იაგო ნაცვლიშვილი
26.06.2015

გუშინ ხმაური იყო პარლამენტში. საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის დეპუტატებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა რამდენჯერმე მიაყენეს. ჯერ ერთმანეთს სერგო რატიანი და ზაზა პაუაშვილი დაუპირისპირდნენ. პაპუაშვილმა რატიანი "ქვეშაფსიად" მოიხსენია. მოგვიანებით ერთმანეთს თამაზ მეჭიაური და ლევან თარხნიშვილი ასევე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მეჭიაურმა კოლეგას "გარეწარი" უწოდა, რაზეც პასუხი მიიღო, რომ "გარეწრები სახლში მოიკითხოს".

ეს არ არის საქართველოს პარლამენტში მომხდარი პირველი დაპირისპირება. საკანონმდებლო ორგანოს გაცილებით მასშტაბური და აგრესიული დაპირისპირებაც უნახავს. არაერთხელ ყოფილა ხელჩართული ჩხუბიც. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან.

უნდა დაეკისროს თუ არა მკაცრი სანქციები იმ დეპუტატებს, ვინც პოლიტიკური დებატების ეთიკას არღვევს? - ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

 გივი სიხარულიძე  (მსახიობი, მწერალი): რა კანონების მიღებაზეა ლაპარაკი, როდესაც თავად არღვევენ კანონს მაშინ, როცა თავად უნდა იყონ კანონის დამცველები. რიგითმა მოქალაქემ ქუჩაში რომ იჩხუბო და ვინმე სცემო, სასამართლო 3-დან 5 წლამდე პატიმრობას დაგაკისრებს. ისინი კი, ვინც კანონებს იღებენ, ერთმანეთს სცემენ, ტყეპავენ, ალილავებენ... მთელი მსოფლიოს სამასხარაოები ხდებიან და ამაზე პასუხი არ უნდა აგონ?! სამარცხვინოა ის, რაც ჩვენს პარლამენტში ხდება, ასევე ის, რაც უკრაინისა და იაპონიის პარლამენტში მოხდა. ეს საშინელებაა. პირველ რიგში, მაგათ უნდა მოეთხოვოთ პასუხი.

პატიმრობის მომხრე არაფერზე არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოჩხუბარ პარლამენტარებს დეპუტატის მანდატი უნდა ჩამოერთვას.

 ირმა სოხაძე (მომღერალი): "დღეს არ მიმიდევნებია თვალყური საინფორმაციოსთვის და არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ არაერთი ჩხუბი გვახსოვს, რომელიც ჩვენს პარლამენტში მომხდარა. ამის მიუხედავად მკაცრი სანქციები საჭიროდ არ მიმაჩნია. ყველა პარლამენტში ხდება რაღაც ექსცესი, ხან ჩხუბია, ხან წყალს ასხამენ ერთმანეთს სახეში. ათასი რამე ხდება.

ჩხუბის გამო სანქციების გამკაცრება არასწორად მიმაჩნია. ყველა ვეცადოთ, პარლამენტარებიც და თითოეული ჩვენგანიც, რომ ჩვენი მოვალეობა კეთილსინდისიერად შევასრულოთ. სანქციები საჭირო არ არის. ამაზე მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატებმა პარტიული კუთვნილების მიხედვით რაღაც კონკრეტულ საკითხს საბოტაჟი არ გამოუცხადონ. ამას ნუ გააკეთებენ, თორემ ხანდახან იყვირონ და იჩხუბონ პატარა ბავშვებივით. მგონია, რომ ამის გამო აურზაურის ატეხვა არ ღირს.

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): მიმაჩნია, რომ, პირველ რიგში, სანქციები პლენარული სხდომების გაცდენებისთვის უნდა გამკაცრდეს. ეს აუცილებელია, რადგან ისინი ხელფასს იღებენ, პოლიტიკური დივიდენდებით სპეკულირებენ და ძალიან ხშირად პარლამენტის სხდომა იშლება. მაგათ მუშაობაში ჩვენ ვიხდით ფულს, ჩვენ ვუხდით მაგათ ხელფასს და ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ იმუშაონ და არა იმისთვის, რომ სხდომები ჩაშალონ.

რაც შეეხება პარლამენტში ჩხუბის თემას, სასურველია, ასეთი დამოკიდებულება არ იყოს, მაგრამ მსოფლიოს ყველა პარლამენტში ხდება ასეთი სახის ექსცესები. დეპუტატის პარლამენტიდან გარიცხვა არასწორად მიმაჩნია, მაგრამ თუ იქნება, მაგალითად, სახელფასო დაკავება უცენზურო სიტყვების გამოყენებისა და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, ეს კარგია.

ამას გარდა, ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა დაწესდეს სანქციები უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისთვის. დეპუტატობა არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტარმა ყველაფერი თქვას, რაც უნდა და ეს არც კი დაასაბუთოს.

 ოთარ გაბელია  (ფეხბურთელი): მე პოლიტიკურ საკითხებში არ ვერევი, მაგრამ დეპუტატების ჩხუბი, რა თქმა უნდა, ლამაზი არ არის. ვფიქრობ, რომ სანქციები უნდა დაეკისროთ ასეთ დეპუტატებს, მაგრამ რა სანქციები, ამას ვერ გეტყვით.

 

 

 ნინა წკრილაშვილი (მომღერალი): რა გითხრათ, რომ კარგია, რომ ჩხუბობენ?! არ არის კარგი, მაგრამ პოლიტიკურ საკითხებზე არ ვსაუბრობ. პოლიტიკურ საკითხებზე ნუ მირეკავთ!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×