სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    19.09.2017

    "აუცილებლად დაისჯება ყველა პირი, ვინც შეგნებულად ან შეცდომით დაუშვა ბავშვების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შუახევის სკოლაში, პირველი კლასის მოსწავლეების "ქართული ოცნების" დროშებით გადაღებული ფოტოს კომენტირებისას განაცხადა.

    ჯეჯელავას თქმით, განათლების სამინისტროს მიერ ამ საკითხზე მოკვლევა დაწყებულია და მისი შედეგები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი.

    "ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ან უხეშ დარღვევასთან, ან გამიზნულ მოქმედებასთან. ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა გუშინწინ, როდესაც ეს ინფორმაცია მივიღეთ.

    "ძალიან პრინციპული საკითხია და სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი ან თუნდაც წესებიდან გადაცდომა.

    "საინტერესო ის არის, რომ მიგვითითებს და რჩევებს გვაძლევს "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც სკოლის პოლიტიზების პრაქტიკა შექმნა. მათ ამ თემაზე სალაპარაკო ნამდვილად არ აქვთ.

    "ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ ის არის, რომ სკოლები სრულად თავისუფალია პოლიტიკური პროცესისგან და მომავალშიც ასე იქნება", - განაცხადა ჯეჯელავამ.

    მინისტრი შუახევის სკოლის მასწავლებლისა და დირექციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს. ამასთან, აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს გაფრთხილება, საყვედური და უკიდურეს შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლება.

    სკოლებში პოლიტიკური აგიტაცია დასაშვებია თუ არა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

     ლელა ოჩიაური კინომცოდნე):  კეტეგორიულად გამორიცხულია, როგორც სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში პოლიტიკური აგიტაცია. ერთადერთი, რისი აგიტაციაც შეიძლება მოხდეს, ეს სამშობლოს სიყვარულია.

    თუ მაინც მოხდა მსგავსი რამ და ეს პირველი "შეცდომაა", პედაგოგს უნდა მიეცეს მკაცრი გაფრთხილება, მაგრამ თუკი მეორედ და მესამედ განმეორდა მსგავსი ფაქტი, ვფიქრობ, საერთოდ უნდა ჩამოერთვას მას პედაგოგის სტატუსი და სწავლების უფლება.

     

     მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი):  ყოველად მიუღებელია საგანმანათლებლო სისტემებში მსგავსი ქმედება. ეს არის ტოტალიტარობის გამომხატველი ნიშანი, როდესაც ამას ხელისუფლება იწყებს.

    ცალსახად მიუღებელია და ვერანაირ გამართლებას ვერ მოუძებნის ამას ვერავინ. ეს პედაგოგების ინიციატივა არ იქნება და პოლიტიკური აგიტაცია ყოველთვის "ზემოდან" მოდის, ამიტომ ვფიქრობ, პირველ რიგში, განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

     

     გია ანჩბაძე (ისტორიკოსი): რა თქმა უნდა, არა. სკოლებში უნდა ისწავლებოდეს ის, რაც სასწავლო პროგრამით არის გათვალისწინებული. პოლიტიკური აგიტაცია დაუშვებელია.

     

     

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): არც უმაღლეს სასწავლებლებში და არც სკოლებში არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკური აგიტაცია. სკოლა და უმაღლესი უნდა იყოს ის ხელშეუხებელი სივრცე, რომელიც ახალგაზრდობას ზრდის იმ მოქალაქეობრივი თვალსაზრისით, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმთავრესი არის სწავლა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლი   (20.09.2017)
    მიხარია პატივცემულო რესპოდენტებო, რომ თქვენში გარღვევას ვხედავ, , ანუ დაიწყეთ თქვენი აზრების დემონსტრირება და ისევ ხელისუფლებას არ უგორებთ კოჭებს. რაც იმის მანიშნებელია, რომ ეს მიძინებული ადამიანების მასა, ნელ-ნელა, მაგრამ აშკარად ფხიზლდებიან!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter