თიკო ოსმანოვა
22.06.2015

"ზოგი ჭირი მარგებელია," - ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ზოოპარკის საკითხზე საუბრის დროს გააკეთა. "ზოოპარკი იმ პირობებში, რაც იყო, მე არასდროს მომწონდა.

2006-2007 წლებში პროექტიც კი გავაკეთე და გარკვეული თანხები დავხარჯე. ვპირდებოდი მთავრობას, რომ დავეხმარებოდი დაფინანსებაში, რომ ცხოველს ჰქონდეს ცხოველური პირობები, თუ გინდათ ასე ვთქვათ, ადამიანური პირობები. თუ ვატყვევებთ ცხოველს, მოვექცეთ ღირსეულად. ვფიქრობ, ჩვენი ზოოპარკი ამ მხრივ, სანიმუშო დონეზე ვერ იყო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ზოოპარკში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება უახლოეს დღეებში დასრულდება და პროექტის მიხედვით მის გადატანასთან დაკავშირებული ღონისძიებებიც დაიწყება.

"იქიდან გამომდინარე, რომ ზოოპარკის ტერიტორია ძლიერ დაზიანდა, ამ ტერიტორიაზე გადარჩენილი ცხოველები აქ შეგვიძლია მხოლოდ დროებით მოვათავსოთ. სხვა შემთხვევაში, როგორც კი უახლოეს დღეებში მოვრჩებით გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას, დავიწყებთ პროექტის მიხედვით ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს", - აღნიშნა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად სვანიძის ქუჩასთან ერთად დაიტბორა ბავშვების საყვარელი ადგილიც, რის გამოც თბილისის ზოოპარკი აღარ არსებობს.

ემხრობით თუ არა გმირთა მოედნიდან ზოოპარკის გადატანას? - ეს კითხვა "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი):  "კარგი იქნება, თუ გადაიტანენ და თანამედროვედაც თუ მოაწყობენ. ცხოველებს ძალიან კარგი პირობები უნდა ჰქონდეს, რომ ბავშვმა ნახოს არა დატყვევებული ცხოველი, არამედ თავისუფალი ქცევის პირობებში. ვფიქრობ, ეს ადრეც უნდა გაკეთებულიყო. როგორც ჩანს, ქალაქი გაიზარდა და მანდ საკმარისი ადგილი აღარ არის.

"ზოოპარკი უნდა განთავსდეს იქ, სადაც მოიძებნება კარგი ადგილი. აი, მაგალითად, ლაპარაკია თბილისის ზღვაზე, თუმცა, რაც მთვარია უნდა იყოს ტრანსპორტით და ყველაფრით უზრუნველყოფილი."

 

 ნატო გელაშვილი (მომღერალი):  "ითქვა, რომ უნდა გადავიდეს და თუ კიდევ საშიშროება ემუქრება ამ ტერიტორიას, მაშინ ჯობია, რომ გადავიდეს. ამაში რაღაც ტრაგედიას ვერ ვხედავ. მითუმეტეს პატრიარქმაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება.

"ბევრი რამეა გარეუბანში და თუ საჭიროა დავდივართ. ასე რომ, არ მგონია ეს პრობლემა იყოს. მთავარია არსებობდეს.

"გმირთა მოედანზე კი კარგი იქნება ისევ პარკი თუ გაშენდება და ატრაქციონები დაიდგმევა ბავშვებისთვის. საბურთალოზე ამით განებივრებულები არ ვართ."

 

 ზაზა ხუციშვილი (მუსიკოსი):  "ალბათ უნდა გადაიტანონ უფრო ფართო ტერიტორიაზე, რომ ვოილერში არ იყვნენ ძალიან ვიწროდ. უბრალოდ, სასურველი იქნება ისეთი ადგილის შერჩევა, რომ ყველა უბნის მცხოვრებლებისათვის, შედარებით თანაბრად, ნორმალურად მისადგომი იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაკარგოს დამთვალიერებელი, თორემ ცალსახად გადასატანია რამდენჯერ უნდა დაიტბოროს და დაიხოცონ ცხოველები.

"რაც შეეხება ძველ ადგილს, ვფიქრობ, გამწვანებული ტერიტორია უნდა იყოს, იმიტომ, რომ მდინარის კალაპოტში რამის მშენებლობა მიზანშეწონილი არ არის."

 

 ბასა ფოცხიშვილი (რეჟისორი): "რაც მოხდა იმის გამო ნამდვილად ვემხრობი მის გადატანას, თუმცა, სად - არ ვიცი, ამაზე სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ."

 

 

 

 

 თათული ედიშერაშვილი  (მსახიობი):  "ჯობია, რომ გადაიტანონ. აქამდეც რომ გადაეტანათ, უმჯობესი იქნებოდა. რაც შეეხება გმირთა მოედანს, კარგი იქნება ამ ადგილას პარკი თუ გაკეთდება და არა საცხოვრებელი კორპუსი."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×