სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    პიპოს სამოცდამეათე, კასილასის მეასე და გრაფიტეს შეჭმული რუსის ჯარი
    მამუკა ნაცვალაძე
    18.09.2009

    მოგებით დაიწყეს ფავორიტებმა - "რეალმა" გასვლაზე "ციურიხს" სძლია 5:2, "ჩელსიმ" კი "სტემფორდ ბრიჯზე" "პორტუსთან" მინიმალური სხვაობით იმარჯვა - 1:0. ამავე ანგარიშით გასვლაზე მოიგო "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბეშიქთაშთან", ასევე სტუმრად ჩატარებული შეხვედრა მოიგო "მილანმა", რომელმაც "მარსელი" დაამარცხა 2:1.
    დღის მოვლენა გახლდათ "ვოლფსბურგის" თავდამსხმელის - გრაფიტეს ჰეთ-თრიკი, რითაც გერმანელებმა რუსი არმიელები გაანადგურეს. პიპო ინძაგიმ თავისი დუბლით ჩემპიონთა ლიგაში უკვე 70 გოლი მიითვალა და ამ მაჩვენებლით რაულსა და გერდ მიულერს გაუთანაბრდა.
    საიუბილეო დღეები აქვს "რეალის" მეკარე იკერ კასილასს, რომელმაც ლიგაზე მე-100 მატჩი ითამაშა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ უკანასკნელმა 10 სექტემბერს ესპანეთის ჩემპიონატში დებიუტიდან მეათე წელი მიითვალა.
    ბებერმა პიპომ ფრანგებს გადაუარა
    იტალიურმა "მილანმა" ჩემპიონთა ლიგა "მარსელში" გასვლითი მატჩით დაიწყო. გასული წარუმატებელი საერთაშორისო სეზონის შემდეგ ადრიანო გალიანის გუნდს განსაკუთრებული მოტივაცია აქვს. ამიტომაც მოსალოდნელი იყო, რომ პირველივე შეხვედრაში იტალიელები შეეცდებოდნენ თავიანთი უპირატესობის დემონსტრირებას. ფილიპო ინძაგის დუბლი საკმარისი აღმოჩნდა ამ მიზნის მისაღწევად, რამაც "სან სიროს" ბინადართ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
    დიდიე დეშამი ("მარსელის" მთავარი მწვრთნელი): "მილანს" ჩვენთან თამაშისას მომენტები არ შეუქმნია, ის ეპიზოდები, როდესაც გოლები გავიდა, შეიძლება უფრო ნახევარმომენტები ვუწოდოთ, ვიდრე რეალური საგოლე მომენტები.
    ასე გავიდა ორი გოლი ჩვენს კარში, მართლაც სამწუხაროა... არადა ჩვენ პრესინგს მივმართავდით და საკმაოდ ახლოს ვიყავით იმასთან, რომ მეტოქის კარში მეორე ბურთი გაგვეტანა. მტკივნეულია ასეთი წაგება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ იტალიური კლუბის წინააღმდეგ თამაშისას ყოველთვის არის ხოლმე მომეტებული რისკი.
    დამახასიათებელი ფაქტია, რომ მეტოქე ხშირად იყენებს ერთ მომენტს, რაც მნიშვნელოვანწილად გადამწყვეტი ხდება თამაშის საბოლოო შედეგის თვალსაზრისით. ჩვენ, ძველებურად არ გვეყო გამოცდილება, თუმცა ვიტყვი იმასაც, რომ დღევანდელი თამაში გვაძლევს იმედს, რომ უკეთესი შედეგი გვექნება დარჩენილ შეხვედრებში.
    მიუხედავად იმისა, რომ ინძაგი საკმაოდ ასაკოვანია, მას მაინც არ დაუკარგავს გოლის გატანის ალღო. მე ვეუბნებოდი ჩემს ფეხბურთელებს, რომ პიპო, როგორც წესი, მცველებს შორის იკავებს ადგილს. მას შეუძლია გამოიყენოს თავისი ძლიერი მხარე. ის დარბის, იბრძვის და გოლებსაც იტანს."
    ფილიპო ინძაგი ("მილანის" თავდამსხმელი): "ჩემი წარმატების მთავარი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ თამაშისას სიამოვნებას განვიცდი. ყოველთვის ვცდილობ გამოვიყენო ასეთი შანსი, რაც დღეს მქონდა. ორი თვის განმავლობაში სრულად არცერთი მატჩი არ მითამაშია.
    თამაშის წინ იმის შიშიც მქონდა, რომ საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი, რამდენადაც არ მქონდა სათამაშო პრაქტიკა. ასე რომ, განსაკუთრებულად მიხარია, რომ შევძელი ასეთი მნიშვნელოვანი თამაშისას ორი გოლის გატანა.
    მინდა ყოველთვის მზად ვიყო, როცა გუნდს ჩემი დახმარება დასჭირდება. ჩვენს ასაკში მართლაც ორმაგად სასიამოვნოა ასე წარმატებულად თამაში. ეს განსაკუთრებულ თავდაჯერებულობას მმატებს, შემიძლია საქმით დავამტკიცო, რომ "მილანისთვის" კვლავაც შემიძლია სარგებლობის მოტანა.
    დღეს 70-ე გოლი გავიტანე ჩემპიონთა ლიგაში. ნებისმიერ მოთამაშეს თავისი მახასიათებელი გააჩნია, განსაკუთრებულად მოხარული ვარ, რომ მეტად სასიამოვნო კომპანიაში ვიმყოფები რაულსა და გერდ მიულერთან ერთად. გარდა ამისა, ვერ ვმალავ სიხარულს იმის გამოც, რომ კლუბის ისტორიაში საუკეთესო მეგოლე ვარ ჩემპიონთა ლიგაში, არადა ჩემს გუნდში "მილანში" ისეთი აღიარებული თავდამსხმელი თამაშობდა, როგორიც მარკო ვან ბასტენი გახლდათ."
    ხუანდეს არმიას ერთი მგელიც ეყო...
    ჩემპიონთა ლიგაზე რუსეთის ცსკა-ს პირველი მატჩი "ვოლფსბურგთან" ჰქონდა გასვლაზე, "მგლებმა" დამაჯერებლად ითამაშეს და "რეალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, აწ უკვე ცსკა-ს დამრიგებელი ხუანდეს შეგირდები გრაფიტეს ჰეთ-თრიკით დაამწუხრეს 3:1 და მნიშვნელოვანი სამი ქულა მიითვალეს.
    ხუანდე რამოსი (ცსკა-ს მთავარი მწვრთნელი): "ეს ჩემპიონთა ლიგის ტიპიური თამაში გახლდათ, ჩვენ ურიგოდ არ დაგვიწყია მატჩი, ბურთს ვაკონტროლებდით საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. ამის შემდეგ სამი ინდივიდუალური შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ კიდეც. არ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი თამაშებისას მსგავსი უყურადღებობა. ამის წყალობით გრაფიტეს მიეცა იმის შანსი, რომ სამჯერ საკმაოდ მშვიდად აეღო ჩვენი კარი.
    ძნელია იმსჯელო რამდენად მართებულად მოიქცა მსაჯი, როცა პენალტი დანიშნა, ამ დროს საკმაოდ შორს ვიყავი მოქმედების ადგილიდან, თუმცა, იმას კი ვიტყვი, რომ არბიტრი განსაკუთრებულად დაუნდობელი იყო ჩვენს მიმართ. ჯარიმის დროს ხომ აკინფეევი სრულად აკონტროლებდა ბურთს. იყო თუ არა პენალტი, ვიმეორებ ამის თქმა ძალიან ძნელია.
    გრაფიტეს შესახებ მხოლოდ კარგი უნდა ვთქვა. ეს მაღალი დონის თავდამსხმელია, რომელმაც პრაქტიკულად მარტო მოიგო ეს თამაში. ვიტყვი, რომ ის მსოფლიო რანგის ფეხბურთელია."
    გრაფიტე ("ვოლფსბურგის" თავდამსხმელი): "პენალტი სავსებით სამართლიანად დაინიშნა. როცა წავიქეცი, შემბერასი მიჭერდა მაისურით. მთელმა გუნდმა საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა, ახლა ჩვენი მთავარი მიზანი - ჯგუფიდან გასვლა უფრო რეალურად ჩანს.
    ეს მართლაც განსაკუთრებული მატჩი იყო. დღევანდელი საღამო არასდროს დამავიწყდება, მსაჯს ისიც კი შევეკითხე, თუ შეიძლებოდა იმ ბურთის წაღება, რომლითაც ვთამაშობდით. მოხარული ვარ რომ სამი გოლი გავიტანე, ეს მართლაც ფანტასტიკური გრძნობაა, მაგრამ მიუხედავად მოგებისა, ჩვენ მიწაზე უნდა დავეშვათ და ღრუბლებში არ უნდა დავიწყოთ ფრენა."
    მარსელ შეფერი ("ვოლფსბურგის" მცველი): "ჩვენი კლუბისთვის ბოლო კვირები საკმაოდ რთული გამოდგა, დღეს პირველივე წუთიდან შევუტიეთ მეტოქეს, დავამტკიცეთ, რომ ჩვენი განსაკუთრებული ძლიერი მხარე შემტევი ფეხბურთია. სიამოვნება მივიღეთ თამაშიდან, ამ დამსახურებულმა მოგებამ ჩვენს თავში რწმენა შეგვმატა და ეს მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლისას, არამედ გერმანიის ჩემპიონატში თამაშის დროსაც.
    ხელიდან გაშვებული შანსები
    "იუვენტუსმა" საკუთარ მოედანზე "ბორდოსთან" დაპირისპირებისას ფრე ითამაშა 1:1 და მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა.
    ჩირო ფერარა ("იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი): "დღეს საკმაოდ მოტივირებულ გუნდს დავუპირისპირდით. პირველ ტაიმში გვქონდა პრობლემები, მეორეში კი უკეთესად ვითამაშეთ. შევძელით გოლის გატანა, თუმცა იმ მომენტში, როცა ყველაფერი ჩვენს ხელთ იყო, "ბორდოს" მივეცით უფლება, გაეთანაბრებინა ანგარიში.
    ეს ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი იყო და ამიტომაც განსაკუთრებულად გვინდოდა მოგებით დაგვეწყო ლიგა. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო თამაშებისას გვექნება იმის შანსი, რომ "ბორდოსთან" ხელიდან გაშვებული უპირატესობა ავინაზღაუროთ. მიუხედავად ამისა, მაინც განაწყენებულები ვართ, რამდენადაც დღეს საკმაოდ ახლოს ვიყავით მოგებასთან.
    განსაკუთრებულად კარგად ითამაშა ეს მატჩი ბუფონმა, ბუნებრივია ეს ჩემთვის არ ყოფილა მოულოდნელობა, ორ თუ სამ შემთხვევაში მან ჩვენი კარი აშკარა გოლისგან იხსნა. მან დიდი ხანია დაამტკიცა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა."
    "ვისენტე კალდერონზე" "ატლეტიკომ" ვერაფერი გააწყო "აპოელის" შეუვალ დაცვასთან. ბუნებრივია, არ შეიძლება მადრიდულმა კლუბმა აქტივში ჩაითვალოს ფრე 0:0.
    აბელ რასინო ("ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი): "ჩვენთვის საკმაოდ რთული იყო იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც დიდი ძალებით იცავდა თავს და განსაკუთრებული ყურადღებით თამაშობდა დაცვაში. თამაშის მომატება უშუალოდ მატჩის მსვლელობისას არ გამოდგა იოლი. "აპოელი" საკმაოდ დისციპლინირებული გუნდია, რომელსაც ვფიქრობ, რომ დღეს გაუმართლა.
    მეორე ტაიმისას ბევრი მომენტი გვქონდა კარის აღებისათვის, მაგრამ გოლის გატანა ვერ შევძელით. არავის შეუძლია იფიქროს, რომ დღეს ჩვენ ორი ქულა დავკარგეთ, მაგრამ ფაქტია, რომ თუკი ჯგუფიდან გასვლა გვინდა, უნდა შევძლოთ "პორტუსა" და "ჩელსის" მოგება, რაც განსაკუთრებულად რთული ამოცანაა.
    "ჩელსი" და "ბაიერნი" მოგებით იწყებენ
    "სტემფორდ ბრიჯზე" ჯგუფის ცენტრალური მატჩი შედგა "ჩელსისა" და "პორტუს" შორის, რომლის ბედიც ანელკას მიერ 48-ე წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა - 1:0.
    კარლო ანჩელოტი ("ჩელსის" მთავარი მწვრთნელი): "კმაყოფილი ვარ თამაშის შედეგით, თუმცა, ვიტყვი იმას, რომ ჩემს გუნდს შეეძლო ეს მატჩი უკეთესადაც ეთამაშა. თამაში რთული გამოდგა, "პორტუმ" მეტად კარგი ფეხბურთი შემოგვთავაზა, ჩემი მოთამაშეები ერთგვარად დაღლილები გამოიყურებოდნენ. მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში მოვახერხეთ მნიშვნელოვანი თამაშის მოგება.
    ჩვენ ვალდებულები ვიყავით უფრო გულისხმიერად გაგვეკონტროლებინა თამაშის მსვლელობა. განსაკუთრებით მაშინ, როცა დავწინაურდით. შაბათს მძიმე შეხვედრა ვითამაშეთ, ამიტომაც სრულიად ბუნებრივია, რომ დღეს ჩვენ საუკეთესო ფორმაში არ ვიყავით. მიუხედავად ამისა, ყველაფერი გავაკეთეთ თამაშის მოგებისათვის. შემიძლია ვთქვა, რომ "პორტუ" ჩვენი ჯგუფის საუკეთესო გუნდია, ამიტომაც კმაყოფილი ვარ შედეგით."
    ჰაიფას "მაკაბისთან" გასვლითი მატჩი დამაჯერებლად მოიგო ლუიშ ვან გაალის "ბაიერნმა" 3:0, დამაჯერებლობა კი გერმანულ კლუბს 85-ე და 88-ე წუთებზე მიულერის მიერ შესრულებულ დუბლს მოჰყვა.
    ლუის ვან გაალი ("ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი): "ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულად შესანიშნავად ვითამაშეთ პირველი ტაიმი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შესვენებამდე ვერ მოვახერხეთ ვერცერთი ბურთის გატანა. მეორე ტაიმისას საკმაოდ ხშირად ვკარგავდით ბურთებს და ასევე ხშირად ვიბნეოდით, თამაშის მსვლელობისას გარკვეული კორექტივები შევიტანე, რამაც გაამართლა, ჩვენ შევძელით მეტად საჭირო გოლების გატანა მატჩის მიწურულს.


    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter