სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რატომ პასუხობს ესპანურად დიმიტრი ჩიგრინსკი რუსულად მოსაუბრე იაია ტურეს
    მამუკა ნაცვალაძე
    23.09.2009

    როგორც ჩანს, კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი კმაყოფილი დარჩა ჩიგრინსკის გარჯით წინა ტურის შეხვედრაში გასვლაზე "ხეტაფესთან", სადაც "ბარსამ" იმარჯვა 2:0. ის მატჩიც უკრაინელმა ლეგიონერმა სრულად ითამაშა.
    ამჯერად ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ტრიუმფატორმა საკუათრ მოედანზე მადრიდის "ატლეტიკო" მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა 5:2. საგულისხმოა ისიც, რომ მატჩის 41-ე წუთისთვის მასპინძლები 4:0-ს იგებდნენ.
    ჩიგრინსკიმ სპეციალისტთა შეფასებით ათბალიანი სისტემით 5,5 ქულა დაიმსახურა.
    - რა განცდა გაგიჩნდა, როცა გვარდიოლამ გამცნო, რომ "ატლეტიკოს" წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში მოგიწევდა გამოსვლა?
    დიმიტრი ჩიგრინსკი: თავი ზღაპარში მეგონა, ეს მართლაც დაუვიწყარი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, საგანგებოდ ვემზადებოდი "ნოუ კამპზე" დებიუტისთვის, არ დავმალავ იმასაც, რომ ცოტა ვღელავდი. თუმცა, ყველაფერი თავის ადგილას დადგა, როცა თამაში დაიწყო. შეხვედრა დამაჯერებლად დავიწყეთ.
    უდიდესი სიამოვნება განვიცადე ჩემი თანაგუნდელების თამაშით. "ბარსა" საკმაოდ კარგად აწყობილი მექანიზმია. სასიამოვნოა, რომ პირველივე ტაიმში მოვიპოვეთ აშკარა უპირატესობა, რაც შედეგშიც აისახა. საკმაოდ მომხიბვლელი იყო გულშემატკივრის თანადგომა.
    ეს იყო ჩემი მეოთხე სტუმრობა "ნოუ კამპზე", ადრე ორჯერ მაყურებლის სტატუსით ვიყავი აქ, ერთხელაც ფეხბურთელის რანგში გამოვედი მოედანზე. პირველად გასულ წელს აღმოვჩნდი ამ არენაზე "ბარსელონა" "ვალენსიას" თამაშზე, ის შეხვედრა "ბარსამ" მოიგო 4:0.
    "შახტარი" რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა ბარსელონაში ჩემპიონთა ლიგის მატჩის გასამართად. "ვალენსიასთან" დაპირისპირება სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა, არ გამიშვია ხელიდან საშუალება და ვნახე ჩვენი მომავალი მეტოქის თამაში.
    პირველად "ნოუ კამპის" გაზონზე "შახტარის" შემადგენლობაში გამოვედი, როცა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი ვითამაშეთ. ის თამაში 2:3 წავაგეთ, ამ შეხვედრას არ გამოუწვევია დიდი ინტერესი კატალონიელ გულშემატკივრებში. დამამახსოვრდა ნახევრად ცარიელი ტრიბუნები და "შახტარის" გულშემატკივართა ქომაგობა.
    კიდევ ერთხელ ვესტუმრე "ნოუ კამპს" მაყურებლის რანგში "სპორტინგთან" თამაშზე. ეს შეხვედრა "ბარსელონამ" მოიგო 3:0. კონტრაქტი ახალი გაფორმებული მქონდა კატალონიურ გუნდთან, ვისარგებლე შემთხვევით და დავესწარი მატჩს. ბუნებრივია მაინტერესებდა კიდევ ერთხელ, ამჯერად როგორც "ბარსელონას" მოთამაშის რანგში გამეცნო აქ არსებული სიტუაცია.
    - "ნოუ კამპზე" დებიუტი რამდენად ჰგავს შენს დებიუტს "შახტარში"? შენ 19 წლის ასაკში მოგიწია პირველად ამ კლუბის მაისურის მორგება...
    დ.ჩ.: "შახტარის" რიგებში პირველი ორი თამაში უეფას თასზე მომიწია მას შემდეგ, რაც ზაპაროჟიეს "მეტალურგიდან" გადავედი. პირველად დონეცკელთა შემადგენლობაში საფრანგეთის "ლილისთან" გამოვედი გასვლით შეხვედრაში. ეს 2006 წლის 15 თებერვალი იყო. მთელი თამაში ჩავატარე. ის მატჩი 2:3 დავთმეთ. სახლში კი ნულოვან ფრედ დავასრულეთ თამაში.
    მატჩისწინა განცდები ორივე თამაშისას ერთნაირი იყო. ვღელავდი მაშინაც და ახლაც. თუმცა, მოედანზე განვითარებულ მოვლენებს თუ შევადარებთ, ახლა თამაშის მსვლელობამ ყველაფერი თავის კალაპოტში მოაქცია, დამაჯერებლად ვუტევდით მეტოქეს და ეს ანგარიშშიც ავსახეთ.
    საფრანგეთში კი საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იყო. 2:3 თავად მიანიშნებს თუ რა მწვავე დაპირისპირება გახლდათ. კარგად მახსოვს საპასუხო შეხვედრისას არსებული ატმოსფერო დონეცკის სტადიონზე. თუმცა, ყველაფერი მახსენდება არცთუ ხალისიანად, რამდენადაც იმ დღეს ჩვენ ვერ შევძელით უეფას თასის მეოთხედფინაში გასვლა, არადა, ამის შესანიშნავი შანსი გაგვაჩნდა.
    ჩემპიონატში "შახტარის" შემადგენლობაში დებიუტი "ტავრიასთან" მქონდა. ის შეხვედრა ფრედ დასრულდა 1:1. ასე რომ, თუ ჩემს პირველ სამ შეხვედრას გავიხსენებ "შახტარში", მასთან შედარებით "ბარსელონაში" დებიუტი საკმაოდ წარმატებულია - აქ ორი შეხვედრა მაქსიმალური შედეგით დავასრულეთ.
    - თითქმის არავინ ელოდა, რომ "ბარსელონაში" ჯერ კიდევ "ხეტაფესთან" გასვლითი მატჩისას გამოჩნდებოდი. თუ დაურეკე შენს მშობლებს, როცა გვარდიოლას გადაწყვეტილება გაიგე?
    დ.ჩ.: არა, არ დამირეკავს. როცა თამაშამდე ცოტა დრო რჩება, არ მიყვარს ვინმესთან დარეკვა და იმის თქმა - ვთამაშობ თუ არა. ბუნებრივია, მწვრთნელის გადაწყვეტილება ჩემთვის ამაღელვებელი გახლდათ, ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ოპტიმალურ ფორმაში ვყოფილიყავი და გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შემეტანა.
    - სულ ათიოდე დღეა, რაც გუნდთან ერთად ვარჯიშობ. ყველაზე მეტად რამ გაგაოცა?
    დ.ჩ.: ყველაზე მეტად ამღელვა იმ ატმოსფერომ და მოთამაშეებს შორის დამოკიდებულებამ, რაც გასახდელშია. ეს მართლაც ფანტასტიკურია. ყველა იღიმება, ხუმრობს, ეს ყველაფერი კი გარკვეულწილად დამაჯერებლობას გმატებს. ამიტომაც ვგრძნობ, რომ ადაპტაციას მალე მოვახერხებ ამ შესანიშნავ კოლექტივთან. ეს კი ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის.
    - გარდა ამისა, საგულისხმოა ისიც, რომ იაია ტურე თავისუფლად საუბრობს რუსულად...
    დ.ჩ.: კი ეს ასეა (იცინის)... ის მართლაც კარგად საუბრობს რუსულად, მაგრამ მე მირჩევნია ესპანური ვისწავლო, იმისათვის რათა სრულფასოვანი ურთიერთობა შევძლო ჩემს თანაგუნდელებთან. ამიტომაც ვცდილობ რუსულად არ ვილაპარაკო. ვამჯობინებ ყველა ესპანურად მესაუბროს, იმისთვის რომ მალე ავითვისო ეს ენა.
    - გასულ სეზონში "ბარსელონას" შემადგენლობაში თამაშობდა ბელორუსი ალექსანდრე გლები. მან ორიოდე სიტყვა ძლივს ისწავლა ესპანურად, კატალონიურად კი უფრო ნაკლები. ჩანს შენ სულ სხვა მენტალიტეტის ადამიანი ხარ...
    დ.ჩ.: ჩემს შემთხვევაში ეს არ მოხდება. ესპანურს საკმაოდ სერიოზულად ვსწავლობ და იმედი მაქვს, რომ სულ მალე ჩემი აზრის გამოთქმასაც შევძლებ ამ ენაზე. ენების სკოლა "ბერლიცში" დავდივარ და უკვე ვგრძნობ მნიშვნელოვან პროგრესს. მინდა მალე შევითვისო ესპანური, რომ მერე კატალონიურის შესწავლასაც შევუდგე...
    - რას ელი "ბარსასგან" მიმდინარე სეზონში?
    დ.ჩ.: ეს გუნდი ყოველთვის პრეტენზიას აცხადებს ტიტულების მოპოვებაზე. "ბარსამ" სულ ახლახანს დაასრულა შესანიშნავი სეზონი. მაგრამ ფეხბურთში არა აქვს ზღვარი სრულყოფილებას და ახლა ახალი ტიტულებისა და მწვერვალების დაპყრობაზე ფიქრობს გუნდი. ამისთვის კი ყოველდღიური შრომაა საჭირო... ეს კარგად არის გაცნობიერებული გუნდის თითოეულ წევრში. ვხედავ, რომ საწვრთნელი პროცესისას ბიჭები ბოლომდე იხარჯებიან და ამას საკმაოდ ხალისანადაც აკეთებენ, რაც საკმაოდ მისაბაძია ჩემთვის

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter