რეზონანსი
20.09.2020

"ქვეწარმავლები ჩემი ცხოვრების ნაწილია. უკვე 700-მდე გიურზა მყავს დაჭერილი. შეიძლება ითქვას, შხამიანი გველები ჩემი სტიქიაა"

შოთა ზანდუკელი ჰერპეტოლოგია და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში­ ქვეწარმავლების სპეციალისტად რამდენიმე­ წლის განმავლობაში მუშაობდა - იჭერდა, აღრიცხავდა და ისევ ბუნებაში აბრუნებდა. ზოგს თუ გველის ხსენებაც კი შიშის ზარს სცემს, შოთასთვის მათი დაჭერა ერთგვარი ადრენალინია. დღეს მის სახლში სხვადასხვა სახეობის ქვეწარმავალი ცხოვრობს.

- ცხოველები ბავშვობიდან მიყვარს, ზოოპარკში რომ მივდიოდი, ყველას დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი. შინ ყოველთვის მყავდა ძაღლი,

კურდღელი, კატა, ზაზუნა, მტრედი... 7 წლისამ მოსკოვში პირველად ვნახე ტერარიუმი.­ მამა იმხანად მოსკოვში მუშაობდა და დედასა და ძმასთან ერთად ჩავდიოდით ხოლმე სანახავად. პირველად გველები რომ დავინახე, სხვა ბავშვებივით არ შემშინებია, პირიქით, ინფორმაციის მოძიება დავიწყე. 9 წლისამ ლისის ტბაზე წყლის ანკარა დავიჭირე. ამ დროს სახეობებს უკვე ვარჩევდი და ვიცოდი, როგორ დამეჭირა. გველი წამოვიყვანე და სახლში ერთხანს ისე მყავდა, ვერავინ ვერაფერს მიხვდა, მაგრამ როგორც კი გაიგეს, მაშინვე გამაშვებინეს. 13 წლისამ ალგეთის ხეობაში, აბრამეთის გორაკზე ცხვირრქოსანი გველგესლა დავიჭირე, რომელსაც, გიურზას შემდეგ, საქართველოში ბინადარ ქვეწარმავლებს შორის ყველაზე ძლიერი შხამი აქვს. დავინახე თუ არა, მივხვდი, რომ შხამიანი იყო. ეს ძალიან დიდი ემოცია და ადრენალინი იყო და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაზე მეტად ქვეწარმავალთა სამყარო, კონკრეტულად კი, შხამიანი გველები მაინტერესებდა.

700-მდე გიურზა მყავს უკვე დაჭერილი. შეიძლება ითქვას, შხამიანი გველები ჩემი სტიქიაა. ისინი უფრო მეტად განვითარებული არიან, უფრო საინტერესო ცხოვრება და შესახედაობა აქვთ, უფრო ექსტრემალურია მათი დაჭერის პროცესიც. როდესაც უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩავაბარე, იქ უკვე იცოდნენ ჩემი გატაცების შესახებ და მიმიწვიეს ეკოლოგიურ წრეზე, რომელსაც ბიოლოგი დავით თარხნიშვილი ხელმძღვანელობდა. შხამიანი გველების შესახებ მოხსენებებს ვკითხულობდი, ქვეწარმავლებს ვაკვირდებოდი, ზოოლოგიის ინსტიტუტთან ვთანამშრომლობდი და ექსპედიციებში დავდიოდი. მალე იმხელა ცოდნა შევიძინე, ლექციებსაც ვკითხულობდი და ასე, ნელ-ნელა გადავერთე =ამ სფეროზე. სამაშველო სამსახურში რამდენიმე სპეციალისტთან ერთად სამუშაოდ მეც მიმიწვიეს. ასე ჩამოვაყალიბეთ ჯგუფი, დავდიოდით გამოძახებებზე და ხალხს ვეხმარებოდით.

- რამდენჯერმე არასწორად ვიმოქმედე - ერთხელ კვებისას ხელით მივეხმარე და მაშინ მიკბინა; მეორედ გველგესლა სადღაც შესრიალდა, შიშველი ხელი შევყავი და მიკბინა. ვიცოდი, რომ ზომითაც და ასაკითაც პატარა იყო, შხამიც ცოტა ექნებოდა და დიდ ზიანს ვერ მომაყენებდა. მხოლოდ ოდნავი ტკივილი ვიგრძენი.

გველის დაჭერა იოლი არ არის. შეცდომა არ უნდა დაუშვა, ბევრი რამ უნდა გაითვალისწინო - თითების განლაგება, ხელის მოჭერის ძალა...

- ამჟამად მყავს 12 ქართული სახეობისა და 5 ეგზოტიკური გველი. ქართული სახეობები თითქმის ყველა ჩემი დაჭერილია, ეგზოტიკურები კი ვიყიდე. ისინი შეფერილობით ძალიან განსხვავდებიან ჩვეულებრივი გველებისგან - უფრო ლამაზები არიან. ყველა ქვეწარმავალს ინდივიდუალური ტერარიუმი სჭირდება, რადგან ყველა სახეობას თავისი ტემპერატურული რეჟიმი და ჰაერის ტენიანობა უნდა ჰქონდეს.

ხშირად მეკითხებიან, სახელებს თუ არქმევო. გველებს სმენა არა აქვთ და სახელების დარქმევას რა აზრი აქვს? მკვეთრად გამოხატული გრძნობებიც არა აქვთ, არ იციან სიყვარული, მათი ცხოვრება ინსტი­ნქტებზეა დამყარებული. ერთმანეთისგან მხოლოდ აგრესიის გამოხატვის ხარისხით, კვების რეჟიმითა და ქცევებით განსხვავდებ­იან. ზოგი წყნარია, ზოგი აგრესიული.

- გველები ცალკე ოთახში მყავს და მათთან ჩემ გარდა არავინ შედის. ოჯახის წევრები ბავშვობიდანვე შევაჩვიე ამ სიტუაციას. დედა თავიდან წინააღმდეგი იყო და აპროტესტებდა. მისი სიტყვა კანონი იყო და ვემორჩილებოდი, მაგრამ რომ წამოვიზარდე, აღარ. ქვეწარმავლები ჩემი ცხოვრების ნაწილია.

ლექციებსა და ტრენინგებზე გველები თან დამყავს, დაკვირვების ობიექტები არიან - ფოტოზე ნანახი სხვაა და ცოცხლად რომ ხედავ, სულ სხვა ეფექტი აქვს.

ვინც ჩემთან მოდის, თითქმის ყველამ იცის ჩემი ბინადრების შესახებ, თუმცა ერთხელ ასეთი რამ მოხდა: სტუმრები გვყავდა, სუფრა მისაღებში იყო გაშლილი, ნიანგის ტერარიუმზე ფარდა მქონდა ჩამოფარებული და არაფერი ჩანდა. ერთი წუთით უკან მიტრიალდი-მეთქი, ვთხოვე ერთ-ერთ სტუმარს, რომელმაც არაფერი იცოდა ჩემი პატარა ზოოპარკის შესახებ. მიტრიალდა თუ არა, ფარდა ავწიე და ნიანგი რომ დაინახა, ძლივს მოვასულიერე...

-დაოჯახებული არ ვარ, ვიცი  შეიძლება დაოჯახებაში ხელი შემეშალოს, მაგრამ პრობლემას არ შევქმნი - ბოლოს და ბოლოს, გველებს სხვაგან გადავიყვან. თუმცა, ჩემი პროფესიის გამო სულ გახიზნული ვარ და სხვა ვერაფრისთვის ვეღარ ვიცლი...

წყარო: კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×