
რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია კორონავირუსის ვაქცინის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვყნებს. მარშანია ისრაელში ჩაატრებული ვაქცინაციის საფუძველზე აცხადებს, რომ პრეპარატი უსაფრთხოა და ის ადამიანს covid-19-ის მძიმე შემთხვევისგან იცავს.
„ვრცელდება ინფორმაცია რომ ვაქცინაციის პროგრამაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ ქვეყანაში, ისრაელში ვაქცინა „არ მუშაობს" მიუხედავად იმისა, რომ აცრილია მოსახლეობის 20%.
ამის არგუმენტად კი მოჰყავთ ის, რომ ისრაელს 11 იანვარს ჰქონდა 9000-ზე მეტი დღიური ინფიცირების შემთხვევა, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დროს.
რა ხდება სინამდვილეში:
ფაიზერის ვაქცინის (რომელსაც ისრაელი იყენებს), კვლევებში მთავარი დაკვირვების საგანი იყო დადასტურებული კოვიდ 19-ის შემთხვევების დათვლა, მეორე(!) დოზიდან მინიმუმ 7 დღის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გადაუდებელი ავტორიზაცია აქვს ვაქცინას, კუმულაციური ინციდენტობის რეგისტრირება, ცალსახად აჩვენებდა ვაქცინის ჯგუფის უპირატესობას, პლაცებოს ჯგუფთან ( ვაქცინირებულების ჯგუფში დაფიქსირდა მხოლოდ 8 კოვიდ 19-ს შემთხვევა, ხოლო პლაცებოს ჯგუფში კი 162).
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ კვლევებიდან გახდა ცნობილი, არის ის, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და ის მწვავედ განვითარებული კოვიდ 19-სგან იცავს:
კვლევისას დაფიქსირებული 10 მწვავე შემთხვევიდან მხოლოდ 1 იყო ვაქცინის ჯგუფში, დანარჩენი კი პლაცებოს ჯგუფში, აქვე გასათვალისწინებელია რომ ვაქცინის ჯგუფში დაფიქსირებული შემთხვევა „მწვავეში" დარეგისტრირდა მხოლოდ იმიტომ რომ ქონდა სატურაციის დაწევა 93-%მდე, მას ჰოსპიტალიზაცია და სამედიცინო ჩარევაც არ დასჭირვებია.
ისრაელში აქტიური შემთხვევების 99% არის მსუბუქი ან ასიმპტომური;
ვაქცინაცია ისრაელში დაიწყო და ამჟამად მიწოდებულია ვაქცინის 1 910 000 დოზა.
აქედან 1 817 000 არის პირველი დოზა, მეორე დოზის მიწოდება დაიწყო 10 იანვარს, ანუ მოსახლეობის 20% კი არ არის აცრილი, მოსახლეობის 20%-ს გაუკეთდა ვაქცინის პირველი დოზა;
კოვიდისთვის ზუსტი პროცენტის დასახელება რთულია თუმცა ე.წ. ჯოგური იმუნიტეტისთვის საჭიროა მოსახლეობის დაახლოებით 70% დან 95%-მდე იმნუნიზაცია;
ვაქცინაცია პირველ რიგში უტარდებათ სამედიცინო პერსონალს, მომვლელებს და რისკ-ჯგუფებს და არა ზოგადად მოსახლეობას.
ინფექცია კი ძირითადად ვრცელდება ზოგადად მოსახლეობაში.
დასკვნა:
არსებული ინფორმაცია არის სტატისტიკის მშრალი რიცხვებით მანიპულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება.
ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს მარშანია.