სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    21.09.2017

    საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაცია და ოპოზიცია კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ალტერნატიულ ვერსიაზე შეთანხმდნენ. დოკუმენტი "ქართულ ოცნებასა" და ვენეციის კომისიას გადაეგზავნა.

    მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი აუცილებლობა გაიაზრა და თანხმობამდე მივიდა.

    "ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რაღაც დათმო, მაგრამ თანხმობა შედგა. ახლა ეს დოკუმენტი "ქართულ ოცნებასა" და ვენეციის კომისიას გადაეგზავნება იმ იმედითა და განცდით, რომ, როგორც საზოგადოებამ, როგორც პოლიტიკურმა კულტურამ, ჩვენ საერთომდე და თანხმობამდე მისვლა უნდა შევძლოთ.

    "ყოველ შემთხვევაში, ის მითი, თითქოს საქართველოში განსხვავებული შეხედულებების ადამიანები ვერასდროს ვერაფერზე თანხმდებიან, ნამდვილად დამსხვრეულია. სრულიად განსხვავებული შეხედულების პარტიები დგანან გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ერთ პოზიციაზე.

    "ამისათვის საჭიროა თანხმობის სულისკვეთება, დიალოგი, სადაც შენ არა ხელის გადაწევას, არამედ სხვის აზრს მოისმენ. იმედი მაქვს, რომ ეს დოკუმენტი საპარლამენტო უმრავლესობას უბიძგებს, რომ თავის ძალიან უკომპრომისო პოზიციას გადახედოს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა, საკონსტიტუციო ცვლილებების საკუთარი ვერსია შექმნან და "ქართულ ოცნებას" გააცნონ.

    კონსტიტუციის საბოლოო ვერსიას პარლამენტი 26 სექტემბერს მესამე მოსმენით კენჭს უყრის. მანამდე, სავარაუდოდ, 22 სექტემბერს, ვენეციის კომისიის დასკვნა გახდება ცნობილი.

    კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით არსებობს თუ არა კონსენსუსის შანსი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     გოგი თორაძე (რეჟისორი): არ ვიცი, პრეზიდენტმა რა ალტერნატიული ვარიანტი და ვისთან ერთად შესთავაზა. მაგრამ, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ადამიანს სხვისი აზრის მოსმენა და დასკვნის გაკეთება არ შეუძლია.

    ამ შემთხვევაში, ერთპიროვნულად ამის მიღება ცოტა სიჯიუტე უფროა, ვიდრე რეალური. ამიტომ, ადამიანი როდესაც რაღაცას გირჩევს, მოსმენა აჯობებს.

    შეიძლება, ერთი ადამიანი მართლაც ცდებოდეს, მაგრამ როდესაც 50 ადამიანი ერთსა და იმავეს ამბობს, მოსმენა აჯობებს. 50 ადამიანიდან არ შეიძლება, ყველა ცდებოდეს.

    მე, მაგალითად, ფილმებს რომ ვიღებ და 10 კაცი მეუბნება, ეპიზოდში რაღაც ცოტა ისე მეჩვენებაო, აუცილებად ვითვალისწინებ, რადგან 10 კაცს არ ეშლება.

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  არანაირი შანსი არ არსებობს. ეს ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო მანამ, სანამ ამ საკითხის დარეგულირება მოლაპარაკებების გზით შეიძლებოდა.

    ახლა რასაც ბატონი პრეზიდენტი აკეთებს, ჩემი მისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ვთქვა, ამას არც გაიზიარებენ და ამ შემთხვევაში იგი გამოვა, როგორც ოპოზიციური ძალების ინტერესების გამომხატველი.

    ამას მხოლოდ პროპაგანდისტული სახე აქვს და არა - რეალური, რომ კონსტიტუციაში ცვლილება შევიდეს. კონსენსუსი არ შედგება.

     

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ჩემი აზრით, საერთოდ ხელისუფლების შტოები უფრო მეტ დროს ერთმანეთთან კინკლაობაში ხარჯავენ, ნაკლებს კი - ერთობლივ საქმიანობაზე, რომელიც ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება.

    ამ ყველაფერს ჩვენი გაუბედურებული მოსახლეობა უყურებს. არა მგონია, ასე ადვილად შეთანხმდნენ, თუ ზემოდან ვინმემ არ თქვა, რომ ასე არ ღირს. ძალიან იშვიათია, რომ ერთმანეთთან შევთანხმდეთ. ერთმანეთთან შეთანხმება გვიჭირს.

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ვფიქრობ, რომ არ არსებობს. პროცესი ღრმად არის შესული. ეს ადრე უნდა გაკეთებულიყო.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter