თიკო ოსმანოვა
20.06.2015

გუშინ ე.წ. კაბელების საქმეზე ბარლადებულები - ალასანიას მინისტრობისას თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი - 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან, "თავისუფალი დემოკარტების" წევრი დეპუტატების თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მანამდე კი პროკურატურამ, რომელიც მათ გათავისუფლებას მანამდე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა.

შეიძლება თუ არა ეს პროკურატურის უკანდახევად ჩაითვალოს? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ვფიქრობ, რომ პროკურატურამ უკან დაიხია, თუმცა ახლა ძნელია იმის თქმა, თუ რა გარიგება მოხდა და ვის რა აწყობდა ამ საქმეში. ბევრი დეტალი საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. მიმაჩნია, რომ ეს გამოსავალი აქ გარკვეულწილად ორივე მხარეს აწყობდა და, არც იმას გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გარკვეული მითითება დასავლეთიდანაც ყოფილიყო.

 

 ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი): ეს პროკურატურის უკან დახევა კი არა, ამ უწყების უნიათო საქმიანობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. ეს არის იმის დასტური, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი კიდევ შორსაა. არაპროფესიონალებით და "ნაციონალების" კადრებით არის სავსე პროკურატურა და სასამართლო უწყებაც. ფაქტობრივად ქვეყანას ისევ სააკაშვილის მიერ დანიშნული ხალხი მართავს და ყველაფერი სწორედ ამის ბრალია.

 

 გია ბურჯანაძე (მსახიობი): პროკურატურის უკან დახევა რატომ არის?! ეს ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესია. უბრალოდ, ადრე არ ხდებოდა ასე და ახლა იმიტომაც გვიკვირს. კარგია, რომ საგამოძიებო უწყება ასე იქცევა. თუ არ არის საშიშროება, რომ ამ ადამიანებმა ზემოქმედება მოახდინონ გამოძიებაზე, რა თქმა უნდა, გარეთ უნდა იყვნენ.

 

 

 თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): ეს არის უპრეცედენტო და ეპოქალური შემთხვევა. სიმართლე გითხრათ ამ გადაწყვეტილებას ველოდებოდი, რადგან ამ ბიჭების უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ. ახლა კი მაინტერესებს, 8 თვის განმავლობაში ეს ადამიანები უკანონოდ რომ გამოკეტეს, მოიხდის თუ არა ბოდიშს ამისთვის პროკურატურა? ვფიქრობ, რომ ასე უნდა მოხდეს. მახსოვს, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ თუ ბადაშვილის უწყება მტკიცებულებებს არ დადებდა, მას მოეთხოვებოდა პასუხი, შესაბამისად, უნდა მოეთხოვოს კიდეც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×