სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    16.09.2017

    ელიავას ბაზრობა სხვა ტერიტორიაზე შესაძლოა, აღარ გადავიდეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ელიავას ბაზრობის ერთ-ერთმა მეწილე ზაზა მეტრეველმა განუცხადა, ბაზრობის ხელმძღვანელობას თბილისის მერი დავით ნარმანია შეხვდა და დაჰპირდა, რომ ბაზრობა სხვა ტერიტორიაზე არ გადავა.

    ზაზა მეტრეველის თქმით, ნარმანია მათ ასევე დაჰპირდა, რომ ტერიტორია ისე შეიცვლება, რომ არც ბიზნესი დაზარალდეს და მოსახლეობაც კმაყოფილი იყოს.

    "ერთობლივი პროექტით რაღაც სახე მიეცემა ელიავას ბაზრობას ისე, რომ ბიზნესიც არ დაზარალდეს და მოსახლეობისთვისაც ხელსაყრელი იყოს", - განაცხადა ზაზა მეტრეველმა.

    მისივე თქმით, თბილისის მერის დაპირების თანახმად, ტერიტორიის გამწვანება მოხდება ბაზრობის გადატანის გარეშე.

    "დაპირება იყო, რომ ბაზრობა ტერიტორიიდან არ გადავა. ჩვენ თვითონაც გვინდა, რომ უფრო მეტი გამწვანება იყოს", - განაცხადა ზაზა მეტრეველმა.

    უნდა გადავიდეს თუ არა ელიავას ბაზრობა სხვა ადგილას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

     ირმა სოხაძე (მომღერალი):  "თუ იქ მართლა ლამაზი პარკი გაშენდება და არის შესაძლებლობა, რომ იყოს დასასვენებელი ადგილი, რატომაც არა. იმის აუცილებლობას, რომ მაინცდამაინც მანდ უნდა იყოს ბაზრობა, მე ვერ ვხედავ, მაგრამ რომც დარჩეს, არც ამაში ვხედავ ტრაგედიას.

    "ხანდახან ჩვენ მოვლენების გაზვიადება ვიცით, რომ თუ ბაზრობა გადაიტანეს, უბედურებაა და თუ დარჩა - კიდევ უარესი. არ ვიცი, როგორც საჭიროდ ჩათვლიან, ისე უნდა გააკეთონ. თუმცა, თუ სხვა ტერიტორიაზე გადავა ბაზრობა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, ყველა მოვაჭრე შესაბამისი პირობით იყოს დაკმაყოფილებული."

     

     გივი სიხარულიძე (პოეტი, მსახიობი): "ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან იქ ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანია დასაქმებული. ეს ხალხი სადღაც სხვაგან გადაიყვანონ, კიდევ უფრო გააუბედურონ და ლუკმაპური დააკარგვინონ - ეს მიუღებელია. იმ შემთხვევაში, თუ ამ ხალხს დააკმაყოფილებენ და გააბედნიერებენ, მაშინ გადავიდეს ბაზრობა ტერიტორიაზე, სხვა შემთხვევაში ამას არ ვემხრობი."

     

     

     თედო დონდუა (ისტორიკოსი): "მე რომ სახლში რემონტს ვაკეთებდი, 2001-2002 წლებში, ელიავას ბაზრობა იქ რომ არ ყოფილიყო, სადაც ახლა არის, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებდით. თუ სხვა ლამაზი შენობები და პავილიონები აშენდება, პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს.

    "ელიავას ბაზრობა, რა თქმა უნდა, სიმახინჯე და სირცხვილია. ამასთან, არ არის დაცული უსაფრთხოება. ცოტა ხნის წინ საღებავების მაღაზია დაიწვა და მსხვერპლიც კი იყო. ამიტომ მოსაწესრიგებელი ნამდვილად არის. თუმცა ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული იმ ადამიანების ინტერესები, რომლებიც ელიავაზე მუშაობენ."

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  "თუ იქნება ხელსაყრელი პირობები, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, რომ ელიავას ბაზრობამ ტერიტორია შეიცვალოს. ქალაქი ვითარდება და ამასთან, ისეთი ფართო მასშტაბები მიიღო ამ ბაზრობაზე ვაჭრობამ, რომ ეს უკვე ძალიან აბინძურებს გარემოს.

    "ამიტომ, თუკი გამოიძებნება ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება ამ ბაზრობის გადატანა, ეს ძალიან კარგი და სწორი იქნება."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ***   (17.09.2017)
    იქ ხალხი რომ ცხოვრობს და ბავშვები ჰყავთ არცერთს არ მოსვლია თავში.ცემენტი,რკინის მტვერი ,სატვირთოების და ა.შ მანქანების გამონაბოლქვი,შესადუღებელი აპარატის კვამლი,ხმაური არ არის ხალხი ცოდო არა?


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter