სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    26.09.2017

    პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვის მიზნით რიგგარეშე სხდომა დღეს, 26 სექტემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

    როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ელექტრონული საქმის წარმოების სისტემის მეშვეობით 24 სექტემბერს 14:01 საათზე გაიგზავნა მოთხოვნა პრეზიდენტთან რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თაობაზე.

    პრეზიდენტმა მოთხოვნას უარით უპასუხა და რიგგარეშე სხდომის გამართვაზე ნებართვას ხელი არ მოაწერა, თუმცა მოთხოვნიდან 48 საათის გასვლის შემდგომ პარლამენტს უფლება აქვს, რიგგარეშე სხდომა თავად დანიშნოს.

    როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აცხადებს, ეს უარი პრეზიდენტის პოლიტიკური აქტის გამომხატველია.

    "საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, არ დანიშნოს რიგგარეშე სხდომა იმიტომ, რომ, პირველ რიგში, კონსტიტუციის პროექტს აქვს არაერთი ხარვეზი. მათ შორის მთავარი არის ის, რომ ის თანხმობის დოკუმენტი არ არის.

    "ამავე დროს პროექტის შემუშავება ნაჩქარევად მოხდა და მასში არ არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. შედეგად ჩვენ ვიღებთ ერთპარტიულ დოკუმენტს.

    "ამავე დროს პროექტი ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ელემენტარულ ბალანსსაც კი და, შესაბამისად, ქმნის ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს.

    "ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას არ ნიშნავს. ეს არის პრეზიდენტის პოლიტიკური აქტი, რადგან, კონსტიტუციის თანახმად, უმრავლესობას თვითონაც შეუძლია, შეიკრიბოს 48 საათის გასვლის შემდეგ", - განაცხადა ანა დოლიძემ.

    პარლამენტისგან რიგგარეშე სხდომის მოთხოვნაზე პრეზიდენტის უარი რას ემსახურება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ეს იმის მანიშნებელია, რომ შტოებს შორის არ არის თანხმობა, რაც ძალიან ცუდია ქვეყნის პრესტიჟისთვის.

    ქვეყნის ძლიერებას პირველ რიგში ის განსაზღვრავს, რომ ხელისუფლების შტოებს შორის არის სრული თანხმობა და ისინი ერთად იბრძვიან საზოგადოების კონსოლიდაციისთვის.

    ახლა, ამ ქმედებით საქმე გვაქვს იმის დემონსტრირებასთან, რომ მსგავსი თანხმობა არ არსებობს და, ბუნებრივია, ასეთ პირობებში საზოგადოების კონსოლიდაციაზე საუბარი ზედმეტია.

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი):  ეს ნიშნავს, რომ არის ბევრი პრობლემა. ეს არ არის ის დოკუმენტი, რომელიც საზოგადოებისთვის არის ღირებული, თუმცა პრეზიდენტის ქმედება პირდაპირ კავშირშია იმ პრობლემასთან, რასაც კონსტიტუცია ჰქვია.

    მის ქცევას განაპირობებს პოლიტიკური ანგაჟირება და არ გამომდინარეობს იმ პრობლემიდან, რომელიც კონსტიტუციაშია და ეს ყველაფერი ნათელია როგორც საზოგადოებისთვის, ისე პოლიტიკური სპექტრისთვის.

     

     იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი):  ეს უკავშირდება პრეზიდენტის უაზრობას. ასე შეიძლება პირდაპირ რომ ჩაიწეროს. პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს უარი პარლამენტის მიერ იქნება დაძლეული.

    ეს არა მხოლოდ უაზრობა, არამედ ცინიზმი და აგდებული დამოკიდებულებაა. უნდა იცოდეთ, რომ ამას ისევ ვეტოს დაძლევა მოსდევს.

     

     

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი):ეს ბატონ პრეზიდენტს უნდა შეეკითხოთ. მე ალბათ უფრო იმ კინკლაობას განვიხილავ, რომელიც ამ შტოებს შორის არსებობს და რამდენჯერმე უკვე ვთქვი კიდეც, რომ ეს მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოს აზიანებს.

    ეს შტოები თავადვე უნდა შეთანხმდნენ, რა ტიპის უთანხმოებაა მათ შორის, რადგან ეს ქვეყანაზე დადებითად ნამდვილად არ აისახება.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter