სალომე სარიშვილი
27.06.2015

საერთაშორისო მშენებელთა ასოციაციამ და საქართველოს ბიზნეს პალატამ პროექტი შეიმუშავეს, რომელიც ვერეს ხეობაში "ქართული მანჰეტენის" მოწყობას გულისხმობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ დარგის ექსპერტების შეხვედრაც გაიმართა.

როგორც ჟურნალისტებს ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა, ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ განუცხადა, მდინარე ვერემ ნგრევა დაამთავრა და ახლა უნდა დაიწყოს მშენებლობა.

"ჩვენ მოვიწვიეთ უცხოელები, დავიწყეთ კვლევა იმ პრობლემის, რაც ვერეს ხეობაშია. გვაქვს ალტერნატიული პროექტი. ამ პროექტის არსი იმაშია, რომ თბილისში პატარა, ლამაზი მანჰეტენი შევქმნათ, თავისი რეკრეაციული ზონით, დამბით, წყლის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებით", - აღნიშნა ჯგერენაიამ.

მისივე თქმით, როგორც სპეციალისტები ამბობენ, დამბის აშენების შემთხვევაში აბსოლუტურად შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება.

"დამბა იქნება იმის გარანტორი, რომ მსგავსი არასდროს განმეორდება თბილისში. პროექტი "მანჰეტენი" გულისხმობს სარეკრეაციო ზონის აღდგენას, პარკის გაშენებას თავისი სპორტული მოედნებით, სასტუმროებით, ბიზნესცენტრებით და კორპუსების განთავსებას", - განაცხადა ჯგერენაიამ.

რაც შეეხება იმას, როდის წარუდგენენ ამას მთავრობას, როგორც ჯგერენაიამ აღნიშნა, მთავრობას გარკვეული სიგნალი უკვე მისცეს.

"მთავრობას სიგნალი მივეცით. რამდენიმე მინისტრს უკვე ველაპარაკეთ. უახლოეს დღეებში მათგან ველოდებით პასუხს. მერიასთან იდეის დონეზე უკვე გვქონდა პრეზენტაცია", - დასძინა მან.

უნდა მოეწყოს თუ არა ვერეს ხეობაში "ქართული მანჰეტენი"? - ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

 ნიკა ჩიტაძე  (პოლიტოლოგი):"საამისოდ შესაბამისი ბიზნეს გეგმა უნდა იყოს წარმოდგენილი, თუ რა დაჯდება ეს პროექტი. ამასთანავე მაკეტი თუ როგორი იქნება ჯამში პროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰაერზე ასე ლაპარაკი წარმოუდგენელი და დაუშვებელია. როგორც ვიცი, ამის შესახებ განცხადება მეწარმეთა ჯგუფმა გააკეთა, ალბათ ეს ყურადღების მისაქცევად მოხდა. ამ ადგილას "მანჰეტენის" გაკეთება ძალიან რთული იქნება, მითუმეტეს რომ სტიქიის განმეორების გარკვეული საფრთხე ისევ არსებობს."

 

 ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "თუ ეს პროექტი განხორციელდება, მაშინ ეს საზოგადოების აზრის გათვალისწინებითა და შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩარევით უნდა მოხდეს და არა ისე, როგორც ეს გასულ წლებში ხდებოდა. დაუშვებელია ასეთი ტიპის პროექტების ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიხედვით განხორციელება. თუკი ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება, კი ბატონო, მაშინ მისასალმებელია."

 

 

 თეო ხატიაშვილი  (ხელოვნებათმცოდნე):"ქართული "მანჰეტენის" გაშენების იდეა მოსაზრების დონეზეც არ მიმაჩნია სწორად გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვნახეთ რამდენად გაუმართლებელი იყო ამ ტერიტორიაზე რაიმე ტიპის ნაგებობის შექმნა, ჩვენ ვნახეთ სტიქიის შედეგებიც, ამიტომ აქ რაიმე უხეში ჩარევა დაუშვებელია. ვფიქრობ, რომ უმჯობესია თუ აქ ერთი დიდი პარკი გაშენდება, მით უმეტეს, რომ დედაქალაქში პარკების ნაკლებობა ნამდვილად გვაქვს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×