სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    როგორ მოიპოვა კარლო ანჩელოტიმ "ჩელსის" ფეხბურთელთა შორის საყოველთაო აღიარება
    მამუკა ნაცვალაძე
    28.09.2009

    მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში რუმინეთისა და სერბეთის ნაკრებების წინააღმდეგ აშკარად გამოჩნდა, რომ ანელკა მთავარი დამრტყმელი ძალაა საფრანგეთის ნაკრებისათვის.
    აღსანიშნავია ნიკოლას გამოსვლა ჩემპიონთა ლიგაზეც. დროგბას არყოფნის მიუხედავად ლონდონელებმა მაინც შეძლეს "პორტუს" დამარცხება სწორედ ფრანგი თავდამსხმელის ერთადერთი გოლით.
    "ყველა ლაპარაკობდა და წუხდა იმის შესახებ, რომ დროგბა გვაკლდა, მაგრამ ნიკოლამ დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები და გვაჩვენა თუ რა კარგად შეუძლია მომენტის დაგვირგვინება", - ამბობს ლონდონელთა კაპიტანი ჯონ ტერი "პორტუსთან" მატჩის დასრულების შემდეგ. ფრანგის გამოსვლით კმაყოფილია კარლო ანჩელოტიც, - "ბედნიერი ვარ, რომ ანელკა საუკეთესო ფორმაშია, ის დიდი მოთამაშეა".
    ათწლიანი ევროპული კარიერის განმავლობაში ანელკამ ბევრი კლუბის გამოცვლა მოასწრო. იგი გამოდიოდა "რეალში", "მანჩესტერ სიტიში", "ფენერბახჩეში"... მას ჰქონდა ჩავარდნებიც, თუმცა ანელკა ნელ-ნელა დაუბრუნდა მისთვის დამახასიათებელ ფორმას. ფრანგმა აშაფ.სწქ-ს მისცა ინტერვიუ.
    - თქვენ საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარეთ ჩემპიონთა ლიგაზე "პორტუსთან", ამას მოჰყვა გამარჯვება ლონდონურ დერბიში "ტოტენჰემთან". თქვენთვის ახლა მართლაც საუკეთესო პერიოდია...
    ნიკოლა ანელკა: ეს მართალია, ახლა ისეთი პერიოდია ჩემს კარიერაში, როგორსაც ვინატრებდი. იყო დრო, როცა კარგ შედეგს ვერ ვაღწევდი, თუმცა ამას მედგრად შევხვდი. არ შევეპუე, ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ სირთულეები დამეძლია და მიხარია, რომ ეს შევძელი კიდეც. ახლა უფრო კარგად ვაფასებ ამ მომენტს.
    "ჩელსიში" თამაშისას თითოეულ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს, საჭიროა მუდამ მზად იყო. "პორტუსთან" შეხვედრა რთული გამოდგა, განსაკუთრებით შეხვედრის ბოლო ოცი წუთი. მატჩის ამ მონაკვეთში გუნდს აშკარად დაეტყო დაღლა. მოგებისათვის საჭირო იყო ბურთის დაჭერა, ფაქტობრივად ეს გამოგვივიდა კიდეც. მნიშვნელოვანი იყო ჩემპიონთა ლიგის მოგებით დაწყება, ჩვენ მთავარი ამოცანა შევასრულეთ.
    - ყველა აღნიშნავდა დროგბას არყოფნას, თუმცა თქვენ ყველა კითხვას პასუხი გაეცით. როგორ შეაფასებთ ამ სიტუაციას?
    ნ.ა.: კარგია, რომ მის გარეშე მოგება შევძელით, თუმცა რთულია დროგბას გარეშე გამოსვლა. დიდიეს გარეშე "ჩელსი" ტაქტიკურად სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს. ჩვეულებისამებრ, მე მის უკან ვდგევარ, შუა ხაზში. პორტუგალიელებთან კი წინ ვიყავი დროგბას პოზიციაზე. მიუხედავად ამისა, ასეთი გადაადგილება არ იყო უცხო ჩემთვის, გასულ სეზონში მომიხდა ამ ადგილზე რამოდენიმე თამაში.
    - კარლო ანჩელოტის მიერ არჩეულ ტაქტიკურ სქემაში უფრო თავისუფლად გრძნობთ თავს?
    ნ.ა.: კი ეს ასეა. მე უფრო თავისუფლად ვთამაშობ. დაახლოებით ასეთი სისტემა ჰქონდათ შემუშავებული "ფენერბახჩეში", რასაც კარგად შევეჩვიე. მეტი საშუალება მაქვს დავამუშავო ბურთი, ასევე ბურთი მივიღო ისეთ პოზიციაზე, რომ დროგბას წინ აღმოვჩნდე. ასეთი პოზიცია უფრო მიმზიდველია ჩემთვის, როდესაც უფრო მეტად მიჭირავს ბურთი, მით უფრო მეტის დამტკიცების საშუალება მეძლევა.
    - რა ცვლილებები მოიტანა ანჩელოტიმ გუნდში?
    ნ.ა.: "ჩელსი" ფაქტობრივად გარდაიქმნა. ყველა კმაყოფილია ანჩელოტის მუშაობით, ისიც კი, ვინც შეცვლაზე გამოდის ბოლო წუთებში სათამაშოდ. ის უყვართ როგორც მწვრთნელი და როგორც ადამიანი. ყველას აქვს იმის იმედი, რომ ანჩელოტი გააძლიერებს "ჩელსის" და მოიმკის იმას, რასაც ჩვენს გუნდში დიდი ხანია ელიან. მან იცის რასაც აკეთებს.
    არ შეიძლება არ აღნიშნო თუ როგორ წარმოაჩენს თავის სამწვრთნელო ოსტატობას. ანჩელოტი ბევრს ლაპარაკობს, თუმცა არ აკეთებს ისეთ საქმეს, რომელიც ზედმეტად მიაჩნია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, მან "მილანთან" ერთად მოიგო სერია "ა", ორჯერ გახდა მწვრთნელის რანგში მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მფლობელი.
    - ამ სეზონში უკვე შვიდი მატჩი გამართეთ და შვიდივე გამარჯვებით დაასრულეთ. შესაბამისად პირველ ადგილს იკავებთ პრემიერლიგაში. ძნელია თუნდაც იოცნებო ასეთ სტარტზე...
    ნ.ა.: ასეთი წარმატებული გამოსვლა ფაქტობრივად წინა სეზონის გაგრძელებაა, რადგან შემადგენლობა პრაქტიკულად იგივე დარჩა. კარგად ვიცი, რომ ასეთი მაჩვენებელი იოლად არ მოდის, ეს დიდი გარჯის შედეგია.
    თითოეული მატჩი მძიმეა ჩვენთვის. გავიხსენებ "პორტუსთან" თამაშს, სადაც პორტუგალიელებმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს. ასევე "ჰალთან" და "სტოკთან", რომლებშიც გამარჯვებას ბოლო წუთებზე მივაღწიეთ. მიუხედავად ამისა, ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც გამარჯვებას აღწევ რთულ შეხვედრაში.
    განსხვავებით ამ სეზონისა, წინა წელს საკმაო ქულები დავკარგეთ საშინაო შეხვედრებში. თითოეულმა კლუბის წევრმა იცის, რომ "ჩელსი" გრანდია, თუმცა საჭიროა მუშაობის გაგრძელება, აუცილებელია კარგად აღებული სტარტი წარმატებით დავასრულოთ. ჩვენ პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვგეგმავთ როგორც ყოველთვის.
    ეს საკმაოდ რთული და გრძელი გზაა. დიდი ნაბიჯი გადავდგით "ტოტენჰემის" დამარცხებით 3:0. 4 ოქტომბერს "ლივერპულთან" გვიწევს თამაში. სწორედ ასეთ გუნდებთან გამოჩნდება უფრო მეტად ჩვენი შესაძლებლობები.
    - საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო ორი შეხვედრა რუმინეთისა და სერბეთის წინააღმდეგ გამართა და ორივე ერთნაირი ანგარიშით ფრედ 1:1 დასრულდა. სერბეთი 4 ქულით წინაა და დარჩენილ ორ მატჩში ძნელი წარმოსადგენია დათმოს ეს პოზიცია. ალბათ თქვენ პლეი-ოფში მოგიწევთ თამაში. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?
    ნ.ა.: პირადად მე დადებითად შევაფასებ საფრანგეთის ნაკრების ამ ორ შეხვედრას. სამწუხაროა, რომ გამარჯვებას ვერ მივაღწიეთ. იმედია ამას შევძლებთ დარჩენილ ორ მატჩში. ყველაზე მნიშვნელოვანია მსოფლიო ჩემპიონატზე მივიღოთ მონაწილეობა და ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, რომ ამას მოვახერხებთ პლეი-ოფის გზით. საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ამას დავამტკიცებთ კიდეც.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter