სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსსააკაშვილთან სადილის არცთუ მოკრძალებული ხარჯები ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაიხადა(17.07.2010)
    პირველი
    ბათუმში საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს ჩაწერის დროს გამართული სადილის არცთუ მოკრძალებული ხარჯები გადაცემა "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს" ავტორმა და წამყვანმა, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაიხადა. ამის შესახებ თავად ჟორჟოლიანი აცხადებს, რომელმაც საკუთარი შოუს ბოლო გადაცემის ბიუჯეტთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოაქვეყნა. "პრეზიდენტის ინტერვიუს ჩაწერის დროს ხალხს ვეპატიჟებოდი, ზოგი კი თავისით მოდიოდა. ყველას გამოვუცხადე, "მიირთვით, რაც გნებავთ" - თქო. ბოლოს, ანგარიში რომ მომივიდა, გული გამისკდა. თანხა ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იყო და ჩემი ჯიბიდან გადავიხადე. როდესაც ოფიციანტმა კარტა გაატარა, მითხრა მასზე არსებული თანხა არ კმარაო, სად წავსულიყავი აღარ ვიცოდი. დავალიანება მეორე დღესვე დავფარე, როდესაც ჩემი ქმარი ბათუმში ჩამოვიდა. რესტორანს ფული დაცვამ მიუტანა. ზუსტი თანხის დასახელება უხერხული იქნება, მაგრამ იმ წუთას ჯიბეში რომ არ მქონდა, იმედია მიხვდით, რომ ცოტა არ იყო. ასე რომ, პრეზიდენტისა და იმ ხალხის სადილი ჩემი პირადი ბიუჯეტიდან დაფინანსდა", - აცხადებს ჟორჟოლიანი. რაც შეეხება თავად ბათუმში ჩაწერილი შოუს მთლიან ბიუჯეტს, ნანუკა ჟორჟოლიანმა განმარტა, რომ გადაცემის ჩაწერა სულ რაღაც 20 ათასი დაჯდა. "დღეს ისიც კი მითხრეს, რომ ბათუმის გადაცემა თურმე 300 000 დაჯდა. ამ ინფორმაციამ მითების დამსხვრევის ხასიათზე დამაყენა და ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა: ვიქირავეთ სცენა, "მზისგან" ეკრანი, ხმა და ერთი კრანი, რაც მთლიანად 20 000 დაჯდა. ზუსტი თანხა არ მახსოვს, მაგრამ ხელვაჩაურში თეთრი ნაჭერი ვიყიდეთ. ერთი მეტრი ნაჭრის ფასი 4 ლარი იყო", - ამტკიცებს ნანუკა ჟორჟოლიანი.
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარს"ქრისტიან-დემოკრატები" საპატრიარქოსათვის საკუთარი სამაუწყებლო სიხშირის გამოყოფას ითხოვენ(22.06.2010)
    ჯი-ეიჩ-ენი
    "ქრისტიან-დემოკრატები" საპატრიარქოსათვის საკუთარი სამაუწყებლო სიხშირის გამოყოფას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, საპატრიარქოსათვის სამაუწყებლო სიხშირის გათიშვის პრობლემა პერმანენტულად იქმნება, რომლის ძირითადი მიზეზიც ის არის, რომ მიუხედავად მრავალჯერადი დაპირებისა ვერა და ვერ მოხერხდა ტელეკომპანიისათვის საკუთარი სამაუწყებლო სიხშირის გამოყოფა. როგორც ახვლედიანი აღნიშნავს, საპატრიარქოსათვის საკუთარი სამაუწყებლო სიხშირის გამოყოფასთან დაკავშირებით "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივით მოლაპარაკება არაერთხელ დაიწყო, მაგრამ ჯერჯერობით სასურველი შედეგი არ მოჰყოლია და სწორედ ამიტომ ითხოვენ, რომ აღნიშნული პრობლემა გადაწყდეს. "ქრისტიან-დემოკრატები მოვუწოდებთ მარეგულირებელ კომისიას შეასრულოს მაწუყებლობის კანონით დაკისრებული ვალდებულება და ჩაატაროს სოციოლოგიური კვლევა, რომელიც 4 წელია არ ჩატარებულა. სწორედ ამ მიზეზით დღემდე შეჩერებულია მაუწყებლებისთვის ლიცენზიის გაცემა. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ემხრობა საპატრიარქოს ტელევიზიის არსებობას. საზოგადოების ნების განხორციელებას კი ხელი უნდა შეუწყოს, როგორც მარეგულირებელმა კომისიამ, ისე ხელისუფლებამ", - აღნიშნა ახვლედიანმა.
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსრამიშვილი რადიო "პალიტრის" ეთერში ახალ პროექტს იწყებს(10.06.2010)
    ინტერპრესნიუსი

    ჟურნალისტი შალვა რამიშვილი რადიო "პალიტრის" ეთერში ახალ პროექტს იწყებს .

     გადაცემა "ცენტრი" 14 ივნისიდან, ყოველ სამუშაო დღეს, 20:00 საათზე გავა ეთერში. "შევეცდები, მსმენელებს ცნობილი სახეები სხვადასხვა რაკურსით დავანახო.

    "პალიტრაზე" არჩევანი კი, რადიოში არსებული სარედაქციო დამოუკიდებლობის გამო გავაკეთე", - აღნიშნა რამიშვილმა.

    რაც შეეხება რამიშვილის პროექტს "სამსონაძეები", რომელიც ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადის, ჟურნალისტის თქმით, პროექტი უკვე დასრულდა, ხოლო გაგრძელდება თუ არა "სამსონაძეები" ახალი სატელევიზიო სეზონიდან, ჯერ უცნობია.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსჭანტურიამ დაადასტურა, რომ "პირველ არხზე" გადაცემები იხურება(02.06.2010)
    ინტერპრესნიუსი

    “საზოგადოებრის მაუწყებელზე” მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება მაუწყებლის გენდირექტორმა გია ჭანტურიამ გააკეთა.. მისი თქმით, "პირველი არხზე~ 11 ივნისიდან ყველა გადაცემა დაიხურება, საინფორმაციო პროგრამა „მოამბის" გარდა. შეწყდება პოლიტიკური თოქშოუები და გასართობი პროგრამებიც.

     ჭანტურიას განმარტებით, გადაცემები დაიხურება “პირველ არხის” რეორგანიზაციის ადრე შემუშავებული გეგმის მიხედვით, თუმცა, ეს პროცესი დააჩქარა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატმა, რომლის ექსკლუზიური ჩვენების უფლება საქართველოში “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” შეიძინა.

    "მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან იწყება და ივლისის ბოლოს მთავრდება. დღეში დაახლოებით ხუთი მატჩის ჩვენება შედგება, რაც ძალიან დიდ დროს მოითხოვს. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გადაცემები ამ დროისთვის შეჩერდეს", - განაცხადა ჭანტურიამ.

    “პირველ არხზე” ახალი სატელევიზიო სეზონი, ახალი საეთერო ბადით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება. მანამდე კი, მთლიანად “საზოგადოებრივი მაუწყებლის” რებრენდინგი მოხდება, რათა მაუწყებლის ყველა არხს ერთიანი სახე ქონდეს.

    ჭანტურიას თქმით, გადაცემების დახურვას სამსახურიდან თანამშრომელთა დროებით გაშვება მოჰყვება, თუმცა, ნაწილს ისედაც ამოეწურა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დადებული კონტრაქტი, რომელიც ახალ სატელევიზიო სეზონამდე აღარ გაგრძელდება.

    "დღეისათვის “საზოგადოებრივ მაუწყებელში” სულ დასაქმებულია 1030 ადამიანი. მთლიანი სახელფასო ბიუჯეტი წელიწადში 14 მლნ ლარს შეადგენს, რაც მაუწყებლის ბიუჯეტის 64 პროცენტია. ჩვენ გვინდა, რომ ამ პროცენტმა 50 %-ზე დაბლა დაიწიოს. თანამშრომლების ნაწილთან კონტრაქტის განახლება დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად წარმატებით გაივლიან ისინი კონკურსს, რომელიც სავარაუდოდ, სექტემბერში, საეთერო ბადის განახლებასთან დაკავშირებით გამოცხადდება", - განაცხადა ჭანტურიამ. მან არ დააკონკრეტა თანამშრომლების ის რაოდენობა, რომელთანაც მაუწყებელი კონტრაქტს აღარ გააგრძელებს.

    "ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, ზოგთან ისევ ვაპირებთ კონტრაქტის გაგრძელებას, ზოგს ახალი სეზონიდან ახალ გადაცემებში დავასაქმებთ, ამიტომ ზუსტი ციფრის დასახელება გამიჭირდება",- აღნიშნა ჭანტურიამ.

    ამასთან, გაირკვა, რომ გაურკვეველი ვადით შეწყდება “პირველი კავკასიურის” მაუწყებლობაც.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარს"იმედის" ხელმძღვანელობაში ისევ ცვლილებებია(01.06.2010)
    ინტერპრესნიუსი

    "ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპის" გენერალური დირექტორის მოადგილის, ეკა წამალაშვილის განცხადებით ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობაში ცვლილებებია.

    წამალაშვილის ინფორმაციით, ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, ოთარ ბუბაშვილის ნაცვლად, თემურ ხუბულავა დაინიშნა. ხუბულავა "იმედში" იმ დროსაც მუშაობდა, როდესაც ტელეკომპანიის მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი იყო.

    "ხუბულავა ამ დრომდე ტელეკომპანიის ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი იყო. ეს ტელევიზია სწორედ მისი აწყობილია და სატელევიზიო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ასევე, თანამდებობა დატოვა ბაკურ ლაშქარავა, რომელიც ჰოლდინგის ხელმძღვანელის - გიორგი არველაძის მოადგილე იყო", - აღნიშნა ეკა წამალაშვილმა.

    მისივე ინფორმაციით, ოთარ ბუბაშვილი და ბაკურ ლაშქარავა უცხოეთში სასწავლებლად გამგზავრებას ჯერ კიდევ გასულ წელს აპირებდნენ, თუმცა, გამგზავრება ერთი წლით გადადეს და ტელეკომპანია "იმედს" ეხმარებოდნენ.

     წამალაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ ლაშქარავას თანამდებობა ჯერ ვაკანტურია. წამალაშვილის ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა ბიძინა ბარათაშვილმაც, რომელიც მმართველ საბჭოს ხელმძღვანელობდა. ბარათაშვილის თანამდებობაც ვაკანტური რჩება.

     "სხვა დონეებზე საკადრო ცვლილებები კი, ჯერ არ იგეგმება", - განაცხადა ეკა წამალაშვილმა.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსძიძიგური "იმედის" და "რუსთავი 2"-ის დაჯარიმებას ითხოვს(20.05.2010)
    მედიანიუსი

    ეროვნული საბჭოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური ცესკოს ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ წინააღმდეგ სადამსჯელო სანქციების გატარებას სთხოვს.

     

    ძიძიგურმა მიზეზად მერობის კანდიდატების საარჩევნო კამპანიის არათანაბარი ბალანსით გაშუქება დაასახელა. მისი თქმით, საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში სახელისუფლებო მერობის კანდიდატთან და სხვა კანდიდატებთან შედარებით მის გამოსვლას ძალიან მცირე საეთერო დრო ეთმობა.

     

    „ჩვენ შეგვაქვს საჩივარი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ვითხოვთ ამ ტელკომპანიების დაჯარიმებას კანონით გათვალისწინეული წესით და ვითხოვთ პარიტეტის აღდგენას. ეს დოკუმენტაცია, რომელსაც ჩვენ ცესკო-ში შევიტანთ, გადაეგზავნება ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შესაბამის სტრუქტურებს“, _ განაცხადა ძიძიგურმა.

     

    მისივე თქმით, თუ ცესკო შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღიებს, მაშინ ამ ტელეკომპანიას სასამართლოში უჩივლებს.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსხოფერია და სანაია "პირველ არხზე" გადაცემას ამზადებენ(18.05.2010)
    პირველი

    მაისის ბოლოს "პირველი არხის" ეთერში ეკა ხოფერია და ვახო სანაია გამოჩნდებიან. როგორც "პირველი არხის" პრეს-სამსახურის უფროსმა ანი ლაღიძემ "პირველს" განუცხადა, "ვახო სანაიას რეპორტაჟი" ეთერში 29 მაისიდან ყოველ შაბათს, 20:30 სთ-ზე გავა.

     

    "გაშუქდება მსოფლიოში მიმდინარე საინტერესო მოვლენები, ლიდერთა გადაწყვეტილებები, პროცესები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაზე ახდენენ გავლენას", - განაცხადა ლაღიძემ.

     

    მისივე ინფორმაციით, რეპორტაჟების გარდა, გადაცემაზე მიწვეულნი იქნებიან სტუმრები და იგი დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდება.

     

    "ეკა ხოფერიას აუდიტორიას" კი 25 მაისიდან არაუგვიანეს 1 ივნისისა უნდა ველოდოთ. გადაცემა ეთერში ყოველ სამშაბათს, 23:00 საათზე გავა და აქტუალური სოციალურ-შემეცნებითი საკითხები გაშუქდება. "პროექტის მიზანია საზოგადოების ინფორმირება და ჩართულობა საქართველოსათვის მნიშვნელოვან საკითხებში", - განაცხადა ანი ლაღიძემ.


    Copyright © 2006-2010 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter