური იქნებოდა. მაგალითად, აშშ-ში პრეზიდენტის სახელობის აეროპორტი არის, რომელიც ასევე ტრაგიკულად დაიღუპა. ვფიქრობ, ეს უფრო სწორი იქნებოდა, იმიტომ, რომ შოთა რუსთაველი ისედაც ძალიან ცნობილია მთელ მსოფლიოში. რუსთაველმა მსოფლიოში თავისი ადგილი ისედაც დაიმკვიდრა.

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა თბილისის აეროპორტი რუსთაველის სახელობის გახდეს, თუმცა დავით აღმაშენებელიც მომწონდა. ვფიქრობ, კონკრეტულად ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას გამოკითხვა უნდა ჩაატარონ.

რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი არსებობს, ზვიად გამსახურდია, შოთა რუსთველის სახელი და მე პირადად დავით აღმაშენებლის სახელსაც დავამატებდი. ეს ისეთი საკითხია, რომ უმრავლესობის აზრი უნდა გაითვალისწინონ. როგორც ევროპაში და განვითარებულ ქვეყანაშია მიღებული, უმრავლესობის აზრს პატივი უნდა სცენ. თუმცა ამ სახელზეც უარს არ ვიტყოდი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×