სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    31.10.2017

    ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ ქვეყნის მეთაური კარლეს პუჩდემონი თანამდებობიდან გაათავისუფლა, ხოლო პარლამენტი დაითხოვა.

    პრემიერის გადაწყვეტილებით, კატალონიის საპარლამენტო არჩევნები 21 დეკემბერს ჩატარდება და როგორც მან აღნიშნა - "სასწრაფოდ უნდა დავუბრუნოთ ხმები კატალონიის მოქალაქეებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს გამჭვირვალე და ლეგიტიმური არჩევნები".

    შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობდა 2 მილიონზე მეტი ადამიანი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა.

    ოფიციალური მადრიდი და ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და უკანონოს უწოდებენ.

    გამოიწვევს თუ არა კატალონიის შემთხვევა ევროპაში სეპარატიზმის გაღვივებას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     გია ბუღაძე (ფერმწერი): ეს ნამდვილად შესაძლებელია. ამასთან, საკმაოდ საშიში ტენდენციაა და ამ ყველაფრის უკან მე ვხედავ რუსეთის სპეცსამსახურებს.

    რადგან კატალონიის სეპარატიზმი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამანგრეველი ძალაა ევროკავშირის მთლიანობისთვის, მისი პირველი მტერი კი რუსეთია, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მისი პროექტია.

     

     

     თედო დონდუა (ისტორიკოსი):კატალონიასთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ესპანეთი ერთი ქვეყანა არ არის და რამდენიმე ქვეყანაა გაერთიანებული. მათ შორის კასტილია, კატალონია, ბასკონია, სადაც ეს პროცესები შეიძლება წავიდეს, თუმცა მთლად უარყოფით პროცესს ვერ დავარქმევ, ისინი ცალკე ხალხია. კი, დიდი ხნის წინ გაერთიანდნენ ესპანეთთან, მაგრამ აღარ უნდათ მათთან ცხოვრება. თუ ამას სეპარატიზმს ვუწოდებთ, ეს კიდევ სხვა საკითხია.

    არ ვიცი, რამდენად არის ეს სეპარატიზმი, ან არის კი?! ხომ არ არის ეს ჩვეულებრივი მოვლენა, რომელიც ბოლოს და ბოლოს ასე უნდა დამთავრებულიყო. ამიტომ ხელაღებით იმის თქმა, რომ ეს სეპარატიზმია, მართებული არ არის.

     ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ასეთი პროცესები რატომღაც წახალისებულია, მაგრამ რამდენად შეუწყობს ამ ყველაფერს ხელს კატალონია, ნამდვილად ვერ გეტყვით. არ მგონია, რომ ევროპაში სეპარატიზმის გაღვივების მიზეზი კატალონია გახდეს.

     

     

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): კატალონიის სიტუაცია იმ შემთხვევაში გამოიწვევს ევროპაში სეპარატიზმის გაღვივებას, თუ მათ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის საშუალება ექნებათ. მაგრამ ესპანეთის მთავრობამ მყისიერი გადაწყვეტილება მიიღო და საფუძველშივე აღკვეთა სეპარატიზმის გაღვივება.

    გადაყენებულია კატალონიის პრემიერ-მინისტრი, დათხოვილია პარლამენტი და პოლიციის უფროსი, თანაც ამ გადაწყვეტილებაზე ყველამ თანხმობა განაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მოერიდნენ პირდაპირ კონფრონტაციას.

    ამ საკვანძო თანამდებობების დათმობით კი კატალონიის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაც დასრულდა. ახლა, შესაძლოა, ეს საკითხი სამეცნიერო დისკუსიაში გადავიდეს, მაგრამ პრაქტიკული შედეგი მას აღარ მოჰყვება.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter