რეზონანსი
15.10.2020

კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი, ზურა ბალანჩივაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კარანტინის მე-14 დღეს აღწერს.

მას ერთგავრი საკარანტინო დღიური აქვს გაკეთებული და ფეისბუკ გვერდზე მეგობრებს ყოველდღიურ ინფორმაციას აწვდის, თუ როგორ ატარებს დროს კარანტინში, როგორ გრძნობს თავს...

„დაგვიანებული პოსტისთვის ბოდიში.

უბრალოდ, დღეს ბევრი ამბავი დამიგროვდა. როგორც არაერთხელ ითქვა, ვირუსი შეიძლება ისევ გააქტიურდეს და ამისთვისაც უნდა იყოთ მზად.

ასე და ამგვარად, ბოლო სამი დღეა, შუადღისით მაქვს 37 - 37.1 სიცხე. ანალიზებმაც აჩვენა, რომ სისხლის შედედებასთან ერთად, ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებელიც მაქვს მომატებული. შესაბამისად, დღეს კიდევ გადამიღეს კომპიუტერული ტომოგრაფია, თუმცა ამჯერად კონტრასტიც დაამატეს. ჰოდა ორივე ფილტვის ძალიან პატარა დოზით ინფილტრაცია მაქვს, ანუ ანთება.

როგორც ექიმმა ამიხსნა, მარტივი ფორმაა და საგანგაშო არ არის. ყოველ შემთხვევაში, ანტიბიოტიკი დამიმატეს და კიდევ რაღაც წამალი ღვიძლისთვის.

კონტრასტმა ფილტვში ემბოლია არ აჩვენა, რაც კარგი მანიშნებელია.

ირაკლის აქვს პერიოდულად ხველა, თუმცა ანალიზები კარგი. სიცხეც პერიოდულად 37. ჩემგან განსხვავებით, ანტიბიოტიკებს სვამს შემოსვლის დღიდან და ველოდებით მის შედეგებს.

სიმართლე გითხრათ, უფრო დავმშვიდდი, რადგან გარკვეული დიაგნოზი მიჯობს გაურკვეველ მდგომარეობას.

ყველაზე ძნელი მომენტი ეჭვის მდგომარეობაში ყოფნაა, როცა კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატში სუნთქვაშეკრული წევხარ და ორად ორ რამეზე ფიქრობ: რა მჭირს და როგორ ვუთხრა მშობლებს.

როცა საკმარის ძალას და ენერგიას მოიკრებ, რომ ყველაფერს თვალი გაუსწორო (ალბათ, ნაწილობრივ ფეხზეც იკიდებ ყველაფერს იმ მომენტში, რადგან სხვანაირად ძნელია არასასურველი ფრაზების ამოთქმა), მერე ერთი პრობლემით ნაკლები გრჩება.

სამწუხაროდ, კორონას ძალიან ძალიან ძალიან ბევრი უსარგებლო ემოცია ახლავს, რომელიც არასდროს და არაფერში არ დაგეხმარებათ.

უნდა დავრჩენილიყავი სახლში? არ ვიცი. ალბათ, არა.

მთავარი პრობლემაც და გამოცანაც ეს არის: ზოგთან კორონა ლამის ფეხის თითის ტკივილიდან იწყება, ზოგთან სიცხით, ხველით, ყელის ტკივილით და ა.შ. ანუ სიმპტომებიც ძალიან განსხვავებულია და შემდგომი განვითარებაც.

მთავარია, ერთმანეთი არ დაანევროზოთ. უბრალოდ, არ ქნათ ეგ. გთხოვთ.

ხოლო თქვენ, ვისაც კიდევ არ გჯერათ კორონას არსებობის, თქვენ გაქვთ სრული უფლება, გჯეროდეთ ან არ გჯეროდეთ იმის, რაც გინდათ ან არ გინდათ.

მთავარია, თქვენი რწმენა სხვის ჯანმრთელობის პრობლემა არ გახდეს და ისე კი რაც გინდათ, ის გიქნიათ.

და ბოლოს, რაიმე კარგი და სხარტი მინდა, გითხრათ ბოლოს და ისევ მარკ ტვენს დავესესხები: „პატარა წერილის დაწერისთვის დრო არ მყოფნის, ამიტომაც დიდ წერილებს ვწერ“,- წერს ჟურნალისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×