სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    23.10.2017

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისში 737 საარჩევნო უბნის მონაცემები დათვალა. დედაქალაქის მერის არჩევნებში 51.06%-ით "ქართული ოცნების" კანდიდატმა კახა კალაძემ გაიმარჯვა.

    მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ხმათა 17.46%-ით, მესამეზე - "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილია 16.53%-ით. შემდეგ მოდიან "ევროპული საქართველოს" კანდიდატი ელენე ხოშტარია 7.13%-ით და "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი ირმა ინაშვილი 3.02%-ით.დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 3%-ზე ნაკლები დააგროვეს.

    ამასთან, თბილისის საკრებულოში "ქართულ ოცნებას", სავარაუდოდ, 40-კაციანი უმრავლესობა ეყოლება. ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, დედაქალაქის საკრებულოში 25 პროპორციული ადგილიდან "ქართულ ოცნებას" 15 ადგილი შეხვდება, "ნაციონალურ მოძრაობას"- ხუთი, "ევროპულ საქართველოს"- ორი, "პატრიოტთა ალიანსს" კი - ერთი. თბილისის 25 მაჟორიტარულ ოლქში "ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

    პრატქტიკულად, ასეთივე წარმატებას მიაღწია მმართველმა პარტიამ ყველა რეგიონში. ერთადერთი გამონაკლისია თიანეთი და იქაც "ოცნების" ყოფილმა წევრმა თამაზ მეჭიაურმა მერობისათვის ბრძოლა მხოლოდ 1 ხმით მოუგო "ოცნების" კანდიდატს.

    ელოდით თუ არა "ოცნების" ასეთ დამაჯერებელ გამარჯვებას? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი): "დამაჯერებელს ვერ ვუწოდებდი, თუმცა კვალიფიციურად ადმინისტრირებული გამარჯვება შემიძლია ვუწოდო.

    "კალაძემ მოახერხა კამპანიის კვალიფიციურად წარმართვა, მიიღო არსებითად პოზიტიური შეფასებები დამკვირვებლებისგან, შედეგები აღიარა ოპოზიციამაც. პრინციპში, მედიაკამპანია წარმართა ისეთ არხზეც კი, რომელსაც მტრების პარტიულ მედიას ეძახდა და ა.შ. ამდენმა ძალისხმევამ შედეგიც მისცა და გაიმარჯვა."

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "არ ველოდი. მეგონა, რომ თბილისში მეორე ტური იქნებოდა, თუმცა ეს ჩვენი ნახევარზე მეტი თბილისელი ამომრჩევლის დამსახურებაა. როგორც ჩანს, მათთვის ყველაფერი კარგად მიდის.

    "ყოველთვის ვამბობ, რომ ისეთი ხელისუფლება გვეყოლება, როგორებიც ვართ. ნახევარზე მეტი თბილისელი არ გამოვიდა არჩევნებზე, რაც ძალიან ცუდია. რომ გამოსულიყვნენ, მგონია, მეორე ტური იქნებოდა."

     

     ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): "დიახ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე მოხდებოდა. ამის ბევრი მიზეზი იყო - მოქალაქეების პასიურობა, ასევე, ძალიან სერიოზული წინასაარჩევნო კამპანია, რომელშიც ძალიან დიდი ფული ჩაიდო და არც იმას გამოვრიცხავ, რომ გაყალბება ყოფილიყო."

     

     

     

     გია ბუღაძე (ფერმწერი): "პირველ ტურშივე გამარჯვებას ველოდებოდი, თუმცა არა ასეთი გრანდიოზული სხვაობით. თუკი რამის ჩართვის საშუალება ჰქონდათ, ყველაფერი გააკეთეს. ჩვენი საზოგადოება კი ნამდვილად იმსახურებს ამ გამარჯვებას, ამის ღირსები ნამდვილად არიან."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter