სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    30.10.2017

    ოპოზიცია პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის გამო ითხოვს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ქრონიკის" ეთერში სტუმრობის დროს განაცხადა, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, როდესაც საქმე ეხება ადამიანის დაღუპვას ისეთ ვითარებაში, სადაც პოლიციაა ჩართული.

    ჟურნალისტის კითხვაზე კი, რომ ოპოზიციის მოთხოვნაა, ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შს მინისტრი პარლამენტში მივიდეს და არსებულ კითხვებს პასუხი გასცეს, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ პარლამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის კომუნიკაცია იქნება იმისთვის, რომ მომხდარზე სიმართლე დროულად გაირკვეს.

    "რა თქმა უნდა, ყველაფერი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს. ჩვენ კომუნიკაცია გვექნება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პარლამენტის მხრიდან რა ბერკეტის გამოყენებაც იქნება საჭირო იმისთვის, რომ ყველაფერს რაც შეიძლება მალე მოეფინოს ნათელი, ეს ბერკეტები აუცილებლად იქნება გამოყენებული. ოპოზიცია მოითხოვს ამას თუ უმრავლესობა, მთავარია, პარლამენტმა თავისი ფუნქცია სათანადოდ შეასრულოს. ამის უზრუნველყოფა ჩემი ფუნქციაა და ამაში აქტიურად ვიქნები ჩართული," - განაცხადა კობახიძემ.

    25 ოქტომბერს ნუცუბიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის შესაძლო ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

    უნდა მივიდეს თუ არა შს მინისტრი პარლამენტში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ამირან სალუქვაძე (გენერალი): "მხოლოდ მაგ საქმეზე არა. თუ სხვა საკითხებიც აქვთ, სხვა თემაა. შემთხვევა ტრაგიკულია, გარდაიცვალა ადამიანი, მაგრამ უნდა დასრულდეს გამოძიება და შემდეგ განვსაჯოთ. ჩემი ინფორმაციით, რომელიც მეზობლისგან მაქვს, პატრულის ქმედებაში აგრესია ან კანონდარღვევა არ იყო. იქნებ მეზობლებს ვკითხოთ, რატომ გამოიძახეს პატრული და რატომ ვერ მოაგვარეს მეზობლურად, თუ ახალგაზრდა კაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა?"

     

     ლაშა ჩხარტიშვილი (ეკოლოგი, დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი): "რაც შეეხება ამ საქმეს, პოლიციის მხრიდან დანაშაულის ჩადენა, დაფარვა და მსხვერპლის დისკრედიტაციის მცდლობა არის სახელმწიფოს დანაშაული. შეიძლება ვთქვათ, რომ "ქოცმოძრაობამ" შვა ახალი ვანო მერაბიშვილი თავის წიაღში, რადგან ასე იქცეოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში.

    "იმის გარკვევა, დანაშაულია ჩადენილი თუ შემთხვევითობაა, შესაძლებელი იყო მხარზე დამაგრებული კამერის ჩანაწერით. პარლამენტში მისვლა არის ერთ-ერთი მეთოდი, თუმცა აუცილებელი მოთხოვნაა, გასაჯაროვდეს ეს ვიდეოჩანაწერი და გაირკვეს, რა მოხდა რეალურად."

     იური მეჩითოვი ფოტოგრაფი): "რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ჯერ არ არის გამოკვლეული და დადგენილი ყველაფერი და რაზე უნდა მივიდეს?! ვფიქრობ, სანამ გამოძიება არ დასრულდება და ექსპერტიზა არ დაადგენს, რა მოხდა, არ უნდა მივიდეს. შეიძლება თავად მინისტრსაც არ ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, რომ კითხვებს უპასუხოს. მგონია, რომ ეს უფრო პიარს ემსახურება ახლა და მინისტრის დაბარება ნაადრევია."

     

     არჩილ გამზარდია (საზოგადოებასთან კომუნიკაციების სპეციალისტი): "ვფიქრობ, უნდა მივიდეს და გარკვეული ინფორმაცია მიაწოდოს პარლამენტარებს. საერთო ჯამში, ეს ამბავი საკმაოდ ცნობილი გახდა და შესაძლოა, ძალიან ბევრი არასწორი ვერსია და ინტერპრეტაცია ვრცელდებოდეს. მე რომ მკითხოთ, თავად მინისტრს უნდა ჰქონოდა იმის სურვილი, რომ გამოსულიყო განცხადებით ან ბრიფინგი ჩაეტარებინა.

    "ეს ძალიან მტკივნეული თემაა. კონკრეტული ტრაგედიის გარდა, ძალიან ცუდ საზოგადოებრივ განწყობას ქმნის. ამიტომ მინისტრი, უწყების ინტერესებიდან გამომდინარე, თავად უნდა გამოვიდეს და თქვას, რა მოხდა. ეს შემდგომ იმის თქმის საშუალებასაც მისცემს, რომ პარლამენტარებმა სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ, რადგან როცა არსებობს სწორი ინფორმაცია, იქ სპეკულაციები აღარ არის."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter