სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    18.10.2017

    "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგის შუალედურ შედეგებს აქვეყნებს: ორგანიზაციის დაკვირვებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 2017 წლის 1-ლი ივნისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით გამოიკვეთა რამდენიმე ნეგატიური ტენდენცია, რასაც შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოეხდინა საარჩევნო პროცესზე.

    მათი თქმით, განსაკუთრებით პრობლემური იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული თანამშრომლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა.

    როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობაში" აღნიშნავენ, ფაქტობრივად, ყველა რეგიონში ჰქონდა ადგილი მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" საარჩევნო ღონისძიებებზე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების მასშტაბურ მობილიზებას.

    კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ გარკვეული კითხვები გააჩინა ახალი გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილებამ, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შეეცვალა მოადგილე ნინო ლომჯარია, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის საკითხს ზედამხედველობდა.

    როგორ მიგაჩნიათ, წინასაარჩევნო ბრძოლა თანაბარ პირობებში მიდის თუ არა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     მიხეილ ღანიშაშვილი პოეტი): კვლევის გარეშე, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ პოლიტიკური ძალები არათანაბარ სიტუაციაში არიან. სახელისუფლებო პარტია იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და ცდილობს, ამ მეთოდით შეინარჩუნოს ხელისუფლება. საქართველოში ეს ძალიან სამწუხარო ტენდენციაა და არც "ქართული ოცნების" აღმოჩენა არ გახლავთ. მანამდეც ყველა ხელისუფლება ასე იქცეოდა. ცუდი ის არის, რომ "ოცნება" ყველაფერი ცუდის შეცვლას აპირებდა და როგორც ხედავთ, კი არ გამოსწორდა, პირიქით, გადააჭარბა კიდეც.

     

     გოგი თორაძე (რეჟისორი): თანაბარ პირობებში იმ თვალსაზრისით მიმდინარეობს, რომ, როგორც მე ვხედავ, ყველას ეთმობა თანაბარი სატელევიზიო ეთერი. ვისაც რა უნდა, იმას ამბობს და ამასთანავე, საკუთარ პროგრამებს წარმოაჩენენ. შესაბამისად, ყველას აზრს ვუსმენთ, საკუთარ არჩევანს კი რამდენიმე დღეში გავაკეთებ.

     

     

     

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე):მეტ-ნაკლებად თანაბარ პირობებში მიმდინარეობს. უბრალოდ, სატალევიზიო ეთერებიდან დიდი დოზით არის ღვარძლი, შეუფერებელი ლანძღვა და ეპითეტებით შემკობა. ახლა ამბობენ, გინდა თუ არა, ბაღის მასწავლებლები შეხვედრებზე რატომ დადიანო. მე ჩემ გარშემო ვიცი რამდენიმე ადამიანი, ვინც ხმას მმართველ ძალას აძლევს და რა ვუთხრა, არ გაბედო შეხვედრაზე წამოსვლაო? ასე რომ, რაც არ უნდა ძალით მიიყვანონ ხალხი, ჯიხურში რომ შევა ამომრჩეველი, არავის ეცოდინება, ვის მისცემს ხმას. ამიტომ, ყველა თავისი სინდისის წინაშე იყოს მართალი.

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): საქართველოში წინასაარჩევნო ბრძოლა თანაბარ პირობებში არც ყოფილა და არც იქნება, ალბათ. ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ დემოკრატიული ფასეულობები დავიცვათ და ხელი არ გადაგვიცდეს. ვგულისხმობ როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციურ პარტიებს. დღევანდელ პირობებში ბუნებრივია, უფრო მეტად სახელისუფლებო პარტიებს წაუცდება ხელი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე. თუმცა, იმავეს აკეთებდა ყველა წინა ხელისუფლება. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს ვითარებაა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter