სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    28.09.2017

    საქართველოს ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით უკვე მიღებულია. პროექტი 117 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ამ ნაბიჯით ისინი დიდხანს იამაყებენ. თუმცა, მმართველი პარტიის გარდა, ახალი კონსტიტუციური პროექტი არც ოპოზიციას და არც პრეზიდენტს არ მოსწონს.

    დაადებს თუ არა ვეტოს პრეზიდენტი ახალ კონსტიტუციას, ჯერჯერობით უცნობია. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენებასა და მხოლოდ იმ შენიშვნების ასახვას სთავაზობს, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების ბონუსების სისტემის გაუქმებასა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება.

    ამასთან დაკავშირებით კი პრეზიდენტი მმართველ გუნდსა და ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, კონსულტაციებს სთავაზობს. კონსულტაციები დღეს პრეზიდენტის სასახლეში 16:00 საათზეა ჩანიშნული.

    კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად უკეთეს თუ უარეს კონსტიტუციას მივიღებთ? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ერთპარტიული კონსტიტუცია მივიღეთ, ასე გამოდის, რადგან სხვა პარტიების ხედვების არანაირი გათვალისწინება არ მოხდა. არა მგონია, რომ ეს კარგი იყოს.

    ვფიქრობ, ხელისუფლება მოქნილი უნდა ყოფილიყო და თუნდაც სტრატეგიული, პოლიტიკური თუ ტაქტიკური თვალსაზრისი უნდა გაეთვალისწინებინა. ვფიქრობ, შეიძლება ამ კონსტიტუციამ ასეთი ფორმით დიდხანს ვერ გასტანოს.

     

     მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ძნელია თქმა. არის დადებითი მომენტები და არის ხარვეზები. ოპოზიციას რომ ვკითხოთ - უკეთესი მმართველი ჯგუფისთვისაა. თუ მმართველს ვკითხვათ, იტყვიან, რომ უკეთესია, მათ შორის - ოპოზიციისთვის.

    მიმაჩნია, რომ მთლიანობაში კარგია. გარკვეული პროგრესი, წინსვლის პერსპექტივა არის. სხვა საქმეა, რომ ჯერ სრულყოფილი არ არის და რაღაცები კიდევ შეიძლება, შეიცვალოს.

    რასაკვირველია, ოპოზიცია წინააღმდეგია, რადგან მათ აქედან მეტი სარგებლის მიღება უნდოდათ, განსაკუთრებით - საარჩევნო სისტემის კუთხით. იმისთვის, რომ პარლამანეტში, საკრებულოებში უფრო მეტად მოხვედრილიყვნენ.

    ეს ის ოპოზიციური ჯგუფია, რომელმაც თავის დროზე კონსტიტუცია შეგვიცვალა, თავის თავზე მოირგო და ახლა არ მოსწონს ის, რომ გარკვეულწილად მმართველი გუნდი თავის თავზე ირგებს. მაინც მიმაჩნია, რომ წინა კონსტიტუციისგან განსხვავებით მცირე, თუმცა პროგრესი არის.

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): სამწუხაროდ, კონსტიტუციის ახალი და ძველი ვარიანტი წაკითხული არ მაქვს და პასუხი გამიჭირდება, რადგან ჩემი პასუხი კომპეტენტური არ იქნება. შინაგანად ვფიქრობ, რომ უარესი არ იქნება. უკეთესის მოლოდინში ვარ. მაგრამ, დილეტანტურია, რადგან წაკითხული და შედარებული არ მაქვს.

     

     

     

     

     რეზო მიშველაძე (მწერალი): ჯერ მოგახსენებთ იმაზე, რომ თუ საკონსტიტუციო კომისია ოპოზიციის ყველა შენიშვნას გაითვალისწინებდა, ოპოზიცია მაინც უკმაყოფილო დარჩებოდა.

    ერთი წუთით წარმოიდგენით, რომ ოპოზიცია გამოვიდოდა და იტყოდა, აი ახლა კი საქართველოსთვის საჭირო, ჭეშმარიტად ევროპული კონსტიტუცია მივიღეთო. ასეთი რამ არ მოხდებოდა.

    ამიტომ, ეს კონსტიტუციაც, ისევე როგორც წინა კონსტიტუციები, ჩვენსზე დემოკრატიულ ეპოქაში კრიტიკისათვის განწირული იყო და არის.

    რაც შეეხება კონსტიტუციას, რომელიც მიღებულ იქნა, თუ კონსტიტუციის უმთავრესი ნაკლი ის არის, რომ პროპორციული არჩევნები ბოლოს და ბოლოს 2024 წელს უნდა ჩატარდეს, მაშინ ძალიან კარგი კონსტიტუცია გვქონია.

    ჩვენს კონსტიტუციაში რომ ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშეა ჩაწერილი, საქართველოს მიწა უცხოელებს არ მიეყიდოსო, ჩემთვის, როგორც ქართველი მწერლისთვის, მთავარი ეს არის და არა ის, პროპორციული არჩევნებით საქართველოს ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრობის" წევრები ან მისი გამყოფნი, ან მისი მიმდევარი პარტიები როდის მოვლენ.

    მეჩვენება, რომ მათ უფრო ხელისუფლებაში მოსვლა ეჩქარებათ, ვიდერე კონსტიტუციის, როგორც ქვეყნის უმთავრესი კანონის სრულყოფა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter