სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თეა ბეჟიტაშვილი
    29.09.2014

    "ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის. ქართველები და აფხაზები მსხვერპლი იყვნენ და ჩვენ ამიტომ ვლოცულობთ ორივესთვის. მე დარწმუნებული ვარ, დადგება ის დრო, როცა ერთი ძეგლი აშენდება დაცემული აფხაზებისთვის და ქართველებისთვის," - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

    ამავე დროს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 27 სექტემბერი ომის დასასრული იყო, მომავალი კი სოხუმში დაბრუნების იქნება.

    "მომავალი იქნება ჩვენი იქ დაბრუნება, შერიგების შედეგად. 27 სექტემბერი იყო ომის დასასრული, მომავალი იქნება შერიგების, სოხუმში დაბრუნების," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

    ამას წინ უძღოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, რომელმაც იმის შესაძლეობლობა დაუშვა, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალოს.

    "მთავარი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლების დარწმუნებაა იმაში, რომ მათთვის ერთ კონფედერაციაში ან ფედერაციაში ცხოვრება საქართველოსთან უკეთესია, ვიდრე დამოუკიდებლად. თუ ეს იქნება მიღწეული, ეს იქნება აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური სიტუაცია," - განაცხადა კარასინმა.

    დღევანდელი გადასახედიდან, რამდენად რეალურია აფხაზეთსა და ცხინვალში დაბრუნება? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს დაუსვა.

     თემურ ნანეიშვილი  (ფიზიოლოგი): ეს რეალურად მიმაჩნია და, იცით, რატომ? გრიგორი კარასინის განცხადება წავიკითხე და კარასინი ის პირია, ვინც ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებში ზურაბ აბაშიძესთან ერთად მონაწილეობს. ასე რომ, ის კრემლის ოფიციალური წარმომადგენელია, ამიტომ თუ ეს ინფორმაცია მართალია, მაშინ ეს ძალიან იმედის მომცემი განცხადებაა.

     

     

     გოგი თორაძე (რეჟისორი): არცერთ საკითხში იმედი არასდროს არ უნდა დავკარგოთ. მსოფლიოში ოკუპაციის პერიოდი ოდესღაც ყველგან მთავრდებოდა და ჩვენ იმედი არ უნდა დავკარგოთ, რომ ოდესღაც ეს ჩვენთანაც დამთავრდება. შეიძლება ძალიან სწრაფად. გააჩნია, ჩრდილოეთით რა მოხდება. იქ თუ სიტუაცია შეიცვალა, მაშინ ყველაფერი ძალიან სწრაფად დამთავრდება. ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია ის არის, რომ სახალხო დიპლომატია ავამოქმედოთ.

     

     ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი):  ეს არის რუსეთის იმპერიის მიერ ერთმორწმუნე მართლმადიდებელი ერის დაპყრობის ჩვეულებრივი მაგალითი. მჯერა, რომ საქართველოს ყველა თავისი ისტორიული მიწა-წყალი, არა მარტო აფხაზეთი, არამედ თურქეთში მყოფი საქართველოს 30%-ზე მეტი ტაო-კლარჯეთი, შავშეთისა და არტანუჯის მხარეც დაუბრუნდება. ასევე დაუბრუნდება ლორე-ტაშირი, რომელიც დღეს სომხეთის შემადგენლობაშია, ისტორიული ჰერეთიც, იგივე საინგილო. ასევე დაბრუნდება სამაჩაბლო, დვალეთი. ეს ტერიტორიები ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილებია.

    პოლიტიკოსთა განცხადებები ჩვეულებრივი საპიარო განცხადებებია, მაგრამ, მჯერა, რომ ყველა დიდი ბოროტება, რომელიც იმპერიების სახით წარმოიშობა, ყოველთვის დაემხობა და ისტორიის მანძილზე ამის მომსწრენი არაერთხელ ვყოფილვართ. ღრმად მწამს, რომ საქართველო თავის ყველა დაკარგულ მხარეს დაიბრუნებს.

     ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორი, ურბანისტი): ჩემი საქმიანობის გარკვეული მიმართულება არის ის, რომ სახალხო დიპლომატიის ჯგუფის წევრი გახლავართ, რომელიც აფხაზ კოლეგებს ხვდება. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ აფხაზეთში ძეგლთა დაცვას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შორის ძალიან კარგი, საქმიანი ურთიერთობები აეწყო. როგორ გაგრძელდება შემდგომში ეს ყველაფერი, არ ვიცი, მაგრამ იმედების ჩანასახი არის, თუმცა ჩვენ როგორც გვაწყობს და გვსურს, ისეთი გაერთიანება რომ მოხდეს, მემგონი ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved