სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    22.09.2017

    მმართველი გუნდი საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ორ დათმობაზე მიდის. კერძოდ, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი, უმრავლესობა შეჯერდა ორ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში აისახება:

    პირველი - ერთჯერადად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, საარჩევნო ბლოკებსაც მიენიჭებათ;

    მეორე - მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება ე.წ. ბონუსის გარეშე და მანდატები პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც არჩევნებში ხმათა ხუთ პროცენტზე მეტს მიიღებს.

    რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა "ინტერპრესნიუსს" კობახიძის განცხადების საპასუხოდ უთხრა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ცინიკურია.

    "ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ ჩატარდება არჩევნები 2020 წელს. 2020 წელს ბლოკების ერთჯერადად დატოვებას ისედაც გვპირდებოდნენ, აქ სიახლე რა არის? ჩვენ ვიცით ერთი რამ, ამ ხელისუფლებამ ხალხთან განიხილა არჩევნების პროპორციული სისტემა, მაგრამ მიიღეს შერეული სისტემა, ანუ ხალხი მოატყუეს. ახლა იქ ბლოკს დატოვებენ თუ არა, ამას რა მნიშვნელობა აქვს? ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული, მოატყუა საკუთარი მოსახლეობა, მოატყუა ევროპა და ამ რაღაცით ცდილობს თავი გაიმართლოს.

    "გასაგებია, რომ წავიდნენ ამაზე, მაგრამ ეს არის უზურპატორი ხელისუფლება, რომელიც არ ითვალისწინებს არაფერს, არც პოლიტიკური ოპონენტების აზრს, არც ვენეციის კომისიის, შესაბამისად, ეს ხელისუფლება ცუდად დაამთავრებს. ჰგონიათ, რომ ხალხს არაფერი არ ესმის, პრეზიდენტს არაფერი ესმის, ბუკიკიო სულელია და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ცუდად დაამთავრებს," - განაცხადა ბერძენიშვილმა.

    ბლოკების ერთჯერადად დატოვება, არის თუ არა ხელისუფლების მხრიდან კონსესუსის მცდელობა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

     სერგო ვარდოსანიძე(არქიტექტორ-ურბანისტი): ბლოკები არ უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური ცხოვრებიდან. ამიტომ, მგონია, რომ ეს ნამდვილად არის ხელისუფლების მხრიდან კონსესუსისკენ გადადგმული ნაბიჯი.

     

     

     

     

     გია ანჩბაძე ისტორიკოსი):რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლების მხრიდან კონსესუსის მიღწევის მცდელობა. ახლა საპასუხო ნაბიჯი ოპოზიციამაც უნდა გადადგას.

     

     

     

     

     იგორ კვესელავა (ისტორიკოსი) :საერთოდ ეს ბლოკების გაუქმება აბსოლუტური სისულელეა, უფრო მეტად დააქუცმაცებენ პარტიებს. ამ ბლოკის საშუალებით პარტიებს საშუალება ჰქონდათ, ერთად გამოსულიყვნენ ასპარეზზე. ხელისუფლებამ ჯერ ის თქვა, მოდი, არ იყოს ეს ბლოკებიო და ამაზე ატყდა ერთი ამბავი, ახლა დავტოვებთ ბლოკებსო და ისევ არ მოსზონთ. მოკლედ, ასეთი ამბავია.

     

     

     ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): ბლოკების დატოვება არ მგონია სიახლე იყოს. აქამდეც ხდებოდა ხოლმე. პარლამენტში შედგიოდნენ ბლოკის სახით და იშლებოდნენ, ამის მაგალითი ბევრია. ამიტომ, არ მგონია ეს რაიმე ახალი იყოს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter