რეზონანსი
02.03.2025

გუშინ საბადურის ტყეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, სამწუხაროდ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა კიდევ ორი ახალგაზრდა. ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა და შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. როგორც შევიტყვეთ, გარდაცვლილია ზუგდიდელი ახალგაზრდა თემურ თოდუა. მისი ოჯახი ზუგდიდის სოფელ ნარაზენში ცხოვრობს. 

"თემო თოდუა არის გარდაცვლილი ახალგაზრდა. 34 წლის იქნება თემო, ზუგდიდის სოფელ ნარაზენიდან. თბილისში ცხოვრობდა მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ძალიან ღირსეული პიროვნება, ოჯახზე და ცოლ-შვილზე შეყვარებული. კარგი მეუღლე და მამა, კარგი შვილი გახლდათ. 

ძალიან მშრომელი ბიჭი იყო. რამდენადაც ვიცი, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა. მოგეხსენებათ ხვალიდან მარხვა იწყება. თემოც და მთელი მისი ოჯახი ძალიან მორწმუნეები და ეკლესიურები არიან. როგორც ვიცი, თემოს უთქვამს, მალე მარხვა იწყება და მარხვამდე ბიჭებთან ერთად სათევზაოდ, სანადიროდ წავალ, ვიქეიფებთ, კარგად მოვილხენთ მარხვამდეო. წასულა მეგობრებთან ერთად და ეს ტრაგედია დატრიალდა. რამ გამოიწვია ავარია და რა მოხდა იქ კონკრეტულად, დეტალურად არ ვიცი. 

ძალიან გვატკინა გული. მიჭირს იმის დაჯერება რომ ის ჩვენს გვერდით არ იქნება. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ყველას ვინც ასე განიცდის მის გარდაცვალებას. მართლა ძალიან დასანანია ასეთი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა რომ დაიღუპა", - ამბობს ჩვენთან ოჯახის ახლობელი, რომელიც ძალიან განიცდის მომხდარს.

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×