სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    21.10.2017

    მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მთელ რიგ დებულებებს პრეზიდენტი არ იზიარებს და ამის დასტურად ვეტოც გამოიყენა, საბოლოოდ, დოკუმენტს ხელი მაინც მოაწერა.

    შეგახსენებეთ, რომ პრეზიდენტის ვეტო პარლამენტმა 117 ხმით დაძლია.

    მარგველაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად სახელმწიფოებრივი ინტერესი დაასახელა, თუმცა, ასევე, აღნიშნა, რომ მისთვის უაღესად ძნელია კონსტიტუციაზე ხელის მოწერა.

    პრეზიდენტის ნაბიჯს უარყოფითი შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის - გიორგი ახვლედიანის თქმით, პრეზიდენტის ნაბიჯი გაუგებარი და "მიუღებელი კონსტიტუციის გაპრავებაა".

    "პირველი რეაქცია იყო, რომ ვერაფერი გავიგეთ, რა გააკეთა პრეზიდენტმა, ერთი წლის ნამუშევარი რატომ მოხვეტა ერთი ხელის მოსმით და გადაყარა ნაგვის ყუთში. ვერ გავიგეთ, რატომ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც თავადვე ამბობდა, რომ იყო მიუღებელი, ერთპარტიული, სახელმწიფოსათვის გამოუსადეგარი, კონსტიტუცია, რომელიც "ქართული ოცნების" თავზე გამოიჭრა და მოერგო ამ პარტიის ინტერესებს.

    "რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება - ეს არის ის კითხვა, რაზეც პრეზიდენტს პასუხი აქვს გასაცემი. ვინმე იარაღით ადგა თავზე, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო?! ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო ამა თუ იმ კანონს, შემდეგ ვეტო დაძლია უმრავლესობამ, პრეზიდენტმა აღარ მოაწერა მას ხელი, შემდეგ ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი და ის კანონი კანონად გადაიქცა. ასე მოხდებოდა ახლაც, თუ პრეზიდენტი იტყოდა უარს ამ ყოვლად მიუღებელი კონსტიტუციის "გაპრავებაზე", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

    "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილის განცხადებით კი, საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერა ძვირად დაუჯდება.

    "პრეზიდენტმა უკან დაიხია, სამარცხვინოდ მოიქცა, რომ გააფორმა საკონსტიტუციო ცვლილებები. მისი ეს ხელმოწერა ძალიან ძვირად დაუჯდება პირადად მის პოლიტიკურ კარიერას, თუმცა მე ეს არ მაინტერესებს, მას რა დაუჯდება. საუბედუროდ, ძვირად დაუჯდება ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

    უნდა მოეწერა თუ არა ხელი პრეზიდენტს მის მიერვე დაწუნებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     სერგო ვადოსანიძე (ისტორიკოსი): "თუ ხელის მოწერას მაინც აპირებდა, მაშინ ვეტო აღარ უნდა დაედო. ვეტოს მერე ხელმოწერას მე ვერანაირად ვერ აღვიქვამ სწორ ნაბიჯად. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ვეტოს დადების არგუმენტი, ისევე როგორც ხელმოწერის, ჩემთვის სრულიად გაუგებარია."

     

     

     

     გოგი თორაძე (რეჟისორი):"როგორც მან განმარტა, სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მოაწერა ხელი. მაგრამ თუ მმართველი პარტიის გარდა ყველას პოზიცია იყო, რომ აქ ჩადებულია ის, რაც კონსტიტუციაში არ უნდა იყოს, მაშინ მათი მოსაზრება ბოლომდე უნდა გატანილიყო მიუხედავად იმისა, რომ ამას უკვე აღარფერი ეშველებოდა, რადგან პარლამენტმა ვეტო დაძლია. ვფიქრობ, რაც უნდა იყოს, შენი პოზიცია მაინც ბოლომდე უნდა შეინარჩუნო."

     

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "მე ვფიქრობ, თავიდანვე, ვეტოს გარეშე უნდა მოეწერა ხელი. კონსტიტუციაში ისეთი რაღაცები წერია, რასაც, დარწმუნებული ვარ, რომ ნაწილობრივ მაინც იზიარებს პრეზიდენტი.

    "სიმართლე რომ გითხრათ, ვეტოს დადებაზე გულიც კი დამწყდა. არ ვიცი, ვეტოების გეგმა უნდა შეესრულებინა, თუ რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ ძალიან გამიხარდა, რომ ბოლოს მაინც მოაწერა ხელი. ეს ნამდვილად იყო სახელმწიფოებრივი მიდგომა."

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი): "მიმაჩნია, რომ ხელი უნდა მოეწერა, რადგან მან თავისი პოზიცია ვეტოს დადებით გამოხტა. შემდეგ უკვე ეს კონფლიქტი აღარ გააღრმავა და ხელი მოაწერა.

    "მე ამას სრულიად არ მივიჩნევ პრეზიდენტის მხრიდან უკან გადადგმულ ნაბიჯად. პირიქით, ის ნაკლები გამწვავების გზით წავიდა. იცოდა, ხელი რომც არ მოეწერა, ვეტო დაძლეული იყო და პარლამენტი მას მაინც მიიღებდა.

    "ასე რომ, ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან მკაფიოდ გამოხატავს თავის აზრს და შემდეგ ცდილობს, ნაკლები კონფლიქტი გამოიწვიოს. მე ამას ვესალმები."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter