რეზონანსი
20.09.2020

ვარსკვლავების „რეიტინგში“ N1 – კურო ანუ „ქართული ოცნებაა“, N2 – ქალწული თუ სასწორი ანუ „ნაციონალური მოძრაობა“და N3 – მერწყული ანუ „ევროპული საქართველო“ – ამ თანმიმდევრობით უწინასწამეტყველებენ პოლიტიკურ პარტიებს წარმატებულ პოლიტიკურ მომავალს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვარსკვლავები და ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი, თუმცა სკანდალი წინაა: „ვარსკვლავურ რეიტინგში“ N4 – მშვილდოსანი ანუ „პატრიოტთა ალიანსია“, თუმცა მას ვარსკვლავები მეორე ადგილსაც კი უწინასწარმეტყველებენ.

„2020NEWS“ დაინტერესდა, თუ რომელი პოლიტიკური პარტია რომელი ზოდიაქოს ნიშანია და რა წარმატების შანსები აქვთ მათ ოქტომბრის არჩევნებში. როგორც მიხეილ ცაგარელი აცხადებს, მმართველი პარტია ჰოროსკოპით კუროა, სტაბილურობის ნიშანი, რომელიც გამარჯვებას მოიპოვებს, თუმცა მას სირთულეების გადალახვა მოუწევს, რადგან ეს წელი კუროებისათვის ია-ვარდით მოფენილი არ არის.

„ქართულ ოცნებას“ ბევრი სირთულეები ექნება. ამ ნიშანს – კუროს სირთულეები აქვს, მაგრამ მთლიანობაში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, რადგან ეს არის სტაბილურობის ნიშანი. სწორედ ამიტომ ამ ნიშნის მორყევა ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია. გამარჯვება მათ მხარეს იქნება, თუმცა გარკვეული სირთულეების გადალახვის ხარჯზე. ეს წელიწადი განსაკუთრებით კუროს ნიშნისათვის ია-ვარდით მოფენილი არ არის, მაგრამ მათ წარმატების შანსი აქვთ“, – განაცხადა ცაგარელმა.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“,  ასტროლოგის თქმით, აღნიშნულ პარტიას წელს არჩევნების მოგება ძალიან გაუჭირდება და იმედები არ უნდა ჰქონდეს. 

„ნაციონალურ მოძრაობას“ წელს უფრო გაუჭირდება, ვიდრე წინა წლებში. მით უფრო, ამ დაქსაქსულობით და უკვე ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციების გამო, შესაძლოა, შერიგდნენ საარჩევნო პროცესისათვის, მაგრამ მერე თუკი რამეს მიაღწიეს, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართება. წარმატების შანსი მათ აქვთ დაბალი და „ქართული ოცნების დამარცხებასთან“ დაკავშირებით მათ არ უნდა ჰქონდეთ იმედი“, – ამბობს ასტოლოგი.

ცაგარელის თქმით, „ევროპულ საქართველოს“, რომელიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მერწყულია, წარმატების გარკვეული შანსები და პერსპექტივები აქვს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში მისი უმრავლესობით შესვლის შანსი მიზერულია.

„ევროპულ საქართველოს“ გარკვეული შანსები, პერსპექტივები უდავოდ ექნება იმიტომ, რომ ჩვენ ეს არჩევნები გვაქვს სასწორის ზოდიაქოში და როდესაც მზე გადის სასწორის ზოდიაქოში, ეს ნიშანი ძალიან პექსპექტიულია, მაგრამ შორს ვერ წავლენ. ალბათ უფრო მეტად „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ გაურიგდებიან, მაგრამ ის რომ ვთქვათ, „ევროპული საქართველო“ უმრავლესობით შევა პარლამენტშიო, ეს ტყუილია, შესაძლოა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ამ პარტიამ გარკვეული ხმები მოიპოვოს, მაგრამ წარმატების შანსი მაინც მიზერული აქვს“, – განაცხადა ცაგარელმა.

დიდ წარმატებებს და კარგ საარჩევნო პერიოდს უწინასწარმეტყველებს ცაგარელი „პატრიოტთა ალიანსს“.  მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მშვილდოსნის ნიშნის პერიოდში შექმნილმა ამ პარტიამ, არც მეტი და არც ნაკლები, მეორე ადგილისთვის იბრძოლოს.

„პატრიოტთა ალიანსის“ პარტიას საკმაოდ კარგი პერსპექტივები აქვს და არ არის გამორიცხული, რომ ეს პარტია ყველაზე დიდ წინააღმდეგობას გაუწევს „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. მეორე, მესამე, მეოთხე ადგილებზე  ამ სამ პარტიას შორის იქნება ბრძოლა. არ არის გამორიცხული, რომ ირმა ინაშვილმა და მისმა პარტიამ ამჯერად სერიოზული ხმები წაართვას ამ ორ პარტიას  და არ არის გამორიცხული, რომ მეორე ადგილზე ეს ჯგუფიც ვიხილოთ“, – ამბობს ასტროლოგი.

რაც შეეხება ახლადშექმნილ პარტიებს, მიხეილ ცაგარელი სააგენტოსთან საუბარისას ამბობს, რომ პარტიას „ლელო საქართველოსთვის“, რომელიც თხის რქაა, პრობლემები აქვს და არჩევნებში დიდი წარმატების მოპოვების შანსი არ გაჩნია.

„ამ პარტიას პრობლემები აქვს. მოდი, დავიწყოთ იქიდან, რომ თხის რქაა და თხის რქის ზოდიაქოში სატურნია შესული. ეს მძიმე პლანეტაა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თხის რქა სასწორებთან ვერ მეგობრობს. არჩევნები სასწორის ზოდიაქოში იმართება, ამიტომ თხის რქის წარმატების შანსი საკმაოდ დაბალია. მე მახსოვს, როდესაც „ლელო“ ჩამოყალიბდა, მათ ეს პროცესები ახალმთვარეობაზე დაიწყეს, რაც, რა თქმა უნდა, დაუშვებელი იყო და ეს დიდი შეცდომა გახლდათ. მე მათ მოვუწოდე, რომ ეს შეცდომა მათ ძვირად დაუჯდებოდათ, წარმატების შანსი მიზერული აქვთ“, – ამბობს ასტროლოგი.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხმებს დააკარგვინებს კოალიცია „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელიც ლომის ზოდიაქოს ნიშანია. ცაგარელი მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობის“ მსგავსად, აღნიშნული კოალიციაც წარმატებას ვერ მიაღწევს.

„2020NEWS“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (21.09.2020)
ბატონი მიხეილი მხოლოდ უარყოფით ინფორმაციაზეა შეყვარებული. წლებია ვაკვირდები: დ ა დ ე ბ ი თ ს არასოდეს წერს,შეფარდებაა11:2 წინ როგორ წავალთ, როცა ასე ცუდ გათვლას გვაწვდის ეს კ ა ც ი, გაჩუმდეს მაინც! საუკუნეების განმავლობაში წარმატებისთვის არ მიგვიღწევია, მიჩვეულები ვართ წარუმატებლობას, მაგრამ მაინც მაღიზიანებს სულ უარყოფითის მოსმენა და წაკითხვა მისგან!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×