ლიკა ამირაშვილი
29.06.2015

გუშინ "ლაგუნა ვერესთან" არსებულ გვირაბში მაშველებმა სტიქიის დროს დაზიანებული კიდევ ერთი მანქანა იპოვეს. ოფიციალური მონაცემებით, მთავარმა პროკურატურამ სტიქიის შემდეგ 130-ზე მეტი დაზიანებული მანქანა აღრიცხა და მათი მდგომარეობა შეისწავლა. მათგან დაუზღვეველი, სავარაუდოდ, 40-მდე მანქანაა.

დაზღვეულ მანქანებს სადაზღვევო კომპანიები აანაზღაურებენ. რა ბედი ეწევათ დაუზღვეველ მანქანებს - ეს საკითხი ჯერ დღის წესრიგში არ დგას.

უნდა აუნაზღაუროს თუ არა სახელმწიფომ ზარალი წყალდიდობისას დაზარალებულ ავტომფლობელებს? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 მარინა ბერიძე  (მუსიკათმცდონე): "ვფიქრობ, სტიქიის დროს დაზიანებული მანქანები, რომლებიც დაზღვეული არ იყო, აუცილებლად უნდა აუნაზღაურდეთ, იმიტომ, რომ ეს მათი ბრალი არ იყო."

 

 

 

 გოგი თორაძე (რეჟისორი): "რა თქმა უნდა, დაზარალებულ ადამიანებს უნდა აუნაზღაურონ. მხოლოდ მანქანები კი არა, ყველაფერი უნდა აუნაზღაურდეს. წარმოიდგინეთ, რა ძნელია ცხოვრების ნულიდან დაწყება."

 

 

 

 გია მურღულია (ფილოლოგი): "მანქანა დაზღვეული თუ არ არის, სახელმწიფომ რატომ უნდა აანაზღაუროს? ქვეყანაში შეიძლება ბევრი რამ მოხდეს და სახელმწიფო ყველაფერს ხომ არ აანაზღაურებს?! მანქანების ანაზღაურება მხოლოდ მისი კეთილი ნება შეიძლება იყოს."

 

 

 

  მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "ნორმალურ ქვეყანაში მთავრობა დაზარალებულ ადამიანებს უნდა ეხმარებოდეს, იმიტომ, რომ ადამიანს მოუვიდა ის, რასაც თვითონ არ ფიქრობდა და მისი ბრალი არ არის. ასეთ შემთხვევაში დახმარების ფონდი უნდა არსებობდეს. რა უნდა ქნან ამ ადმიანებმა, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ?

"საკითხავია, ჩვენი მთავრობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მიმაჩნია, რომ ახლა მათთვის საუკეთესო პერიოდია, რომ მთავრობამ დაზარალებულ მოქალაქეებს მაქსიმალურად დახმარების ხელი გაუწოდოს."

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):  "საერთოდ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, როდესაც ასეთი უკიდურესი გაჭირვება არსებობს, უნდა აუნაზღაურდეთ. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანისათვის მანქანა შემოსავლის წყარო იყო.

"ამჯერად სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს და, რა თქმა უნდა, უნდა აუნაზღაურდეს. ჩვენ რომ ახლა დალაგებული ქვეყანა ვიყოთ, სადაც მაღალი პენსია და ხელფასებია, ეტყვი, რომ დაზღვეული თუ არ არის, ჩვენ რა შუაში ვართო. მაგრამ ამ შემთხვევაში და ამ სიტუაციაში, ვფიქრობ, უნდა ანაზღაურდეს."

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): "პრინციპში, რადგან სახელმწიფოს მოვალეობა იყო, რომ ეს ყველაფერი არ დაეშვა... გასაგებია, რომ სტიქიაა და ზოგჯერ გაუთვალისწინებელი რაღაცები ხდება, მაგრამ ამ უბედურებაში ადამიანური ფაქტორიც ხომ არსებობდა, მაგალითად, ამ გზის გაკეთება. სახელწიფო ვალდებულია, დაზარალებულს ზარალი აუნაზღაუროს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×