სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    03.11.2017

    პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის განცხადებით, უნდა აღიკვეთოს პრაქტიკა, როცა ერთი ექიმი რამდენიმე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს.

    "ექიმი ექვს დაწესებულებაში ერთად მუშაობს. ხშირ შემთხვევაში ერთიდან მეორეში რომ გადადის და სხვადასხვა დაწესებულებაში დღეში 30 ოპერაციას აკეთებს, სამედიცინო შეცდომა მოსდის, რასაც პაციენტის ჯანმრთელობისთვის არცთუ სასურველი შედეგები მოჰყვება. ასეთი პრაქტიკა უნდა აღვკვეთოთ. ამას ემსახურება დაგეგმილი რეფორმები, რომელზეც სამინისტრო მუშაობს. ჩვენ ვაპირებთ, ამ წლის ბოლომდე სამინისტროსთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვიმუშაოთ," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

    უნდა აეკრძალოთ თუ არა ექიმებს რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): არ ვეთანხმები ამ ინიციატივას. თუ ექიმი თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს, მას აქვს სრული უფლება, იმუშაოს იქ, სადაც უნდა. მით უმეტეს, რომ ჩვენ კარგად ვიცით, ექიმების ხელფასი ძალიან დაბალია.

     

     

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): თუ პროფესიონალია, კვალიფიცირებული ექიმია და ახერხებს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობას, რატომ უნდა აეკრძალოს?! თუ არც ერთი დაწესებულება არ ზარალდება დროის თვალსაზრისით, არ მესმის ამის აკრძალვის მიზანი.

    ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. თუ ერთმანეთს ხელს არ უშლის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულება, მაშინ რატომ უნდა აიკრძალოს?! ძლივს უპოვია ადამიანს სამსახური და ამის აკრძალვა როგორ შეიძლება?!

     გივი სიხარულიძე (მწერალი, მსახიობი): ეს არის დიდი სისულელე, რატომ უნდა აეკრძალოს?! თუ ექიმს ერთგან აქვს მუშაობის უფლება, მეორეგან რატომ უნდა შეეზღუდოს? სრული აბსურდია.

     

     

     

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ალბათ ექიმისთვის არ არის სასურველი სხვადასხვა დაწესებულებაში მუშაობა, მაგრამ იმის გამო, რომ მან თავისი პროფესია შეინარჩუნოს და, პირდაპირი მნიშვნელობით, არ გამათხოვრდეს, უწევთ სხვაგან მუშაობა. მათ ისედაც ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ და ვერ ახერხებენ ერთი სამსახურით საკუთარი თავისა და ოჯახის შენახვას. ფაქტობრივად, შიმშილის ზღვარზე არიან და ამას აკეთებენ გამოუვალი მდგომარეობის გამო. თუ ხელფასებს გაუსამმაგებენ, კი ბატონო, მაშინ ასეთი მოთხოვნის უფლება ხელისუფლებას აქვს, თუ არადა, ეს იმას ნიშნავს, რომ ექიმებმა პროფესია უნდა შეიცვალონ და ბიზნესს მიჰყონ ხელი და ან თავიდანვე არ აირჩიონ ეს საქმიანობა, რაც ქვეყანას კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში ჩააგდებს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter